in

წარმატება გუნდური მუშაობით მიიღწევა – ვანიკო ბატიაშვილი, საქართველოს ბანკის უფროსი DataOps ინჟინერი

თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად მომხმარებლის დრო ფასობს. განსაკუთრებით კი საბანკო ტრანზაქციების განხორციელების პროცესში. ამიტომ, ბაზარზე წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები ცდილობენ, შექმნან ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად და კომფორტულად განახორციელონ სასურველი ტრანზაქციები, შეიძინონ სასურველი ნივთები თუ შეივსონ ბალანსი.

აღნიშნული პროცესების გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებელი ვანიკო ბატიაშვილია, რომელიც საქართველოს ბანკში უფროსი DataOps ინჟინერის პოზიციას იკავებს. 

„იყო საქართველოს ბანკის, როგორც ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტის ინჟინერი, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. რადგან ჩვენ ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელს ვაწვდით მაღალი ხარისხის ტექნოლოგიურ სერვისს, რომლის უკან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ინჟინრები დგანან“, – ამბობს  ვანიკო ბატიაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკში მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

მოდით, დავიწყოთ თავიდან… რას გულისხმობს თქვენი განყოფილებისა და უშუალოდ თქვენი ყოველდღიური  საქმიანობა?

ჩემი და ჩემი კოლეგების როგორც DataOps ინჟინრების საქმიანობა ძალიან სპეციფიკური და კომპლექსურია, ის მოიცავს მონაცემთა პლატფორმების, Big Data ეკოსისტემისა და მონაცემებთან მომუშავე სხვადასხვა მიკროსერვისების გამართულად მუშაობისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფას, როგორც ლოკალურ დატაცენტრებში, ასევე – ღრუბლოვან პლატფორმებზე.

შესაბამისად, ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია როგორც სხვადასხვა მონაცემთა პაიპლაინების გამართვასა და მონიტორინგზე, ასევე სხვადასხვა არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ განხორციელებაზე.

პროცესების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფისთვის კი საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. ამისათვის, ჩვენ ვიყენებთ მონიტორინგის სხვადასხვა ინსტრუმენტს განსხვავებული პლატფორმებისთვის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება და ხარვეზის დროული აღმოფხვრა.

თქვენი საქმიანობა ალბათ ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. როგორ უყურებთ გამოწვევებს და როგორ უმკლავდებით მათ?

1 წელიც არაა, რაც საქართველოს ბანკში DataOps ის მიმართულება შეიქმნა. დიდი შრომა ჩავდეთ ამ გუნდის ჩამოყალიბებასა და განვითარების პროცესში. რაც დღემდე აქტიურად გრძელდება. რა თქმა უნდა, ამ გზაზე მრავალი გამოწვევა იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მათ თავი ძალიან კარგად გავართვით.

რაც შეეხება თავად გამოწვევებს, მიმაჩნია, რომ ყოველი სირთულე არის ის, რაც გეხმარება განვითარდე პროფესიულად, შეიმეცნო რაღაც ახალი და მუდმივად იმუშაო საკუთარი თავის განვითარებაზე. ჩვენთვის გამოწვევები ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა გუნდური მუშაობით ყოველთვის ვახერხებთ სასურველი შედეგის მიღწევას.

თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი უნარები, რომლებიც თქვენი პროფესიისთვის მნიშვნელოვანია?

ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების ფონზე შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ, რომ საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც გვეხმარება, ფეხი ავუწყოთ ყოველდღიურობას და შევიმეცნოთ რაც შეიძლება მეტი. ასევე, ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის მენეჯმენტსა და დეტალებზე ორიენტირებულობას. ამ უნარების ერთობლიობა კი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მეტად პროდუქტიულები და მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

სამომავლო პერსპექტივაში როგორ ხედავთ თქვენი და თქვენი დეპარტამენტის განვითარებას?

DataOps-ის ჩამოყალიბებამ დაგვანახა თუ რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის არსებობა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ზრდასა და განვითარებას. წინ დიდი გამოწვევები და საინტერესო ტექნოლოგიური ინოვაციები გველის. შესაბამისად, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მომხმარებლისთვის შევქმნათ თანამედროვე, მათზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები.

[R]

რატომ ამჯობინებენ Polaroid-ს სხვა კამერებს?

როგორ ვაქციოთ ბრენდები კარგ წინაპრებად?