in

Capturing Experience – ბლოგი მათთვის, ვისაც საქართველოს აღმოჩენა სურს

Capturing Experience ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავასა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნე თეონა თხელიძის მიერ შექმნილი ინგლისურენოვანი ბლოგია, რომელიც მკითხველს საქართველოში არსებული საინტერესო ადგილების: სასტუმროების, საკვები ობიექტების, ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ უყვება. ბლოგის შექმნის იდეა იზოლაციის პერიოდში გაჩნდა. შემდეგ კი, მარიამმა თავისი ფოტოაპარატით, თეონამ კი შერჩეული ადგილების წერილობითი დახასიათებებით შეკრეს პროექტი, რომელიც საქართველოში საინტერესო ადგილების კურაციას მოემსახურებოდა. უფრო დეტალურად ბლოგის შესახებ მარიამ სიჭინავას გავესაუბრეთ:

M: პირველ რიგში, საიდან გაჩნდა იდეა, შეგექმნათ მსგავსი ტიპის პროექტი

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად ვიღებდი სხვადასხვა სახის შემოთავაზებებს, სასტუმროებიდან თუ ახლადგახსნილი სივრცეებიდან, მივსულიყავი და მენახა მათ მიერ შექმნილი სიახლე.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველას და, მათ შორის მეც, ბევრი დრო გვქონდა ფიქრისთვის, დამებადა იდეა, რომელსაც, წინ უსწრებდა ერთ-ერთი სასტუმროსგან შემოთავაზება, დამესვენა მათთან. იდეის შესახებ ვუთხარი თეონას, თუ იქნებოდა მისთვის საინტერესო გაკეთებულიყო ბლოგი, სადაც ის დაწერდა, მე გადავიღებდი და ერთ ამბად შევკრავდით ამ ყველაფერს სხვა ადამიანებისთვის.

“სასტუმრო მერისი”

M: დეტალურად მოგვიყევით, კონკრეტულად რას სთავაზობს თქვენი ბლოგი მკითხველებს?

ჩვენი ბლოგი მკითხველს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს ახალი ადგილები, ან უკვე ნაცნობი დაინახოს სხვა პერსპექტივით.

ეს არ არის მეინსტრიმული ბლოგი, რომელიც ყველა ადგილსა და ყველაფერ ქართულზე იქნება. ჩვენ ვცდილობთ, წარმოვიდგინოთ საკუთარი თავები უცხო ქვეყანაში – რას ვეძებთ იქ, რა გვაინტერესებს და ამ კონცეფციით გვინდა, წარმოვადგინოთ ღირსშესანიშნავი ადგილები ჩვენი ქვეყნიდან.

რადგან ორი სრულიად სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანი ვართ პროექტში, განსხვავებული აზრებით შევეცადეთ, განგვეხორციელებინა ჩვენი მთავარი მიზანი.

არტ-ვილა გარიყულა

M: მოგვიყევით თქვენი მუშაობის პროცესიროგორ იქმნება ეს ბლოგები?

მუშაობის პროცესს აუცილებლად  წინ უსწრებს ადგილის შერჩევა.

მთავარი კითხვებია: რატომ ეს ადგილი?, რას მოგვცემს ჩვენ როგორც ვიზუალურად, ისე თხრობის პერსპექტივიდან? ამის შემდეგ უკვე მივდივართ კონკრეტულ ადგილას, ვიღებთ ვიზუალურ მასალას, ვიწერთ და ვუსმენთ მთხრობელს თუ ასეთი არსებობს. შემდეგ კი თავად ვცდილობთ მივიღოთ გამოცდილება.

ამ ყველაფრის აღწერა და ერთმანეთთან დაკავშირება კი გვაძლევს საბოლოო შედეგს, რომელიც ბლოგზე გადაინცვლებს.

მწერალთა სახლი

M: როგორ ფიქრობთ, ვისთვის/რომელი სეგმენტისთვისაა Capturing Experience? 

შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ყველასთვის, ვისთვისაც მოგზაურობა მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არსებობენ განსხვავებული პრიორიტეტის მქონე მოგზაურები და ჩვენს ბლოგზე შემოსული ნებისმიერი ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს იმოგზაუროს საქართველოში, აუცილებლად აღმოაჩენს მისთვის სასურველ პოსტს. ჩვენ ვთავაზობთ როგორც დასარჩენ ადგილებს, ისტორიული და კულტურული ადგილების შესახებ ცნობებს, ასევე ტრადიციულ გასტრონომიულ სივრცეებსაც.

თელავის ბაზარი

M: გვესაუბრეთ იმ პოტენციურ სარგებელზე, რომელიც თქვენს ბლოგს შეიძლება მოჰყვეს?

პოტენციური სარგებლის მიმღები მთავარი წყაროები სასტუმროები იქნებიან. მათ უნდა გაუჩნდეთ ჩვენთან თანამშრომლობის  სურვილი. სურვილის გამომწვევი მიზეზი იქნება პოტენციური კლიენტების გაჩენა, ესთეტიკა რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ნდობა რომელიც მკითხველთან გვექნება, რაც მათზეც დადებითი პერსპექტივით აისახება.

M: ახლა რა ეტაპზეა Capturing Experience და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარების პირველ საფეხურზე ვართ, სამომავლოდ კი ვაპირებთ, უფრო და უფრო მეტ საფეხურზე შევძლოთ ასვლა.

მთავარია, რეალურად დავეხმაროთ მოგზაურებს აღმოჩენებში და ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათთვის აღმოჩნდეს შთამბეჭდავი, რომელსაც შემდგომში ყველას გაუზიარებენ.

სასტუმრო “მონოგრაფი”

საქართველოში წარმოებული ჭკვიანი შემნახველი ყუთების გამოყენება უკვე შესაძლებელია

საფოსტო მარკებით გაცოცხლებული საქართველოს კუთხეები