მართალია, Canva-ს AI ხელსაწყოებსა და ამასთან დაკავშირებულ გეგმებზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს — როგორც ამბობენ, Canva-ში რაღაც მაგიური ხდება და ეს არც ყოველთვიურ 150 მილიონ აქტიურ მომხმარებელთა რიცხვს და არც მის მიერ გამომუშავებულ ყოველწლიურ 1.7 მილიარდს შეეხება. მოკლედ გეტყვით, აპლიკაცია მეტად გაგიმარტივებთ დიზაინების შექმნის პროცესს.
Magic Studio ახალ და მეტად ფორმალიზებულ AI პროდუქტებს აერთიანებს, რაც ნებისმიერი ციფრული კონტენტის შექმნის საშუალებას მოგცემთ. სოციალური ქსელების პოსტებს სლაიდებად, ვიდეოებად ან ბლოგებად აქცევს, თანაც ამისთვის წამიც არ დასჭირდება…
„ადამიანები დილით AI-ის გამოყენების სურვილით არ იღვიძებენ. მათ უბრალოდ სურთ, როცა გაიღვიძებენ, საქმე შესრულებული იყოს, ჩვენ კი გვინდა, რომ AI ინსტრუმენტებმა რეალურად იმუშაოს, რათა მათ ამ შედეგის მიღწევაში დავეხმაროთ“, — აცხადებენ Canva-ში.
მთავარი ხელსაწყო კი Magic Design არის. ის ფერად გუგლს ჰგავს, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაწეროთ, მაგალითად: „შექმენი ვიდეო დედამიწის დღისთვის“, შემდგომ კი Canva თავისი ვიზუალური მასალების ბიბლიოთეკისკენ გაეშურება, ხელოვნურ ინტელექტსაც დაიხმარებს და მალევე რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ. ხოლო, თუ რაღაც ელემენტები არ მოგეწონებათ, ამის რედაქტირებასაც შეძლებთ.
მეტიც, კანვა ბრენდბუქსაც გაითვალისწინებს და გენერირებულ დიზაინს ავტომატურად თქვენ მიერ შეთავაზებული ფერებით შექმნის, აქ საკუთარი სურათები, ქოფი და სხვა მასალებიც შეგიძლიათ დაამატოთ…
მაგიურობა რომ ვახსენეთ, ამას Magic Studio-ს ნამდვილ მიღწევას მიაწერენ — ნებისმიერი ტიპის მედიის ნებისმიერ სხვა ტიპის მედიად ქცევაა შესაძლებელი. მაგალითად, შეგიძლიათ პრეზენტაცია ვიდეოდ აქციოთ, ვიდეო — ბლოგპოსტად და ა. შ. ასე კი აღარც Photoshop-ისა და აღარც Premiere-ის გამოყენება დაგჭირდებათ, ან ადამიანების დაქირავება, რომლებიც ამაზე იზრუნებენ. შესაბამისად, მეტად ბიუჯეტურიც გამოდის. ახალი Magic Switch ზუსტად ამას აკეთებს, თუმცა, როგორც ამბობენ, პრეზენტაციებსა და პოსტერებში იგი მაინც განსაკუთრებულია.
ცვლილებები სურათებისა და ვიდეოების რედაქტირებასაც შეეხო:
- Magic Grab – სურათების სხვადასხვა ფენას გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი არასასურველი ელემენტის მოშორება შეგეძლებათ.
- Magic Expands — AI აფართოებს თქვენს სურათს უფრო დიდი ჩარჩოს შესავსებად.
- Magic Animate — ვიდეოსა თუ პრეზენტაციის ელემენტებს მოძრაობას მატებს.
- Magic Morph — საშუალებას გაძლევთ, მცირე მითითებით ტექსტისა თუ პატარა ნიშნულების ვიზუალი შეცვალოთ.
და თუ სურათებისა და ვიდეოების სრულად გენერირება გსურთ, მაშინ Magic Media-ს უნდა მიმართოთ, რომელიც OpenAI-ის Dall-E-სა და Google-ის Imagen-ს აერთიანებს.
თუმცა ამ ფუნქციების უმეტესობაზე წვდომისთვის თანხის გადახდა მოგიწევთ. ფიქრობენ, რომ ეს Canva-ს გამოწერის ყოველთვიურ თანხას არ უნდა აჭარბებდეს, მაგრამ კონკრეტულად არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ: „მოდელის დატრენინგება ძვირი ჯდება…“. აი, რაც შეეხება იმ ხელოვანების ანაზღაურებას, რომელთა ნამუშევრებსაც Canva ეყრდნობა, აქ, სამწუხაროდ, ჩვენთვის უკვე ნაცნობი ნარატივი გრძელდება…