სახმელეთო გზით ტვირთის გადაზიდვა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. „სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული „კარგონი” ამ საკითხის მოგვარებას ინოვაციური პროექტითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით აპირებს. კომპანიის დამფუძნებლები ნიკო ტურაბელიძე, შალვა ჯალაბაძე, ვანო ჩალაძე არიან, რომელთა იდეამაც, „სტარტაპ საქართველოზე” გამარჯვების შედეგად, 100 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ამჟამად, პროექტი დამუშავების პროცესშია,
იქმნება აპლიკაცია, რომელიც 2017 წლის სექტემბერში ფუნქციური იქნება და ტვირთის გადამზიდებსა თუ მფლობელებს ერთ, მოხერხებულ სისტემაში გააერთიანებს. კომპანია სერვისის შეთავაზებას მთელი მსოფლიოსთვის გეგმავს. ამ ეტაპზე, შეთანხმება უკვე მიღწეულია რუსეთთან, ისეთ ქვეყნებთან კი, როგორიცაა თურქეთი და ამერიკა, მოლაპარაკებების წარმოება მიმდინარეობს. რა გამოწვევების წინაშე დგას „კარგონი”, რა ინვაციურ მიდგომას სთავაზობს მომხმარებელს და როგორი იქნება აპლიკაციის გამოყენების პროცესი – ამ და სხვა თემებზე, მარკეტერი კომპანიის თანადამფუძნებელს – ვანო ჩალაძეს ესაუბრა:
M: როგორ გაგიჩნდათ „კარგონის” შექმნის იდეა და რაში დაეხმარება ის ტვირთის გადაზიდვით დაინტერესებულ პირებს?
ვსწავლობდი ინგლისში, „ლონდონის ეკონომიკის სკოლაში”, მაქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება. მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, რამდენიმე თვე მქონდა შეხება ლოჯისტიკის სფეროსთან, გადაზიდვებთან და ვაწყდებოდი ისეთ ხარვეზებს ამ ინდუსტრიაში, როგორიცაა მანქანის მოძებნის, ფასის განსაზღვრის პრობლემა. თუ მაგალითად, საბერძნეთიდან გინდოდა რამის ჩამოტანა, აუცილებლად, ვინმე უნდა წასულიყო იქ, ან ბროკერებთან უნდა გქონოდა კომუნიკაცია, ეს პროცესი კი ხანგრძლივი და რთული იყო. დავფიქრდი, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა. Shared Economy-ს იდეა, რომელიც ეკონომიკური და სოციალური მიზნების ონლაინ ტრანზაქციების გამოყენებით მიღწევას გულისხმობს, ყოველთვის მხიბლავდა და ვფიქრობდი, როგორ შემეძლო მისი გამოყენება. გვაქვს გათვლები, რომ ამ ინდუსტრიაშიც იქნება შესაძლებელი, აღმოვფხვრათ პრობლემები ამ მეთოდით. მივუდექი სიღრმისეულად ამ საკითხს, მივხვდი, რომ მეორე მხრივ, ამ გადაზიდვებში არიან მძღოლები და მათაც აქვთ ძალიან დიდი შეფერხებები, იმაში, რომ მოიძიონ ტვირთები, შეავსონ მანქანები, მიიღონ თანხა დროულად. 
M: კონკრეტულად, რა ინოვაციურ მიდგომას/მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს და როგორი იქნება აპლიკაციის გამოყენების პროცესი?
იქმნება პლატფორმა, რომელიც ძალიან სწრაფად გააერთიანებს გადამზიდსა და გადამგზავნს. ტვირთის მფლობელი შემოდის საიტზე, ან იყენებს აპლიკაციას, ავსებს ტვირთის პარამეტრებს, ლოკაციებს, მოცულობას და ა.შ. შემდეგ აჭერს ღილაკს „მოიძებნოს მანქანა”. ჩვენი ალგორითმი ითვლის ფასს გამომდინარე იქიდან, თუ რა პარამეტრებისაა ტვირთი და რა მანძილია გასავლელი. შეტყობინება გადაეგზავნებათ მძღოლებს, წამიერად, ტელეფონებზე, აპლიკაციის საშუალებით, მძღოლის თანხმობის შემთხვევაში, ხდება გადაზიდვა. აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მხოლოდ იმ მძღოლებს ეგზავნებათ ინფორმაცია, რომლებიც იმავე ტერიტორიულ რადიუსზე იმყოფებიან, სადაც ტვირთია. ცალკე რეგისტრირდებიან მძღოლები და ცალკე მომხმარებლები.
