in

რას გულისხმობს კარიერული დეტოქსი და რატომაა ის მნიშვნელოვანი

პერიოდულად, ყველა უნდა დავფიქრდეთ, როგორ ვგრძნობთ თავს სამსახურში, რათა გამოვავლინოთ სფეროები, სადაც პოზიტიური ცვლილებები შეგვიძლია. ეს შეიძლება მოიცავდეს რაიმე ახლის დამატებას ჩვენს რუტინაში ან ძველი ჩვევების მოშორებას, რომლებიც აღარ ემსახურება მიზანს.

მე ამ პრაქტიკას „კარიერული დეტოქსი“ ვუწოდოთ. კარგი იქნება ამას კვარტალში ერთხელ მაინც თუ გავაკეთებთ. ეს ადამიანებს ეხმარება ყველა დონეზე განვითარებასა და გადაწვის თავიდან არიდებაში.

პირველი ნაბიჯი საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და თავისთვის რეფლექსიური კითხვების სერიის დასმას მოიცავს. ეს პროცესი ფოკუსირებულია იმაზე, კვლავ კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ამჟამინდელი კარიერული გზით. მეორე ნაბიჯი ეხება თქვენი ღირებულებების განსაზღვრას, ხოლო მესამე – იმას, თუ როგორ შეუსაბამოთ თქვენი ცოდნა კარიერას.

იკითხეთ: როგორ ვარ?

უმეტესობა ჩვენგანი დაჩვეულია ამ კითხვის სხვებისთვის დასმას – როგორ ხარ? მაგრამ რამდენად ხშირად ვეკითხებით ამას საკუთარ თავს? კარიერული კმაყოფილება საკუთარი თავის ლიდერობითა და თვითშემეცნებით იწყება, რადგან არავის შეუძლია თქვენი წარმატებისა და ბედნიერებისთვის თქვენზე უფრო აქტიურად იბრძოლოს.

დასაწყისისთვის, გამოყავით მხოლოდ 15 წუთი თქვენი შეგრძნებების, აზროვნებისა და ენერგიის დონეების გასაანალიზებლად. გირჩევთ, ჩაიწეროთ პასუხები შემდეგ კითხვებზე, რათა თვალი ადევნოთ იმას, რასაც სწავლობთ.

როგორ გრძნობთ თავს?

თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე და ამ მომენტში, როგორ ხართ ემოციურად? შეაფასეთ სამსახურში გატარებული ბოლო სეზონი და შეეცადეთ დააკავშიროთ აღმასვლებისა და დაღმასვლების წერტილები. ზოგადად კმაყოფილი ხართ?

მიზანი არის იმის დადგენა, კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ემოციური მდგომარეობით. მიზანი არ არის მუდმივად ბედნიერი იყოთ, არამედ ეძებოთ ტენდენციები, რომელთა შენარჩუნება ან შეცვლა გსურთ. ამიტომ, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და აღნიშნეთ, თუ რაიმე არ არის რიგზე.

ამ ეტაპზე, ასევე შეგიძლიათ აიღოთ ვალდებულება, რეგულარულად ადევნოთ თვალი თქვენს შეგრძნებებს. ნახოთ, რა განიჭებთ ბედნიერებას და რა გართმევთ მას.

რა ფიქრები ტრიალებდა ჩემს გონებაში ყველაზე ხშირად ამ კვარტალში?

