18
Jan
2019

Cardeal.ge: “ავტომობილის ყიდვა შუამავლისა და დამატებითი ხარჯების გარეშეა შესაძლებელი”

18 Jan 2019

ზურაბ ბაკურიძე

ავტომობილის შეძენისას უამრავი კითხვა ჩნდება: ვის მივმართო? როგორ ავირიდო დამატებითი ხარჯვები თავიდან? როგორ მოვძებნო სანდო მომწოდებელი? როგორ დავრწმუნდე, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია? მანქანის შეძენით დაინტერესებული ადამიანები ინტერნეტში ადგილობრივ განცხადებებსაც ეცნობიან და საერთაშორისო აუქციონებზეც იძიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაში, დღესდღეობით, უამრავი ადამიანია ჩართული, ბევრისთვის სასურველი მანქანის შერჩევა, ჯერ კიდევ, სერიოზულ სირთულესთან და შიშთანაც კი ასოცირდება. სამომხმარებლო ბაზარზე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ონლაინ პლატფორმა Cardeal გამოჩნდა, რომელიც მიზნად ისახავს, მომხმარებელს მიაწოდოს ხარისხიანი სერვისი და მისცეს საშუალება შუამავლის გარეშე შეიძინოს სასურველი ტრანსპორტი. დეტალები Cardeal-ის მენეჯერმა, ზურაბ ბაკურიძემ გაგვაცნო.

M: თქვენი დაკვირვებით, რა სირთულეებს აწყდებიან მანქანის შეძენის მსურველები?

მთავარი პრობლემა არის მომხმარებლის შიში, არ დარჩეს მოტყუებული. მას ისეთ დამატებით რგოლებთან უწევს ურთიერთობა, რომელებიც არ არიან არც ავტომობილის ოფიციალური გამყიდველები, არც სერვისის მიმწოდებლები, არამედ წარმოადგენენ გაურკვეველ შუამავლებს. მომხმარებლებს კი მათთვის დამატებითი თანხის გადახდა უწევთ, რაც ჩვენი აზრით, დღევანდელ ციფრულ კომერციაში მიუღებელია. ვიფიქრეთ, რომ ასურველი ავტომობილის შესყიდვა გაცილებით მარტივად და იაფად შეიძლება. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა Cardeal.ge.

M: რა გახდა Cardeal-ის შექმნის წინაპირობა?

Cardeal.ge ტექნოლოგიურად  ცალკე მდგომი ავტოპორტალი არ არის, არამედ მის უკან დგას მაღალტექნოლოგიური ამერიკული ბლოქჩეინ კომპანია SHELF NETWORK-ი რომელსაც სერიოზული აღიარება აქვს მოპოვებული გერმანულ ავტოინდუსტრიაში. ანალოგურ ტექნოლოგიას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, SHELF NETWORK პარალელურად  ნერგავს იაპონიისა და სამხრეთ აზიის მეორადი ავტომობილებით ვაჭრობაში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მეორადი ავტომობილები მეორე საექსპორტო საქონელია და ასევე წარმოადგენს ე.წ ჰაბს რეგიონისთვის, მიგვაჩნია რომ სწორედ ასეთი პორტალები და ეკოსისტემები არის საჭირო სამომავლო მასშტაბირებისთვისა და ხარისხის ასამაღებლად.

M: ქართულ ბაზარზე უკვე არის ინტერნეტ პორტალები, სადაც ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაა შესაძლებელი. რა უპირატესობა აქვს Cardeal-ს სხვა ქართულ ინტერნეტ პორტალებთან შედარებით, რის გამოც ამ სერვისის შექმნა გადაწყვიტეთ?

ზოგადად, თანამედროვე ელექტრონულ კომერციაში ელექტრონული პორტალების განვითარება შეინიშნება. განცხადების დაფებიდან, ვებგვერდები სერვისის მიწოდებაზე გადადიან. ავტომობილებით ვაჭრობის ინდუსტრია იმდენად დანაწევრებული და ძველია, რომ ჩვენი პორტალი და ბიზნეს მოდელი  არამხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც ინოვაციურია. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირაა რაც პორტალი გაეშვა, Cardeal უკვე ფლობს გაცილებით მეტ რეალურ ინვენტარს, ვიდრე სხვა ნებისმიერი რესურსი. Cardeal.ge-ზე რომ შეხვიდეთ, უკვე 60,000 რეალური ავტომობილი არის განთავსებული, როგორც ამერიკული, ისე ადგილობრივი. ავტომობილის შეძენა მომხმარებელს ყოველგვარი შუამავლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. წლის ბოლომდე ვგეგმავთ, დამატებითი მომწოდებლები ჩავრთოთ დუბაიდან, იაპონიიდან და ცენტრალური ევროპიდან. შესაბამისად, განთავსებული ავტომობილების რიცხვი ჩვენს ვებგვერდზე 2,000,000-მდე გაიზრდება.

M: კონკრეტულად, რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ გაცილებით უფრო მეტს ვთავაზობთ მომხმარებლებს, ვიდრე რეალური განცხადებების განთავსებაა. საქმე ისაა, რომ მომხმარებელს ყველაზე მეტად ეშინია თავად პროცესის სირთულის: ყიდვა, შემოწმება, ტრანსპორტირება და ა.შ. ამიტომ,  ჩვენს პორტალზე, მანქანასთან ერთად, მომხმარებელს საშუალება აქვს ყველა საჭირო სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მეორე მხრივ, ამ სერვისების ხარისხის გარანტიისთვის ვპარტნიორობთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, მაგალითად, რეგიონში ოფიციალური CARFAX შემოვიყვანეთ, რომელიც ავტომობილების ისტორიის შემოწმებას უზრუნველყოფს. მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, აუქციონის დაწყებამდე, ადგილზევე შეამოწმოს ავტომობილი დეტალურად და წინასწარ ხედავდეს სრულ ხარჯთაღრიცხვას, ტრანსპორტირების ჩათვლით, ყოველგვარი დამატებითი ფარული ხარჯების გარეშე.

M: როგორ აპირებთ გაუმკლავდეთ კონკურენციას და დაიმკვიდროთ თავი ბაზარზე?

ჩვენი პორტალის ფუნქიონალს თუ შევხედავთ, პირველ რიგში, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ პირდაპირ მიიღოს მონაწილეობა როგორც საერთაშორისო აუქციონებზე, ასევე ადგილობრივი ბაზარზე. ამასთან, ბანკებისთვის, სადაზღვევო, სალიზინგო კომპანიებისთვის ვქმნით ახალ მიმართულებას, სადაც შესაძლებელი იქნება აუქციონის წესით კორპორატიული ავტომობილების გაყიდვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი სერვისის ნიშა არის აბსოლუტურად თავისუფალი. პირიქით, ჩვენ ვაერთიანებთ დანაწევრებულ ბაზარს და ერთ უნივერსალურ ეკოსისტემას ვქმნით.

[R]

განხილვა