ახალი სამსახურის დაწყებას ყოველთვის თან სდევს დაბნეულობა და მღელვარება. მიზეზი კი, ახალწვეულობის სტატუსია, რომელიც უნდა დაძლიო და საბოლოო ჯამში, ახალ ეკოსისტემაში, საკუთარი ადგილი იპოვნო. მაგალითად, გარშემო უცხო ადამიანებთან ადაპტაცია მოახერხო, ის დავალებები შეასრულო, რომლის გაკეთების გამოცდილება აქამდე არასდროს გქონია და სხვა.
სამუშაო ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა Carhartt გადაწყვიტა, იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც რეალურად, ეკონომიკას ამოძრავებენ, ანუ შრომისმოყვარე ამერიკელებისთვის, შრომის დღესთან დაკავშირებული კამპანია წამოეწყო.
60 წამიანი კინემატოგრაფიული ამბის უკან რეჟისორი, პიტერ ბერგი დგას, რომლის შთაგონების წყაროც, მუშათა კლასის ისტორიები, არაერთხელ გამხდარა. ბერგის რეჟისორობით გადაღებული ფილმი „პარასკევი ღამის შუქები“ ორი „ემის“ მფლობელია. რეჟისორი ფოკუსირებულია მოსახლეობის „ლურჯსაყელოიანთა“ ნაწილზე ისე, როგორც ბრენდი „ქარჰარტი“.
ვიდეორგოლის კონცეფცია კი ასეთია: ყველა სამსახურს აქვს ის გაზიარებული შეცდომები, რომელიც ახალწვეულმა აუცილებლად უნდა დაუშვას. და სწორედ ასეთი მარცხის შედეგად იქცევიან ისინი პროფესიონალებად, ბუნებრივი პირობების მიმართ გამძლე თანამშრომლებად
Carhartt-ში, უკვე 130 წელია, სამუშაო კულტურა არსებობს, რომლის მიხედვითაც, ყველა დღე პირველი დღეა. და კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლიც ერთგვარი შეხსენებაა, რომ არასდროს უნდა შევწყვიტოთ ახალწვეულებივით ფიქრი. სიახლეები მუდმივად უნდა გვწყუროდეს და იმდენად გაბედულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენთვის ახალ და უცნობ გამოწვევებს შევეჭიდოთ.