2020 წელს, საქართველოში მსოფლიო დონის ტოპ-აქსელერატორის 500 Global შემოსვლამ სრულიად შეცვალა ადგილობრივი სტარტაპ-ეკოსისტემა. სტარტაპებს მიეცათ შანსი, პროფესიონალი საერთაშორისო მენტორების დახმარებით, ეფექტიანობა და მასშტაბირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაეზარდათ, მოხვედრილიყვნენ აშშ-ში, სტარტაპერებისთვის საოცნებო სილიკონ ველიზე და მსხვილი ინვესტორების ყურადღებაც მიეპყროთ. ეს იყო შესაძლებლობა, რომ საქართველო მსოფლიო სტარტაპ-რუკაზე, როგორც იქნა, გამოჩენილიყო. 500 Global-ის პროექტი, 500Georgia, საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA მხარდაჭერით შედგა. ორი ნაკადის მიღების შედეგად, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: 32 მლნ ლარზე მეტი მოზიდული ინვესტიცია, გამარჯვებული სტარტაპების 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი… აქსელერატორის დახმარების შედეგად, სტარტაპერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათი გამომწერების საერთი ჯამმა 4400-ს გადააჭარბა. მთლიანობაში, სტარტაპერებმა 89 პარტნიორის შეძენა და 354 ადამიანის დასაქმება შეძლეს.
500Georgia-ს მესამე ნაკადის სტარტაპერების შერჩევამდე სულ ცოტა დრო რჩება. გადავწყვიტეთ, აქსელერატორის იმ გამარჯვებული სტარტაპერების გამოცდილება გაგვეზიარებინა, რომლებმაც უკვე „სილიკონ ველიშიც“ იმოგზაურეს და ინვესტორებიც დააინტერესეს. ამჯერად, ჩვენს შეკითხვებს Cargon-ის თანადამფუძნებელმა, ვანიკო ჩალაძემ უპასუხა.
M: როგორ შეაფასებდით თქვენი სტარტაპის ზრდას 500Georgia-ში მოხვედრიდან დღემდე?
პროგრამაში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია იყო მიგვეღო ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ყოველდღიური პრობლემების გადაჭრასა და ჩვენი product market fit-ის განვითარებაში დაგვეხმარებოდა.
500Georgia-ს აქსელერაციაში მონაწილეობის შემდეგ, ჩვენი სტარტაპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კარგონი, დამატებით, 2 მეზობელ ქვეყანაში ჩაეშვა და შესაბამისად, მომხმარებლების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
M: რა არის ყველაზე მთავარი, რაც ამ აქსელერატორმა მოგცათ?
500Georgia-სგან მივიღეთ ძალიან ღირებული გამოცდილება. მენტორებმა გაგვიზიარეს მათი გამოცდილება და ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მარკეტინგი, კომუნიკაცია, განვითარებისა და ახალ ბაზარზე ჩაშვების სტრატეგიები. ეს ცოდნა იყო უშუალოდ ჩვენ პროდუქტზე მორგებული და არა – ზოგადი. შესაბამისად, მიღებული მენტორინგი სწრაფადვე აისახა ჩვენი სტარტაპის განვითარებაში.
აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობამ გავლენა მოახდინა ზოგადად ჩვენს ხედვასა და მუშაობის სტილზე. პირველ რიგში, ჩვენი ხედვები მეტად უფრო გლობალური გახდა. მივხვდით, რომ პრობლემა, რაზეც ვმუშაობდით მასშტაბური იყო. შესაბამისად, ჩვენი განვითარების მიზნები ცდებოდა საქართველოს ბაზარს. მონაწილეობის შემდეგ, ჩვენი პროდუქტის განვითარების კუთხით კვლავაც განვაგრძეთ ექსპერიმენტები. 500 Georgia მაქსიმალურად ცდილობდა, კონცენტრირებული ვყოფილიყავით ექსპერიმენტებსა და სწრაფ გადაწყვეტილებებზე, რომელთა ანალიზის საფუძველზეც უნდა განვითარებულიყო ჩვენი პროდუქტი.
M: როგორ გაიზარდა სტარტაპი საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით?
500Georgia-ში მონაწილეობის შემდეგ, კარგონი ბევრად უფრო საინტერესო გახდა ინვესტორებისთვის. 500Georgia არის ვალიდაცია ინვესტორებისთვის იმისი რომ სტარტაპი მუშაობს რეალურ პრობლემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებით (პროდუქტით). აქედან გამომდინარე, კარგონისთვის ბევრად უფრო მარტივი გახდა ინვესტიციების მოზიდვა 500Georgia-ში მონაწილეობის შემდეგ.
M: რის გათვალისწინებას ურჩევდით იმ სტარტაპერებს, რომლებიც 500Georgia-ში მონაწილეობაზე ფიქრობენ?
ვურჩევ, კარგად ჩამოაყალიბონ ის პრობლემა, რისთვისაც სტარტაპს ქმნიან. კარგად უნდა ესმოდეთ პრობლემა, რათა შექმნან ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. ასევე, სელექციის პროცესითვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროდუქტს ჰქონდეს საქართველოს მიღმა განვითარების პოტენციალი და დამფუძნებლებს გააჩნდეთ უნარი და ამბიცია, რომ ეს პრობლემა გლობალურად გადაჭრან.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეგიძლიათ. 500 Global საქართველოზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.