დღევანდელი გამოწვევა აღარაა მხოლოდ სამსახურის შენარჩუნება – ეს არის ისეთი კარიერის შენება, რომელიც არ დაინგრევა დესტაბილიზაციიდან გამომდინარე. ამისთვის კი აუცილებელია კარიერული მდგრადობა: უნარი ადაპტირდე, აიღო ინიციატივა და დარჩე მყარად მაშინაც კი, როდესაც ნიადაგი რყევას განიცდის.
კარიერული მდგრადობა არ არის სამსახურის შიშით ჩაბღაუჭება. ეს არის გარემოებების ცვლილებასთან ადაპტაციის უნარი. პროფესიულ გარემოში გაურკვევლობა მოითხოვს თვითშეგნებასა და სიფხიზლეს. ეს გულისხმობს ზრდის აზროვნების განვითარებას მაშინაც კი, როცა შესაძლებლობები შეზღუდულია.
პირადი წითელი ხაზების გაცნობიერება
საკუთარი მოთხოვნების, ღირებულებებისა და რისკისადმი ტოლერანტობის ცოდნა ეხმარება პროფესიონალებს რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, როდესაც გარემოებები სწრაფად იცვლება.
პროფესიონალებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან შეკითხვები: როგორ უმკლავდებიან გაურკვევლობას, ხელფასის შემცირების სანაცვლოდ აირჩევდნენ თუ არა უფრო მნიშვნელოვან სამუშაოს, დათანხმდებოდნენ თუ არა კვირაში ხუთი დღით ოფისში დაბრუნებას, ან მიიღებდნენ თუ არა სამუშაოს, რომელიც ეწინააღმდეგება მათ ღირებულებებს. ასევე მნიშვნელოვანია გამოარკვიონ, დათანხმდებოდნენ თუ არა გუნდის დათხოვნას თუ იციან, რომ დარჩენილები გადაიტვირთებიან.
ადაპტაციისა და მოქნილობის განვითარება
კარიერული მდგრადობა კუნთის მსგავსია, რომელიც ემოციური ინტელექტის გაძლიერებით, უნარების გაფართოებითა და საჭიროებისამებრ გადართვის მზაობით ვითარდება. ადაპტირების უნარის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია:
ფართო სურათის დანახვა – პროფესიონალებმა უნდა გაიაზრონ, როგორ უკავშირდება მათი სამუშაო ბიზნესის ფართო მიზნებს.
მაღალი ღირებულების უნარებზე ფოკუსირება – ხელოვნური ინტელექტი ჯერ ვერ ცვლის ლიდერობას, კრეატიულობას და ემოციურ ინტელექტს. გამომწვევი პროექტები, მენეჯმენტის შესაძლებლობები და პრობლემების გადაჭრის უნარის დახვეწა საშუალებას აძლევს პროფესიონალებს, გამოავლინონ საკუთარი ძლიერი მხარეები – რისთვისაც ადამიანები მათ მიმართავენ, რა პრობლემებს წყვეტენ ადვილად და სად ქმნის მათი უნიკალური შეხედულება უდიდეს ღირებულებას.
სწავლის სამუშაო პროცესში ჩაშენება – Deloitte-ის კვლევის მიხედვით, პროფესიონალების 87% აღიარებს, რომ ადაპტაცია და ლიდერობა კარიერული ზრდის საკვანძო ელემენტებია. უწყვეტი სწავლა, რომელიც მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ინდუსტრიის ტენდენციებსა და ახალ ტექნოლოგიებს, აუცილებელია გრძელვადიანი წარმატებისთვის.
ურთიერთობების გაღრმავება
კარიერული სტაბილურობა არ ეფუძნება მხოლოდ რეზიუმეს – ის მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ ადამიანებით, ვინც მხარს უჭერს, პერსპექტივას სძენს და შესაძლებლობებს ქმნის. პროფესიული ქსელის გაძლიერებისთვის საჭიროა:
ღრმა ურთიერთობების კულტივირება – LinkedIn-ის ფორმალური ქსელის ნაცვლად, მნიშვნელოვანია ნამდვილი მეგობრობის განვითარება, კოლეგების მხარდაჭერა სირთულეებში, მოხალისეობა, მენტორობა და კრეატიულ საზოგადოებებში ჩართვა. სხვებისთვის გვერდში დგომა აღრმავებს ნდობას და ზრდის ორმხრივ კეთილგანწყობას.
სამსახურში მეგობრების მნიშვნელობის გააზრება – KPMG-ის კვლევა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე ახლო ურთიერთობები მნიშვნელოვნად ზრდის კმაყოფილებასა და ბედნიერებას. კარგი სამუშაო მეგობარი შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული აქტივი იყოს.
მომავლისთვის ალტერნატივების შექმნა
კარიერის რეგულარული გადახედვა – პროფესიონალებს არ სჭირდებათ ყოველდღიურად კარიერის გადააზრება, მაგრამ კრიზისის დადგომამდე ლოდინიც არ არის გამოსავალი. კვარტალური შემოწმებები (ზრდის, უნარების რელევანტურობისა და სამუშაოს ენერგეტიკული ბალანსის შეფასება) და ყოველწლიური გადაფასება (მიმართულების სისწორის და მოსალოდნელი რისკებისა თუ შესაძლებლობების ანალიზი) ეხმარება მუდმივ მზადყოფნაში.
რეპუტაციის მართვა – კარიერის ნებისმიერ ეტაპზე რეპუტაცია მნიშვნელოვანი აქტივია. აქტიური ყოფნა ციფრულ პლატფორმებზე (LinkedIn, Polywork, Lunchclub და სხვა), პროფესიულ ჯგუფებში ჩართულობა და ექსპერტიზის გაზიარება ქმნის ცნობადობას. როდესაც პროფესიულმა წრემ იცის ადამიანის ძლიერი მხარეები და ღირებულებები, სასურველი შესაძლებლობები თავად ჩნდება.
პროფესიული მასალები – რეზიუმეს, სამუშაო ნიმუშების და საკვანძო კონტაქტების შენახვა ერთ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას მნიშვნელოვანია.
წყარო: HBR