Canva თუ აქამდე მომხმარებლებზე მორგებული ინტერფეისი იყო, ახლა ვიგებთ, რომ ყველაზე სტრატეგიულ ნაბიჯს დგამს — ბოლო შენაძენით, რომელიც კომპანიას თითქმის 380 მილიონი დოლარი დაუჯდა, Canva-მ ბრიტანული პოპულარული პროფესიონალური დიზაინის პროგრამა Affinity იყიდა. და თუ აქამდე შემოქმედებითი პროგრამირების ბაზარზე Adobe „მეფობდა“, ახლა რაღაცები შეიძლება, შეიცვალოს.
მართალია, Canva-მ თავისი თავის პოზიციონირება მოახდინა, როგორც დამწყებებისა და მოყვარულების პლატფორმა, მაგრამ Affinity-ის შესაძლებლობები ისეთ ფუნქციებს სთავაზობს მას, რომლებიც Adobe-ს Photoshop-ს, Illustrator-სა და InDesign-ს გაუწევს კონკურენციას, თუნდაც Affinity Designer-ის Photo-სა და Publisher-ის მეშვეობით. მეტიც, ამ შენაძენმა, შესაძლოა, Canva-ს საშუალება მისცეს, Adobe Express-საც უფრო ეფექტურად გაუწიოს კონკურენცია.
ამ შენაძენს კანვას თანადამფუძნებელი კლიფ ობრექტი „ყველა დიზაინერის გაძლიერების გზად“ მიიჩნევს, რომლებიც მომხმარებელთა ბაზასა და პროფესიონალური დიზაინის მოთხოვნებს შორის არსებულ სიცარიელეს შეავსებს.
„ბოლო ათწლეული კანვაში ფოკუსირებული ვიყავით იმ ადამიანების 99%-ზე, რომელთაც დიზაინის ტრენინგი არ ჰქონდათ გავლილი, თუმცა დიზაინის სამყაროს გაუმჯობესება მოიცავს პროფესიონალი დიზაინერების გაძლიერებასაც. Affinity-სთან ძალების გაერთიანებით, მოხარულები ვართ, რომ ვხსნით შესაძლებლობებს დიზაინერთა სრული სპექტრისთვის ყველა დონეზე“, — აცხადებს ობრექტი.
ამგვარად, კომპანია პროფესიონალ ხელსაწყოებს შესთავაზებს მეწარმე მომხმარებლებსა და ბიზნესებს რამდენიმე მომხმარებლით, რაც პროფესიონალ დიზაინერებსაც მოიცავს. თუმცა რამდენად ეფექტურად შეძლებს Canva Affinity-ის ხელსაწყოების დანერგვას, ეს გადამწყვეტი ფაქტორი იქნება Adobe-სთვის კონკურენციის გაწევისას.
ამჟამად კანვა Freemium მოდელს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ფუნქციები უფასოა, მაგრამ პრემიუმ ხელსაწყოებზე გარკვეული თანხის გადახდაა საჭირო. Affinity-ისთვის კი თანხის ერთჯერადად გადახდაა საჭირო. ამიტომ, ჯერ გაურკვეველია, როგორ გეგმავს Canva Affinity-ის მომხმარებლების მონეტიზაციას…