10
Jan
2019

ქართული ავტოგაქირავების პლატფორმა C4R, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გასვლას გეგმავს

10 Jan 2019

Startauperi
Startauperi


C4R ახალი ავტოგაქირავების პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააქირავოს საკუთარი ავტომობილი, აკონტროლოს ჯავშნები და მიიღოს დამატებით შემოსავალი. მეორე მხრივ, ვებგვერდი/აპლიკაცია განკუთვნილია ტურისტებისთვის, რომელთაც, C4R.ge-ს გამოყენებით, სასურველ ლოკაციაზე შუძლიათ ავტომობილის მოძებნა და დაქირავება. ვებგვერდი C4R.ge რამდენიმე დღეში ამოქმედდება, მისი შემქმნელი კი გიორგი ისაკაძეა, რომლის საქმიანობაც, სასტუმროების ბიზნესის პარალელურად, ორი წელია უკავშირდება ავტოგაქირავების სერვისს. C4R.ge-ს იდეაც სწორედ ამ გამოცდილებას უკავშირდება:

სასტუმროების ბიზნესში ვარ და უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმებით ხშირად ვსარგებლობ; იქნება ეს Booking.com, Expedia, თუ Airbnb. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, რომ ამ პლატფორმების მსგავსი ვებგვერდი არსებობდეს მანქანების გაქირავებისთვისაც. მახსოვდა ისიც, რომ ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ავტოგაქირავების მიმართულებით დავიწყე საქმიანობა, იყო შემთხვევები, როცა ჩვენი მანქანები არ გვყოფნიდა და მეგობრების მანქანებს ვამატებდით. შემდეგ კი, ეს მეგობრები გვთავაზობდნენ თავიანთ მანქანებს. ეს ბიზნესი საკმაოდ მზარდი და საინტერესოა, არამხოლოდ ქართული ბაზრისთვის, ამიტომ მგონია C4R.ge სწორი და საჭირო წამოწყებაა“.

გიორგი ისაკაძე

M: საქართველოში ავტოგაქირავების კუთხით ფუნქციონირებს რამდენიმე ვებგვერდი, თუ გვერდი სოციალურ ქსელში. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა მათთან მიმართებაში?
დიახ, არის რამდენიმე ასეთი კომპანია, თუ კერძო პირი, თუმცა, მათთან შედარებით C4R.ge მოწესრიგებული სისტემაა. აქ, მანქანის გამქირავებელს თვითონ შეუძლია განცხადების ატვირთვა და გაქირავების მართვა/კონტროლი, კალენდარისა თუ სხვა ფუნქციების დახმარებით. ძირითადად, ალბათ უფრო ტურისტები ისარგებლებენ ამ სერვისით და მათ უნდათ მოწესრიგებული საიტი, ონლაინ გადახდის შესაძლებლობით. ჩვენი სერვისი, ამ ეტაპზე, შუამავლობაა გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის, თუმცა მომავალში ვგეგმავთ, შევთავაზოთ დამატებითი სერვისები, მაგალითად, როგორიცაა თვითმომსახურების გასაღების ყუთის დამონტაჟება, რაც გულისხმობს შემდეგს: თუ სამსახურიდან ვერ გადის გამქირავებელი, ანუ დრო არ აქვს კლიენტისთვის გასაღების გადასაცემად, შეუძლია მის მანქანაზე დამონტაჟებული სპეციალური ყუთით ისარგებლოს. ჩვენი სისტემა გაუგზავნის დამქირავებელს ყუთის გასაღებ კოდს და ამ გზით, გასაღების გადასაცემად არავისთან შეხვედრა აღარაა საჭირო. 

M: ხშირად, ავტოგაქირავება დაზღვევასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება. აქცევს, თუ არა C4R ამ მიმართულებას ყურადღებას, პირველ ეტაპზევე?
დიახ, ჩვენ სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ მოლაპარაკება უკვე დავასრულეთ. შესაძლოა, გამქირავებელს ჰქონდეს კიდეც მანქანა დაზღვეული, თუმცა, ჩვენი დაზღვევა მოქმედებას იწყებს ყოველ ჯერზე, იმ მომენტიდან, როცა იქირავებს ვინმე მანქანას. კლიენტმა იცის, რომ როცა ქირაობს მანქანას, სრულიად არის დაზღვეული და ეს იცის მანქანის პატრონმაც.

M: როგორია განაცხადის განთავსების პროცესი გამქირავებლებისთვის და მეორე მხრივ – მანქანის პოვნა დამქირავებლისთვის?
მანქანის მფლობელს, სპეციალური ინსტრუქციის გათვალისწინებით, შეუძლია განაცხადის ატვირთვა. ინსტრუქცია გულისხმობს 4 გარე ფოტოს გადაღებას მანქანისთვის, დამატებით 2-ის კი სალონისთვის. ასევე, უნდა მიუთითოს მისამართი, სადაც იქნება ხოლმე მანქანა და დღიური ფასი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთავაზობთ რეკომენდებულ ფასსაც, თუმცა, გამქირავებელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. განაცხადის გამოგზავნის მეორე დღეს, შემოწმების შემდეგ, ის ქვეყნდება საიტზე. დაჯავშნის შესახებ მოთხოვნასა თუ შეტყობინებას გამქირავებელი იღებს აპლიკაციის მეშვეობით. რაც შეეხება დამქირავებელს, მას მარტივად შეუძლია მისთვის სასურველ ფასში იქირავოს მანქანა, რომელიც ტერიტორიულად ახლოსაა, ამასთან, ისარგებლოს ონლაინ გადახდის სისტემით, რაც ძალიან კომფორტულია.

M: პირველ ეტაპზე, სად იქნება C4R-ით სარგებლობა შესაძლებელი და სამომავლოდ, როგორია თქვენი კომპანიის მიზნები და გეგმები?
პირველ ეტაპზე, ჩვენი სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. შემდეგ, დაემატება სხვა ტურისტული ქალაქები. თუმცა, მხოლოდ საქართველოში ფუნქციონირება არ არის ჩვენი გეგმა. ვაპირებთ, გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე. სატესტო რეჟიმში ვიქნებით საქართველოში და ყველანაირი ხარვეზის გამორიცხვის შემდეგ, მინდა გეოგრაფიული გაფართოება ლონდონიდან დავიწყო, სადაც აპარტამენტები მაქვს.

განხილვა