in

Capo Shoes – კომფორტულ გადაადგილებაზე ორიენტირებული ბრენდი – გვანცა დარასელიას სპონტანური სტარტაპი

Startauperi
Startauperi

დაახლოებით, 2 თვის წინ, ტელეწამყვანმა – გვანცა დარასელიამ, დიმა კიტიასთან ერთად, ახალი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი –  Capo Shoes შექმნა. ერთ-ერთი მეგობრული საუბრისას, სპონტანურად შექმნილი სტარტაპი ყველაზე დიდ ყურადღებას მომხმარებლის კომფორტულ გადაადგილებას უთმობს და ბევრს მუშაობს ფეხსაცმლის კალაპოტის შექმნაზე. საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელი ფალიაშვილის 47-ში, ბრენდის შოურუმშია ხელმისაწვდომი, მისი შემქმნელები ხაზს უსვამენ ექსკლუზიური მოდელების შეკვეთის შესაძლებლობასაც. როგორია „კაპო შუზის“ პროდუქციის შექმნის პროცესი და ბრენდის ხედვა – ამ საკითხებზე მარკეტერი გვანცა დარასელიას ესაუბრა:

M: როგორ შექმენით ახალი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი და რა საჭიროება იყო ამ მხრივ ბაზარზე? 
სრულიად შემთხვევით, ჩემს მეგობარ, დიმა კიტიასთან საუბრისას, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან გათვითცნობიერებულია ფეხსაცმლის შემქნის საკითხში, რადგან მუშაობდა ამ მიმართულებით რუსეთში. გაგვიჩნდა დიდი სურვილი, დაგვეწყო ეს საქმიანობა საქართველოში. დაგვეკავებინა ის ნიშა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში შექმნილ ხარისხიან ფეხსაცმელს. ეს ინიციატივა მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით, ინდივიდუალური შეკვეთების შესაძლებლობის გაჩენის კუთხითაა საინტერესო. მეც მქონია ასეთი გამოცდილება, რომ მინდა კონკრეტული ფეხსაცმელი და ვერ ვშოულობ. ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე არ მოიპოვება. მეორე, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიღაცას უნდა მარტო მას ეცვას განსაკუთრებული და ექსკლუზიური ფეხსაცმელი. დავთანხმდი მეგობრის შემოთავაზებას და ერთად წამოვიწყეთ ეს საქმე. ძალიან მცირე დროში და დაუგეგმავად.

M: რა მასალებით ხდება „კაპოს“ ფეხსაცმლების შეკერვა და ვინ მუშაობს მათ შექმნაზე?
ატელიეში რამდენიმე ადამიანი მუშაობს ფეხსაცმლის შექმნაზე. რაც შეეხება მასალებს, ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა. ყველა ფეხსაცმელი არის უმაღლესი ხარისხის, ნატურალური ტყავისგან, ზამშესგან და სხვა მასალისგან შექმნილი. რაც მთავარია, ყველაზე მეტად ვცდილობთ, რომ მოხერხებული კალაპოტი ჰქონდეს ყველა ფეხსაცმელს. გარდა ვიზუალური მხარისა, ის იყოს კომფორტული. ყველაზე დიდი შიში ამ მიმართულებით გვქონდა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია მოიფიქროს ლამაზი ფეხსაცმელი, თუმცა, შესრულება და კომფორტულობა არის მთავარი. ჩვენ ვაკვირდებოდით პირველ მომხმარებლებს და ვინტერესდებოდით, როგორი იქნებოდა მათი შეფასება ერთი კვირის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ჩაიცვამდნენ „კაპოს“ ფეხსაცმელს. გამოხმაურებებით ვხვდებით, რომ „კაპო“ მართლა კომფორტულია, რაც ძალიან გვიხარია.