M: რა უპირატესობა გაქვთ ტრადიციული ტვირთის გადაზიდვის მეთოდთან/სისტემასთან მიმართებაში?
პირველ რიგში, უპირატესობა არის ის, რომ მანქანის მოძებნა არის ძალიან მარტივი. მეორე ის, რომ ფასის დადგენა არის ტრანსპარანტული და წამებში ხდება. მესამე -დაახლოებით რომ შევხედოთ ამ ინდუსტრიას, მოძრავი მანქანების 25% -ის საბარგულები არის ცარიელი. ჩვენ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა მანქანის გავსება. გარდა ამისა, ტვირთის პატრონს, 24 საათის განმავლობაში შეეძლება მანქანის ლოკაციის ნახვა და თვალის დევნება. ისინი ავტომატურად მიიღებენ შეტყობინებებს ტვირთის ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი პროცესი არის ავტომატიზებული და ფაქტობრივად, ტექნოლოგია აკეთებს ყველაფერს, ოპერაციული ხარჯები, ტრადიციულ ინდუსტრიასთან შედარებით, დაბალი გვაქვს. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ტარიფები იყოს 15%-ით იაფი, იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლი მიიღებს მინიმუმ იმდენ თანხას, რასაც ტრადიციული ინდუსტრიის შემთხვევაში მიიღებდა. ჩვენს რეგიონში არ არსებობს ანალოგიური პროექტი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/cargon.inc/videos/1833952566925021/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
M: ყველა მძღოლი არ არის ტექნოლოგიებში გარკვეული, არ სარგებლობს სმარტფონით. როგორ აპირებთ მათ ინფორმირებასა და ჩართვას „კარგონის” სისტემაში და როგორია თქვენი აპლიკაციის შუამავლობის საკომისიო?
თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ეს პრობლემა გვექნებოდა, თუმცა, ჩვენ გვქონდა საუბრები მძღოლებთან და მათ თითქმის 95%-ს აქვს სმარტფონი, მით უფრო მძღოლებს, რომლებიც დიდ მანძილებზე დადიან. ასევე, გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ სერვისს, ამ ინოვაციას რამდენად მოერგებიან. აპლიკაცია იქნება ძალიან მარტივი, ეცოდინებათ ტვირთის პარამეტრები, მანძილი, თანხა. რაც შეეხება საკომისიოს, ჯერჯერობით კონკრეტული პროცენტი განსაზღვრული არ გვაქვს.
M: აპლიკაციის გამოყენებისას, მძღოლებს თუ შეუძლიათ საკუთარი მომსახურების საფასურის დასახელება ან შეთავაზებულ პირობებზე შევაჭრება?
მომსახურების საფასურს ადგენს „კარგონი”. დავუშვათ, 15 მძღოლს გადაეგზავნა ერთი შეკვეთა და არცერთი დათანხმდა ჩვენ მიერ შედგენილ ფასს, ამ შემთხვევაში, შეთავაზება ახლიდან გადაიგზავნება და ალგორითმი ახლიდან დაითვლის ფასს.
M: ამ შემთხვევაში, როგორ მოხდება მომხმარებელთან ფასის გაზრდის შეთანხმება?
თავიდან, საფასური, რომელიც ეგზავნება მომხმარებელს, არის პირველადი და დაახლოებითი. თუ არ მოიპოვება ამ ფასში მანქანა, გამგზავნი იღებს შეტყობინებას, რომ ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა მანქანის მოძიება და უნდა სცადოს განმეორებით. ან, ჩვენ თვითონ შევატყობინებთ, როცა იმავე ფასად იქნება მანქანის დაქირავება შესაძლებელი.
M: განვითარების რა ეტაპზეა „კარგონი” და რა გამოწვევების წინაშე დგახართ?
ამ მომენტში, დეველოფმენთის პერიოდი გვიდგას. სექტემბერში ველოდებით, რომ უკვე გამოყენებადი აპლიკაცია გვექნება. ამჟამად, ვმუშაობთ მარკეტინგის მიმართულებით, ასევე, აქტიურად ვართ დაკავებული ინვესტრორებთან მოლაპარაკებებით, ამერიკიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან. ჩამოყალიბებულები ვართ, რომ რუსეთში სექტემბრიდანვე შევალთ, რადგან თანხმობა უკვე გვაქვს. საიტი არის იმ მდგომარეობაში, რომ მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და შევიდნენ მომხმარებელთა ან გადამზიდთა ბაზაში.











