ელვა მაქუინის შეყვარებული სალი კარერა „დაბერებას“ არ აპირებს. Porsche-ს 2002 წლის მოდელით შთაგონებული ანიმაციური გმირის კონცეპტი 20 წლით გაახალგაზრდავდა და მალე, რეალურ მანქანად მოგვევლინება. ანიმაცია „მანქანების“ შემქმნელი სტუდია Pixar, Porsche და RM Sotheby სალი კარერას რეინკარნაციაზე საქველმოქმედო მიზნებით ზრუნავენ. 2022 წლის Porsche-ს მოდელში გაცოცხლებული პერსონაჟის, რეალური ვერსია, RM Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხის ნაწილი Girls Inc-ს გადაეცემა – აშშ-ს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს გოგოებს ეკონომიკური, გენდერული და სოციალური შეზღუდვების გადალახვაში დაეხმაროს. ნაწილი კი, რუსეთ-უკრაინის ომში დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყოფა.

ანიმაციურ ფილმში „მანქანები“ სალი არის 2002 წლის 996 თაობის Porsche 911 კარერა. თუმცა, Pixar-მა მიიღო შემოქმედებითი თავისუფლება, რათა მანქანის მოდელში პერსონაჟის შესაქმნელად საჭირო ცვლილებები შეეტანა. ლურჯი ფერი, საბურავების შეცვლილი ბაზა, თვალები, საქარე მინის ნაცვლად, სპეციალური ტატუ (წარწერა) და ექსტერიერის სხვა დეტალები, სალის ფემინურ საწყისზე მიგვითითებს და გვამცნობს, რომ ანიმაციის პერსონაჟი ქალია.

2022 წლის ნატურალური ზომის სალის ექნება იმავე ფერის ლურჯი ექსტერიერი, ტატუ, იდენტური ვერცხლისფერი დეტალები, საბურავების მსგავსი ბაზა და იმავე სიმბოლიკის ნიშნები. თუმცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, სალის დიდი თვალების ნაცვლად, რეალურ ვერსიას ნამდვილი საქარე მინა ექნება.
Porsche-მ და Pixar-მა უკრაინაში მიმდინარე კრიზისის გამო, პროექტის ვადაზე ადრე დასრულება გადაწყვიტეს, რათა ჰქონოდათ შესაძლებლობა, Girls Inc-თან ერთად, უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დახმარებოდნენ.














