Apple-მა, დღევანდელ დეველოპერების კომფერენციაზე WWDC ახალი ფუნქცია – CarKey წარადგინა, რომლის დახმარებითაც შეგეძლებათ მანქანა გასაღების გარეშე, iPhone-ის დახმარებით გააღოთ და დაქოქოთ. ფუნქცია ახალი – iOS 14-ის შემადგენელი ნაწილია და ის ახლო მონაკვეთის კომუნიკაციის ტექნოლოგიას (NFC) იყენებს. პირველი მანქანა, რომელიც CarKey-სთან იქნება თავსებადი BMW 5 Series-ია, რომელიც 2021 წელს გამოვა. უფრო სამომავლოდ კი, სავარაუდოდ, ფუნქციის გამოყენებას სხვა ახალი მოდელის მანქანების მფლობელებიც შეძლებენ.
შესაბამისი მანქანისა და iPhone-ის ქონის შემთხვევაში, CarKey-ს გამოყენება შემდეგნაირად მოგიწევთ – iPhone-ს, ან Apple Watch-ს ადებთ მანქანის იმ ნაწილს (BMW 5-ის შემთხვევაში, სახელურს), რომელსაც NFC წამკითხველი აქვს. ამის შემდეგ, თქვენ მოგიწევთ ავტორიზაციის გავლა Face ID-ის, ან Touch ID-ის დახმარებით. გარდა ამისა, მანქანის გასაღების გაზიარება სხვისთვისაც შეგიძლიათ (iMessage-ის დახმარებით). Apple-ის თქმით, ეს უკანასკნელი ფუნქცია iOS 13-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ავტომწარმოებელს უკვე აქვს სხვადასხვა ტიპის ციფრული გასაღები, რომელიც ფუნქციურად CarKey-ს საკმაოდ ჰგავს. თუმცა, მსგავსი გასაღებები მოწყობილობებში ცალკეული აპლიკაციების სახით გვხვდებიან და არა უშუალოდ ოპერაციულ სისტემებში. გარდა ამისა, iOS-ში ინტეგრირებული CarKey რამდენიმე მანქანის გასაღების ერთ სისტემაში ქონის შესაძლებლობასაც მოგცემთ.