ასე ონლაინ რედაქტირების პლატფორმა ხელახლა განსაზღვრავს საკუთარ როლს კონკურენტულ ლანდშაფტში Adobe-ს, Microsoft-ისა და Google-ის გვერდით… ფიქრობენ, რომ ის, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, სრულიად ახალი ეპოქის საწყისი გახდება. ამიტომ, მოდით, პირდაპირ დეტალებზე გადავიდეთ: Canva რედაქტირებისა და დიზაინისთვის განახლებულ გვერდს გვთავაზობს, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს კონტენტის ხელმისაწვდომობას, შეუფერხებელ გადასვლას პროექტებს შორის და მარტივ თანამშრომლობას.
თუმცა ამ სიახლის მთავარ ნაწილად რედაქტირების განახლებულ გამოცდილებას ასახელებენ. ახალი რედაქტირების ხელსაწყოთა პანელი ინტერფეისის არასაჭირო მახასიათებლებისგან დაცლას ისახავს მიზნად და ფოკუსს ისეთი პოპულარული ხელსაწყოებისკენ მიმართავს, როგორებიცაა ერთი დაკლიკებით ფონის წაშლა და თავად Canva-ს AI-ით შეიარაღებული Magic Studio.
საწყისი გვერდი კონფიგურირებადია, რითაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, აირჩიონ მათთვის სასურველი დიზაინები, ფაილები, ბრენდის შაბლონები თუ ორგანიზაციები. გაუმჯობესებული ძიების ინტერფეისი კი ამ პროცესში დროის შემცირებასა და კრეატორებისთვის მეტი შემოქმედებითი შესაძლებლობის მიცემას გვპირდება.
Canva ახლა თავის ახალ ფუნქციებს ისე მოაწყობს, რომ დიდი მეწარმეებისთვის უნიკალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს, რომლებიც გამუდმებით წნეხის ქვეშ არიან, გამოუშვან უფრო და უფრო მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტი. მათ Canva Enterprise-ის შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანია მრავალგანყოფილებიანი ორგანიზაციების მხარდაჭერა გაუმჯობესებული ხელსაწყოებითა და ცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობებით.
Enterprise-ის გამოწერა რამდენიმე მთავარ ფუნქციას სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და სამუშაო ნაკადის გასამარტივებლადააა შექმნილი. მათ შორისაა ანგარიშების მართვის გაერთიანებული პროცესი და მეწარმის დონის დაცვის ფუნქციები. ამასთან, Canva-ს Bulk Create-ის ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად განაახლონ დიზაინები CSV და Excel ფაილების გამოყენებით, რათა გაამარტივონ მარკეტინგული მასალებისა თუ ბიზნეს დოკუმენტების მრავალი ვერსიის წარმოების პროცესი.
მეტიც, Canva კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება კონკრეტული ხელსაწყოებით, რომლებიც სპეციალურად განსხვავებულ დეპარტამენტებს მოარგო, იქნება ეს მარკეტინგის, გაყიდვების, შემოქმედებითი ადამიანებისა თუ HR-ის დეპარტამენტი. აღნიშნული მოიცავს Canva Work Kit-ს, მარტივად რომ განვმარტოთ, ინდუსტრიისთვის სპეციფიკურ ნიმუშთა კოლექციას, რომლის ბრენდირებაც მარტივად შესაძლებელია. აი, მაგალითად მარკეტინგის გუნდებს შეუძლიათ, გამოიყენონ შაბლონები კამპანიის კონტენტის კალენდრისა და სოციალური მედია პოსტებისთვის.
Canva Courses კი სამუშაო ადგილზე სწავლების შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დიზაინები ინტერაქციულ კურსებად გარდაქმნან პროფესიული განვითარებისთვის. ამავდროულად, Canva Magic Studio-ში AI ხელსაწყოების დამატებასაც აგრძელებენ, რითაც შესაძლებელია, გრაფიკები ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე მარტივად დააგენერიროთ, ბრენდის შაბლონები ერთი კლიკით აამოქმედოთ და ფოტოები AI სიზუსტით დაარედაქტიროთ.
თუმცა ეს შორეული გეგმები სულაც არ გახლავთ, მალევე იქნება ხელმისაწვდომი პირველი ერთი მილიონი მომხმარებლისთვის, გლობალურად კი აგვისტოში ჩაეშვება.