ერთია, დააფუძნო კომპანია, სულ სხვა საქმეა მისი იმ სიმაღლემდე აყვანა, რომ Microsoft-სა და Adobe-ს კონკურენტად აქციო. დიახ, საუბარია Canva-ზე, კონტენტ კრეატორების ერთ-ერთ საყვარელ პლატფორმაზე. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ მასზე გიამბობთ.
ეს ამბავი ავსტრალიელმა ანტრეპრენერმა მელანი პერკინსმა წამოიწყო. მისი მიზანი იყო შეექმნა დიზაინ-ეკოსისტემა, სადაც ერთ გვერდზე გააერთიანებდა ყველა საჭირო ფუნქციონალს და მთელი მსოფლიოსთვის გამოსადეგ ინსტრუმენტად აქცევდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2013 წელს, მელანიმ ავსტრალიაში ჩამოაყალიბა კომპანია, რათა დიზაინი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო – ლოგოების, სავიზიტო ბარათებისთვის თუ პრეზენტაციების შესაქმნელად. ხუთი წლის განმავლობაში, 30 წლის ასაკში, მან შეძლო და მიიპყრო ყურადღება, როგორც ტექნოლოგიური სფეროს ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა ქალმა დირექტორმა.
იდეა კი ბევრად ადრე გაჩნდა, როდესაც პერკინსი სულ 19 წლისა იყო. 2006 წელი იყო – ის და კლიფ ობრეხტი პერტის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მელანი დიზაინის ტიპის პროგრამებს ასწავლიდა. შეამჩნია, რომ Microsoft-ისა და Adobe-ის პროგრამები საკმაოდ კომპლექსური იყო და სურვილი გაუჩნდა, უკეთესი ალტერნატივა შეექმნა. ფიქრობდა, როგორ აეცილებინა ადამიანებისთვის დიდი დროის კარგვა ღილაკების ძებნასა და შესწავლაში. მოიფიქრა, რომ ყოველივე ეს ერთ ონლაინ პლატფორმაზე უკეთესი იქნებოდა. ობრეხტთან ერთად, მან ამ იდეაზე დაიწყო მუშაობა.
საკმაოდ მცირე რესურსებითა და ბიზნესსკოლაში მიღებული გამოცდილებით, მელანიმ და კლიფმა სატესტოდ შექმნეს სასკოლო წლის ონლაინ ჟურნალის დიზაინი. ვებგვერდი ღია წვდომაში იყო სტუდენტებისთვის, ვისაც შეეძლოთ საკუთარი პროფილის გვერდები და ტექსტები დაერედაქტირებინათ. შემდეგ კი, მელანი და კლიფი ამ ყველაფერს ბეჭდავდნენ.
იდეა წარმატებული გამოდგა და დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა პერკინსს კიდევ უფრო მასშტაბური ჩანაფიქრი აღმოაჩნდა – დიზაინ-პლატფორმა, ერთი ფანჯრის პრინციპით. ამისათვის მან ინვესტორების მოძიება დაიწყო. დიდი შანსი რამდენიმე წლის შემდეგ, 2010-ში, სან-ფრანცისკოში გამოჩნდა, როდესაც ინვესტორმა ბილ ტაიმ მოისმინა მელანის ბიზნესიდეა და თავის სანაცნობო წრესთან გადაწყვიტა მისი დაკავშირება.
დღეს, Canva 190 ქვეყნის ორ მილიარდ დიზაინერს ეხმარება კონტენტის შექმნაში. 2019 წლის ოქტომბერში, პლატფორმამ $85 მილიონიანი საინვესტიციო რაუნდი დახურა და $3.2 მილიარდად შეფასდა.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.