in

Canva პროფესიონალებისთვის ახალ ეკოსისტემას ქმნის – 100-ზე მეტი ახალი ფუნქცია

Canva-მ Canva ProSuite წარადგინა – ახალი შეთავაზება, რომელიც მის ოთხ პროფესიონალურ ხელსაწყოს: Affinity-ს, Cavalry-ს, Flourish-სა და Leonardo-ს ერთ ეკოსისტემაში აერთიანებს. ოთხივე აპლიკაციაში, ჯამში, 100-ზე მეტი ახალი ფუნქცია გამოჩნდება.

ეს Canva-სთვის მიმდინარე თვეში (სექტემბერი, 2026) უკვე მეორე მასშტაბური განახლებაა. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ Visual Suite-ის ახალი შესაძლებლობები წარადგინა, ამჯერად კი ყურადღება პროფესიონალ მომხმარებლებზეა გადატანილი: დიზაინერებზე, ანიმატორებზე, ფოტოგრაფებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მომუშავე კრეატორებზე.

Affinity უფრო მოქნილი ხდება

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე Blend Tool-ია – ფუნქცია, რომლის დამატებასაც Affinity-ს მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. მომხმარებელს შეუძლია აკონტროლოს, სად დაჩქარდეს ან შენელდეს ვიზუალის გარდაქმნა და როგორ განაწილდეს ელემენტები. ვექტორულ დიზაინში ასეთი სამუშაო ხშირად საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ ახალი ფუნქცია პროცესის დასაჩქარებლად შეიქმნა.

Affinity-ს ასევე ემატება განახლებული Mask Tool, 3D-მოდელების მხარდაჭერა და INDD Import, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ძველი InDesign ფაილების პირდაპირ გადმოტანა შეეძლებათ. ეს განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც Adobe-ის ეკოსისტემიდან Affinity-ზე გადასვლას განიხილავს.

ფოტოგრაფებისთვის განახლდა RAW engine, დაემატა ფაილების ჯგუფურად იმპორტი და ფერის პარამეტრების ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა. 

Affinity-ში ასევე იქნება Astrophotography Studio და scripting-ის მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს განმეორებადი მოქმედებების ავტომატიზების საშუალებას მისცემს. ხოლო Claude-ის AI connector-ის გამოყენებით ავტომატიზაციის აღწერა ჩვეულებრივ ენაზეც იქნება შესაძლებელი, კოდის დაწერის გარეშე.

Cavalry-ს 50-ზე მეტი სიახლე ემატება

Canva-ს motion design ხელსაწყო, Cavalry, 50-ზე მეტ ახალ ფუნქციასა და გაუმჯობესებას გვპირდება.

მათ შორისაა ახალი ფილტრები, გაუმჯობესებული ფორმები და განახლებული Graph Editor.

AI-შესაძლებლობებიც ფართოვდება: Cavalry-ში გამოჩნდება Remove Background, Generate Vector და Image to Layers ინსტრუმენტები. თანაც მალე Cavalry-ში შექმნილი ანიმაციის ცალკეული ელემენტების, მაგალითად, ტექსტისა და ფერის შეცვლა პირდაპირ Canva-ში იქნება შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ motion designer-ს შეუძლია ერთხელ შექმნას სრულყოფილი, ბრენდზე მორგებული ანიმაცია, შემდეგ კი ცალკეული ელემენტების შესაცვლელად სხვა თანამშრომლებს გადასცეს. ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს დიზაინერსა და გუნდს შორის მუდმივი მიმოწერა და ადაპტაციის მოთხოვნები.

ამრიგად, Canva ბაზარზე ძლიერ ეკოსისტემას აწყობს, რადგან მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტით გაჯერებულ ინდუსტრიაში პროფესიონალური უნარები და ხარისხიანი შესრულება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ მიდგომის მთავარი იდეა ისაა, რომ პროფესიონალებს სხვადასხვა ამოცანისთვის ცალკე პლატფორმებს შორის გადართვის ნაცვლად, სამუშაოს შესრულება Canva-ს ეკოსისტემაში შეეძლოთ.

„ქომაგობა არ ჩერდება“ – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს

რატომ მოაქვს Instagram-ზე კრეატორების მიერ გამოქვეყნებულ კოლაბორაციულ კონტენტს საუკეთესო შედეგი