გააანალიზეთ სხვადასხვა გზა, როგორ გამოიყენეთ თქვენი დრო და ენერგია. რას მიაქციეთ ყველაზე მეტი ყურადღება? რა კონკრეტულ პროექტზე ან მიზანზე იყავით ფოკუსირებული? საქმეები სტაგნაციური ან ზედმეტად დატვირთული ხომ არ იყო? როგორ უკავშირდება თქვენი პასუხები რეალურ სამუშაოს, რომელსაც ასრულებდით? ზოგადად, უფრო მეტად ენერგიის მომცემი და პოზიტიური იყო თქვენი კეთილდღეობისთვის თუ გამოფიტვის მომტანი და ცუდი თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის? თქვენი ენერგია, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა. მართალია, არ არის აუცილებელი ყოველდღე გიყვარდეთ თქვენი სამსახური, მაგრამ ის უფრო მეტად უნდა გავსებდეთ, ვიდრე გცლიდეთ თუ მიზანი სტრესისა და გამოფიტვის თავიდან აცილებაა.

გადააფასეთ: შეიცვალა თუ არა ჩემი ღირებულებები და როგორ?

თქვენი ღირებულებები არის ის, რაც გამოძრავებთ და ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის. ისინი ხშირად განაპირობებენ თქვენს ქმედებებს. სამუშაო კონტექსტში, თქვენი ღირებულებები შეიძლება მოიცავდეს ლიდერობას, ღიაობას, მდგრად ბიზნეს პრაქტიკებს, ძლიერ საზოგადოებას და სხვა.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურში? ეცადეთ იფიქროთ რამდენიმე ცალკეულ სიტყვაზე; მაგალითად: ნდობა, თანაგრძნობა, მდგრადობა, ზრდა, ბალანსი. ეს ყოველთვის ასე იყო, თუ შეიცვალა ბოლო კვარტალში? შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი რამ უფრო მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა თქვენთვის ცხოვრების ამ ეტაპზე.

რაც არ უნდა იყოს თქვენი ღირებულებები, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, რა უნდა დაამატოთ ან გამოაკლოთ თქვენს კარიერას, რათა უკეთ შეუსაბამოთ თქვენი სამუშაო იმ რამეებს, რაც გამოძრავებთ.

დეტოქსი: რა შემიძლია შევცვალო?

ახლა დროა გამოიყენოთ ის, რაც ისწავლეთ, თქვენს ამჟამინდელ სიტუაციაში. რა შეგიძლიათ შეცვალოთ ახლა, როცა უფრო მეტი წარმოდგენა გაქვთ იმაზე, რა გსურთ და არ გსურთ სამსახურში? აღმოვაჩინე, რომ სასარგებლოა ამ ინფორმაციის შემდეგნაირად ორგანიზება:

რა შემიძლია გამოვაკლო ჩემს კარიერულ ცხოვრებას?

გადახედეთ იმ შეხედულებებს, რომლებიც მიიღეთ ამ მსჯელობის შედეგად. რომელი პროექტები, ადამიანები ან პასუხისმგებლობები გაცლით ენერგიას – და რატომ? შესაძლებელია თუ არა მათი ამოღება თქვენი ყოველდღიური საქმეებიდან? მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რამის შეცვლა ვერ მოხერხდება – ყველას გვიწევს მოსაწყენი დავალებების შესრულება და ხანდახან იმ ადამიანებთან მუშაობა, ვინც არ მოგვწონს – უმეტესობა რამ კომპრომისს ექვემდებარება.

რა შემიძლია დავამატო ჩემს სამუშაო ცხოვრებას?

ამ სავარჯიშოს მეშვეობით, შეძელით აღმოგეჩინათ თქვენი სამსახურის ისეთი სფეროები, რომლებზეც მეტი დროის დახარჯვა გსურთ? რომელი დავალებები ან პროექტები გმატებთ ენერგიას და როგორ?

რა შემიძლია დავტოვო უცვლელად?

ეს ყველაზე ადვილია. საბედნიეროდ, არ არის საჭირო იმის შეკეთება, რაც გაფუჭებული არ არის. სავარაუდოდ, ეს არის თქვენი სამსახურის საკითხები, რომლებიც ისედაც მოგწონთ.

წყარო: HBR



DC GO! – კომიქსების ახალი ერა

ერთი ნახატი 12 აკრძალული კოქტეილის ამბავს ჰყვება