M: რატომ შეარქვით სტარტაპს „კაპო“ და შეგვიძლია, თუ არა მივიჩნიოთ თქვენი საქმიანობა დიზაინერულ საქმიანობად ? 
„კაპო“ არის იტალიური სიტყვა და ნიშნავს ბოსს, უფროსს. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავტოვეთ ეს სახელი და ვფიქრობთ, წარმატებულად მკვიდრდება. დიმა პროფესიით დიზაინერი არ არის და არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ დიზაინერული მაღაზია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ განსხვავებულს და გამორჩეულს ვქმნით და ჩვენთვის დამახასიათებელი დეტალები ყოველთვის ახლავს ჩვენს მოდელებს. ნელ-ნელა, ვფიქრობთ, მომხმარებელიც მიეჩვევა და იცნობს „კაპოს“ ფეხსაცმელებს. ვცდილობთ, რომ მეტნაკლებად გამოვიკვლიოთ ბაზარი და ამის მიხედვით შევქმნათ პროდუქტი. ძალიან ვერიდებით ქართველი დიზაინერების ანალოგების შექმნას, ეს ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ დავიცვათ ეს წესები. გვქონდა შემთხვევები, როცა მომხმარებელს უნდოდა კონკრეტული ქართველი დიზაინერის ფეხსაცმლის ანალოგის ჩვენთან შეკერვა, თუმცა, ამას არასდროს ვაკეთებთ.

M: ამ ეტაპზე, რა არჩევანს სთავაზობთ მომხმარებელს და როგორ იღებთ ინდივიდუალურ/ექსკლუზიურ შეკვეთებს? 
„კაპოს“ ატელიე გვაქვს სხვა ადგილას, თუმცა, შეკვეთების მიღება სწორედ ჩვენს მაღაზიაში ხდება, ასევე, მასალის არჩევა, მოლაპარაკება და ა.შ. თუმცა, მაინც აქცენტს ვაკეთებთ შოურუმზე, რადგან საკმაოდ ბევრი, 50 მდე მოდელი გვაქვს წარმოდგენილი ზამთრის კოლექციაში, მეტნაკლებად, განსხვავებულია ყველა და მომხმარებელიც ხშირად ირჩევს ჩვენს შოურუმში არსებული წყვილის ანალოგს.

M: რა არხებს იყენებთ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის?
პირველ რიგში, სოციალურ მედიას. როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესს, ჩვენც, ამ მიმართულებითაც გვაქვს კომუნიკაცია და ჯერჯერობით, ორიენტირებული ვართ ცნობადობის გარდაზე. როდესაც მეტი ადამიანი გაიგებს ჩვენ შესახებ, იმედი გვაქვს, ბევრი ლოიალური მომხმარებელი გვეყოლება.

M: გარდა შოურუმისა, თუ არის თქვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი ონლაინ გაყიდვის მეთოდით და როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა? 
ონლაინ გაყიდვები საიტის მეშვეობით არ გვაქვს, თუმცა, facebook-ისა და Intagram-ის მეშვეობით გვქონდა ბევრი გაყიდვა და ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა ქვეყანაში მიწოდებასაც. მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, დავამატებთ ონლაინ გაყიდვასაც. „კაპოს“ პროდუქციის ფასი, საშუალოდ, 250 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს და ვფიქრობთ, რომ ხარისხის შესაბამისად, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

M: როგორია „კაპოს“ განვითარების თქვენეული ხედვა? 
გეგმაში გვაქვს საგაზაფხულო და საზაფხულო კოლექციების შექმნა და ტურისტულად აქტიურ უბნებში, ქართული ფეხსაცმლის ბრენდის მაღაზიების გახსნა. გარდა ამისა, ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ ყველა ღონისზიებაში, რომელიც უკავშირდება ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას. გვაქვს გამოფენა #მოითხოვექართულის ფარგლებში და გვინდა ხელი შევუწყოთ ქართული ნაწარმის საქართველოშივე პოპულარიზაციას.

ფონდ ნატახტარის წარმატებული ბენეფიციარების აქტივობები სტერეოტიპების წინააღმდეგ

რას სთავაზობს „რეგუსის“ თბილისის ფილიალი მომხმარებლებს ?!