21
Nov
2019

1950-იანი წლების მანქანა, რომელიც კაცებმა მხოლოდ ქალებისთვის შექმნეს

21 Nov 2019

და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რაიმე ნივთი, რომელსაც კომპანია გთავაზობთ და გეუბნებათ, რომ ის მხოლოდ ქალბატონებისთვისაა, ან მხოლოდ მამაკაცებისთვის? ამაზე ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა მანამდე ერთ ისტორიას მოგიყვებით.

1955 წელს კომპანია Dodge-მა შექმნა ისეთი მანქანა, რომელსაც მხოლოდ ქალბატონებს მიყიდდნენ. დიახ, მხოლოდ ქალბატონებს! იმისათვის, რომ ავტომობილი ქალებისთვის ძალიან მიმზიდველი ყოფილიყო, ყველა დეტალის გაფორმება (ისევ განვმეორდებით, ყველა დეტალის!) ვარდისფერ ფერში გადაწყდა.

გარედან ავტომობილი ასე გამოიყურებოდა:

სალონზე მუშაობისას კი, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაითვალისწინეს და აქსესუარებიც კი, ისეთები, როგორებიცაა ქოლგა, პატარა ჩანთა და სხვა წვრილმანები, ვარდისფრად შეღებეს.

ალბათ, ახლა რა რეაქციაც გაქვთ, იგივე განიცადეს მაშინ ქალბატონებმაც და მიუხედავად იმისა, რომ მარკეტერებმა ბევრი იმუშავეს და შექმნის დღიდან მოყოლებული, კომპანიაში ეგონათ, რომ ასეთ ავტომობილზე გადაირეოდა საზოგადოება, ნურას უკაცრავად! შოურუმიდან მხოლოდ 1500 მანქანა გაიყიდა, დანარჩენს კი, უბრალოდ ძალიან სევდიანად დაედო მაღაზიის მტვერი.

ამ პატარა (მაგრამ წამგებიანმა) ექსპერიმენტმა დააფიქრა მარკეტერები (და ცოტაც სახეში შემოულაწუნა), რომ სამომავლოდ კარგად გადაეხედათ გენდერული სტრატეგიებისთვის და სწორედ ამის შემდეგ მიეღოთ სარისკო გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ავტომობილების გაყიდვას ეხება.

განხილვა