23
Aug
2019

„დაჯარიმებაზე უარესი დავიწყებული ჯარიმაა!“ – „ქარბოტი“ მძღოლებისთვის

23 Aug 2019

Startauperi
Startauperi


„მოგესალმები პირველი ავტობოტის ჩატში! მე შეგახსენებ და მოგიგვარებ ყოველდღიურ წვრილმანებს“, – ქარბოტი.

ჯარიმების გადახდა, პარკირების საშვის განახლება და ავტომობილთან დაკავშირებული სხვა ფინანსური თუ არაფინანსური ოპერაციები, ხშირად, ჩვენს ხანმოკლე მეხსიერებაში რჩება და შედეგად, უფრო მეტის გადახდა გვიწევს ხოლმე. უკიდურეს შემთხვევაში კი, მართვის მოწმობასაც კი ვემშვიდობებით.

„ქარბოტი“ ავტომობილის მფლობელებსა და მძღოლებზე მორგებული წამოწყებაა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მას „ფეისბუკის“ „მესენჯერში“ მისწერს, „ქარბოტი“ ავტოსფეროში მის პირად ასისტენტად იქცევა და ჩატშივე მოახსენებს, როდის აქვს პარკირების საშვი გასაახლებელი, როდის გადის ტექდათვალიერებას ვადა, ჯარიმასაც ახსენებს და იქვე აძლევს გადახდის საშუალებას.

გარდა ამისა, „ქარბოტის“ გამოყენებით ალკოტესტის გავლაც შესაძლებელია, ინფორმაციის მიღება ავტოსამრეცხაოების ლოკაციებზე, ევაკუატორების საკონტაქტოები და სხვა. 

სტარტაპის ავტორები: ანდრო გორბუშკინი, ქეთი ფირცხალაიშვილი და ტასო სოლომნიშვილი არიან. ანდროს გუნდი ტექნიკური მიმართულებით ჭრის პრობლემას, ქეთისა და ტასოს პასუხისმგებლობის ქვეშ კი, სააგენტო Gingers-ის სახელით, ბრენდის შექმნა, მისი ბაზარზე წარდგენა და საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელება მოექცა.  

როგორც ქეთი ფირცხალაიშვილი „მარკეტერთან“ საუბრისას აღნიშნავს, „ქარბოტის“ იდეა, წლის დასაწყისში, ანდროს გაუჩნდა იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობდა ერთიანი სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნებოდა ავტომობილის მფლობელებისა და მძღოლებისთვის საჭირო ინფორმაცია.

ჩვენ და ანდროს დამკვეთი-შემსრულებლის სტატუსით გვქონდა ურთიერთობა და წარმატებით ვთანამშრომლობდით. მას შემდეგ, რაც ანდრომ ბოტის პროტოტიპი შექმნა, შევხვდით, იდეა გაგვაცნო და პარტნიორობა შემოგვთავაზა. ფაქტობრივად, იდეის გაჩენიდან 4-5 თვეში შევძელით „ქარბოტის“ გაშვება და ახლაც, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მისი განვითარება, როგორც ტექნოლოგიური, ასევე მარკეტინგული მიმართულებით. 

M: ქეთი, როგორ მუშაობს „ქარბოტი“? და მომხმარებლის რა ინფორმაციის გამოყენებას საჭიროებს ბოტით სარგებლობის მომსახურება?
„ქარბოტის“ გამოყენება ძალიან მარტივია. მომხმარებელმა, უბრალოდ, „ფეისბუკ“ მესენჯერში უნდა მისწეროს და შემდეგ, მითითებებს მიჰყვეს. ჩატში კომუნიკაცია და ნავიგაციაც საკმაოდ მოსახერხებელია.
რეგისტრაცია, აპლიკაციის გადმოწერა, საჭირო არ არის, რადგან „მესენჯერი“, დღესდღეობით, ყველას აქვს და აქტიურად იყენებს.

რაც შეეხება მონაცემებს, მომხმარებლის 3 ძირითადი მონაცემი, ყველა შემთხვევაში, საჭიროა: მანქანის ნომერი, მანქანის მფლობელის პირადი ნომერი და მანქანის ტექპასპორტის ნომერი. დამატებითი დეტალები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, თუ მას ჯარიმებზე, პარკირების საშვზე, ტექმომსახურების ვადასა და სხვა საკითხებზე ენდომება ინფორმაციის მიღება. 

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჭკვიანი ბოტი ერთხელ შეყვანილ ინფორმაციას იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე, ამ მონაცემებს აღარ მოგთხოვთ.

M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
ბოტის გამოყენება და ინფორმაციის მიღება სრულიად უფასოა. მომხმარებელი მხოლოდ გადახდის საკომისიოს იხდის, პარკირების საშვის შეძენის შემთხვევაში, ან საპატრულო და პარკირების ჯარიმების გადახდის დროს, რაც სტანდარტული საკომისიოების ტოლია. ასევე, VIN კოდის შემოწმების მომსახურება გვაქვს კონკურენტულ ფასად, რადგან უცხოელ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ და მომხმარებელს იქ ვამისამართებთ. 

M: რაც შეეხება ბრენდინგს… მუშაობის პროცესში, რა ამოცანის წინაშე იდექით და ბრენდის კონცეფცია ვიზუალურად როგორ გამოხატეთ?
„ქარბოტის „დაბადება“, „სახელის დანათვლა“, ბრენდინგი, კომუნიკაციის მართვა, სრულად Gingers-ს ეკუთვნის. ჩვენი ამოცანა იყო, „ქარბოტი“ ყოფილიყო მარტივი, მინიმალისტური, საქმიანობის სფეროს პირდაპირ გამომხატველი ვიზუალით და ვფიქრობთ, რომ ზუსტად ის მივიღეთ, რაც გვინდოდა – ლოგო ზუსტად ასახავს იდეას.

განხილვა