in

უნისექს სპორტული სამოსი საფეხბურთო გუნდებისა და კლუბების ბრენდირებით – ქართული სტარტაპი, CAPTAIN

„ბრენდირებული სამოსის შექმნით, გვინდოდა, ფეხბურთსა და გულშემატკივარს შორის, ამ ეტაპზე არსებული დისტანცია ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებინა“.

Startauperi
Startauperi

CAPTAIN ქართული სტარტაპ ბრენდია, რომელიც საფეხბურთო გუნდებისა და კლუბების ბრენდირებით პრემიუმ ხარისხის, ყოველდღიურ და კომფორტულ უნისექს სპორტულ ტანსაცმელს ქმნის.

ბრენდის დამფუძნებელი ბიზნეს სექტორში დასაქმებული და სპორტის დიდი მოყვარული, 29 წლის ლევან მატარაძეა, რომელსაც ყოველთვის უნდოდა, ორიგინალური, გამორჩეული და ისეთი ბრენდი შეექმნა, რომელიც სპორტის ქომაგებისთვის გულშემატკივრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს, კომფორტულსა და აღმატებულს გახდიდა.

Captain-ის შექმნის დეტალებზე თავად მის ავტორს ვესაუბრეთ:

M: ლევან, როგორ გაჩნდა იდეა და რა გახდა CAPTAIN-ის სათავეში ჩადგომის წინაპირობა?
ბრენდის შექმნის იდეა ევროპის ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად გაგვიჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის გამო, ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს აღარ აქვს შესაძლებლობა, თავის საყვარელ გუნდებს უგულშემატკივროს ისე, როგორც ადრე, ბრენდირებული სამოსის შექმნით, გვინდოდა, ფეხბურთსა და გულშემატკივარს შორის, ამ ეტაპზე არსებული დისტანცია ცოტათი მაინც შეგვემსუბუქებინა, შეგვექმნა მეტი კომფორტი და ის ემოცია გაგვემძაფრებინა, რაც მუდმივად ახლავს ფავორიტი გუნდის ქომაგობას.

M: რა პრობლემას ჭრით ბაზარზე თქვენი არსებობით?
ქართულ ბაზარზე მსგავსი საფეხბურთო ბრენდირებით პროდუქციის მწირი არჩევანია, მოთხოვნა კი ძალიან დიდი. შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეიძინონ საქართველოში შექმნილი და დამზადებული მაღალი ხარისხის მქონე სამოსი, საყვარელი გუნდის/კლუბის ბრენდირებით. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა ის ფაქტი, რომ ორიენტირებულები ვართ ხარისხის სრულყოფაზე, ამიტომ ჩვენი სამოსი პრემიუმ ხარისხისაა და 100 პროცენტით ჰიპოალერგიული მასალით მზადდება. 

M: მომხმარებლებს რა ასორტიმენტს სთავაზობთ?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ Casual მაისურებს, პოლოს მაისურებს, ჰუდებს, შორტებსა და ე.წ. ბომბერ ჟაკეტებს. 

მომავალში ვგეგმავთ პროდუქტის გამრავალფეროვნებასა და გულშემატკივრებს სხვადასხვა სახის პროდუქციას შევთავაზებთ. ჩვენი მიზანია, Მხოლოდ ფეხბურთით არ შემოვიფარგლოთ, ამიტომ ვაპირებთ კალათბურთის, ჩოგბურთისა და სხვა სპორტული ხაზების დამატებას.

M: პროდუქცია მხოლოდ თქვენი გემოვნებით მზადდება, თუ სასურველი დიზაინის შეკვეთაც შესაძლებელია?
კოლექციები ჩვენი გემოვნებით, ხედვითა და ბრენდისათვის დამახასიათებელი სტილით მზადდება, თუმცა მომხმარებლის თხოვნას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და გარკვეულ დეტალებს მათი მოთხოვნის შესაბამისად ვამატებთ, ან ვცვლით.

M: როგორ ხდება პროდუქტის რეალიზება? მიტანის სერვისი თუ გაქვთ და რა გეოგრაფიულ არეალს მოიცავთ?
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენი ფეისბუკგვერდიდან, ასევე ვებგვერდის მეშვეობით: www.captainshop.ge;

მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით გვაქვს. სამომავლოდ, ვგეგმავთ, რომ საქართველოს საზღვრებსაც გავცდეთ და პროდუქციის რეალიზაციას უფრო ფართო, მასშტაბური სახე მივცეთ.

M: რაც შეეხება ბრენდინგს, რა კონცეფცია აქვს, სახელის ამ ვერსიაზე როგორ შეჯერდით და ლოგოტიპში როგორ აისახა ბრენდის ფილოსოფია?
როგორც კი დავიწყეთ სახელზე ფიქრი, ვიცოდით, რომ აუცილებლად სპორტთან ასოცირებული უნდა ყოფილიყო და გამოეხატა რაიმე ღირებული. არჩევანი „კაპიტანზე“ შევაჩერეთ, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში კაპიტანს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, არის ლიდერი, გამორჩეული წევრი და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ვფიქრობთ, რომ კაპიტნის დახასიათება საუკეთესოდ ერგება ჩვენს ბრენდს და ახლოს არის მის შინაარსთან. რაც შეეხება ლოგოს, ინსპირაცია ფეხბურთის კაპიტნის სამკლაურიდან მოვიდა, რადგან ის ნებისმიერი გულშემატკივრის დიდი ოცნებაა.

M: როგორია სტარტაპის სრულყოფასთან დაკავშირებული გამოწვევევბი?
ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად, ვცდილობთ, ავითვისოთ რაც შეიძლება მეტი პლატფორმა, რომელიც ონლაინ გაყიდვას ეხება.

აგრეთვე, ვგეგმავთ კონცეპტუალური მაღაზიის შექმნას, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

M: იდეალურ შემთხვევაში, როგორი წარმოგიდგენიათ CAPTAIN, როგორც ბრენდი?
გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი, სულ რაღაც, 1 თვეა, რაც არსებობს, მოთხოვნის მოცულობამ გულწრფელად გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს, რამაც კიდევ უფრო დიდი მიზნები და ამბიციები გაგვიჩინა. შესაბამისად, იდეალურ შემთხვევაში, CAPTAIN წარმოგვიდგენია, როგორც მდგრადი, სტაბილური და განვითარებაზე მუდმივად ორიენტირებული UNISEX ბრენდი. ასევე, გვსურს, რომ ჩვენი სამოსი იყოს ყველასათვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი.

THE Crossroads ახალ პლატფორმას წარადგენს

„ამ შეცდომების გაცნობიერებით, დღეს ვარ ქალი მეწარმე, რომელიც სხვა ქალებს ასაქმებს“ – „წაღმა-უკუღმა“