in

4 უნარი, რომელიც საოპერაციო ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს

გიფიქრიათ, რატომ აღწევს ზოგიერთი კომპანია წარმოუდგენელ წარმატებას, მაშინ როცა სხვები, ზუსტად იმავე მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ერთ ადგილას იყინებიან? ავიღოთ საბანკო სექტორი: HSBC, Bank of America, American Express, Citi, NatWest და Westpac – ყველამ დანერგა Lean, Six Sigma და სხვა მსგავსი პრაქტიკები. თუმცა, შედეგები რადიკალურად განსხვავებულია. ზოგმა ბაზრის წილიც გაზარდა და მომხმარებელთა კმაყოფილებაც, ზოგი კი სტაგნაციას განიცდის.

წლების განმავლობაში, ოპერაციული ეფექტიანობა მენეჯმენტის ოქროს სტანდარტად ითვლებოდა. თუმცა, დღევანდელ ჰიპერდინამიკურ და ციფრულ ეკონომიკაში მხოლოდ ტრადიციულ, იზოლირებულ პრაქტიკებზე ფოკუსირება აღარ კმარა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მთავარი განსხვავება თავად მეთოდებში კი არა, იმაშია, თუ როგორ ავითარებენ ორგანიზაციები ე.წ. კუმულაციურ უნარებს. ეს არის ურთიერთდაკავშირებული შესაძლებლობების ჯაჭვი, რომელთა ეტაპობრივი, მიზანმიმართული შენება კომპანიას ეხმარება, წინასწარ განჭვრიტოს მოვლენები, მოერგოს გარემოს და სტრატეგიულად განვითარდეს. ტოპ-მენეჯერებთან ჩაწერილი 108 ინტერვიუსა და შიდა პროცესების ანალიზის შედეგად, ოთხი ძირითადი უნარი გამოიკვეთა: აღმოჩენა, გაუმჯობესება, სინქრონიზაცია და ტრანსფორმაცია.

ყველაზე საინტერესო კი ის აღმოჩნდა, რომ კომპანიები, რომლებმაც ეს ოთხივე უნარი განავითარეს, სტაბილურად უსწრებდნენ კონკურენტებს. ვნახოთ, რას გულისხმობს თითოეული მათგანი:

დაინახეთ ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ

ეს არის ორგანიზაციის უნარი, მუდმივად „დაასკანიროს“ და გააანალიზოს როგორც შიდა პროცესები, ისე გარე სიგნალები. ეს კომპანიებს ეხმარება, პრობლემები და ახალი ტენდენციები მანამ დაინახონ, სანამ ისინი კრიზისად იქცევა.

ისწავლეთ მუდმივად

განვითარება მოიცავს აღმოჩენილ პრობლემებზე სტრუქტურირებულად რეაგირებას. ეს გულისხმობს მუდმივ ექსპერიმენტებსა და თანამშრომლების აქტიურ ჩართულობას.

დააკავშირეთ დეტალები ვრცელ სურათთან

ეს უნარი აღნიშნავს ყოველდღიური საოპერაციო ცვლილებების კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიასთან დაკავშირებას. იზოლირებული, ლოკალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, წარმატებული ორგანიზაციები ისე აწყობენ სისტემებს, რომ ერთ განყოფილებაში შექმნილი ეფექტური პრაქტიკა მარტივად ადაპტირებადი იყოს ბიზნესის სხვა ნაწილებშიც.

იყავით მზად რადიკალური ცვლილებებისთვის

ტრანსფორმაციის უნარი ნიშნავს ორგანიზაციის მზაობას, შეცვალოს ბიზნესმოდელები და უხელმძღვანელოს დისრუპციულ ცვლილებებს. ეს მხოლოდ ახალი ტექნოლოგიის დამატებას არ გულისხმობს; საუბარია მუშაობის პრინციპების სრულ გადააზრებაზე ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ.

კვლევისას გამოჩნდა, რომ სუსტი შედეგების მქონე ბანკში ხარისხის კონტროლი ხელით იმართებოდა და სისტემა მხოლოდ საჩივრებისა და „დამნაშავე“ თანამშრომლების აღრიცხვას ემსახურებოდა – ეს იყო დასჯაზე ორიენტირებული კულტურა. მეორე მხრივ, ტრანსფორმაციის მაღალი უნარის მქონე ბანკებმა ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს ადამიანების, პროცესებისა და ტექნოლოგიების ახალი საოპერაციო მოდელების დანერგვით.

წყარო: HBR



Zara და John Galliano: ძველი კოლექციების ახალი სიცოცხლე

ახალი, ვინტაჟური AirPods-ები, რომლებიც კლასიკურ Macintosh-ს აცოცხლებს