ბრენდები, რომლებსაც დღეს ყველანი ვიცნობთ, ყოველთვის არ იყვნენ ისეთი წარმატებულები, როგორც ახლა. მათი ისტორიები სხვადასხვანაირად იწყება, თუმცა საერთო ყველას ის აქვს, რომ სათავეში ედგათ ენთუზიასტი, რომელმაც იცოდა, რას აკეთებდა და სჯეროდა თავისი იდეის. ამის ერთ-ერთი მაგალითია მოდისა და სამკაულების ცნობილი ბრენდი, Cartier. ის არის ბრენდი, რომლის მიღწევებმაც საიუველირო სფეროში მრავალი სხვა სახელი გადაფარა.
ბუტიკი, სახელად Cartier
Cartier პარიზში 1847 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელია ლუი-ფრანსუა კარტიე, რომელსაც თავიდან პატარა სახელოსნო ჰქონდა და საფრანგეთის მიმდინარე რევოლუციის დროს უზარმაზარი გაურკვევლობისა და არეულობის მიუხედავად, არ შეუწყვეტია მუშაობა. მეტიც, ის წინ მიდიოდა. 1859 წელს კი პირველი ბუტიკი გახსნა.

მამის საქმეების გამგრძელებელი
1874 წელს ოჯახურ მცირე ბიზნესში ლუი-ფრანსუას ვაჟი, ალფრედ კარტიე ჩაერთო. მისი მიდგომები უფრო მოწინავე იყო და მამაზე მეტი ამბიციითაც უყურებდა საქმეს. ალფრედმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კარტიეს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ გატანაში. მისი სამიზნე უმეტესად სამეფო სახლები იყო. კარტიეს დიზაინები განსაკუთრებით პოპულარული იყო მეფე ედუარდ VII-ს სასახლეში.
1800-იანი წლების მიწურულს კარტიეს უკვე სახელი ჰქონდა განთქმული, ამიტომ პარიზის Rue de La Paix-ის რაიონში პირველი შოურუმიც გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ალფრედმა წარმატებით დაამკვიდრა კარტიე, როგორც ფრანგული ელიტის მთავარი არჩევანი, ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში უდიდესი წვლილი მისმა ვაჟებმა, ლუიმ, პიერმა და ჟაკმა შეიტანეს.

სტრატეგია, რომელმაც კარტიეს წარმატება განსაზღვრა
რა თქმა უნდა, კარტიე არ იყო ერთადერთი ბრენდი, რომელმაც პარიზის მოდურ უბანში გადაიტანა თავისი მაღაზია. მას კონკურენციას ბევრი სხვა სახელოსნო უწევდა, თუმცა ძმებს ჰქონდათ სწორი სტრატეგია, რომელმაც კომპანია წინ წასწია და თავისი ადგილი დაამკვიდრებინა ბაზარზე.
სტრატეგიის პირველი ნაწილი იყო მეტი მომხმარებლის მოზიდვა არა მხოლოდ სამკაულების, არამედ სხვადასხვანაირი ფუფუნების საგნის შეთავაზებით, რაც იმდროინდელი ყველა არისტოკრატის სახლში უნდა ყოფილიყო. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მათ კარგად შეისწავლეს, რა უნდოდა მომხმარებელს და რა გაიყიდებოდა კარგად.
კარტიეს მაშინდელი პროდუქცია მოიცავდა ვერცხლის ჭურჭელს ჩაისთვის, სპილოს ძვლისა და ბრინჯაოს დეკორატიულ ნივთებს სახლის დასამშვენებლად და, რაღა თქმა უნდა, ულამაზეს სამკაულებს.
სტრატეგიის მეორე ნაწილი იყო მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურება. იმის გამო, რომ მისი პროდუქციის ასორტიმენტი არ იყო უნიკალური, მან გადაწყვიტა მომხმარებლების სხვა გზით მოპოვება. კარტიე და მისი ვაჟი, ალფრედი, არ განასხვავებდნენ მათ მაღაზიაში შესულ კლიენტებს და ყველას უმაღლესი დონის პატივისცემით ეპყრობოდნენ. მათ სამსახურში აიყვანეს კარისკაცი, რომელიც მუდმივად იღიმოდა და მომხმარებელს პოზიტიურ განწყობას უქმნიდა. ამ ყველაფერმა ხალხზე იმოქმედა. კარტიეს ძვირფასეულობას ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა.

კარტიეს ცნობილი მომხმარებლები
ვინ აღარ იყო კარტიეს მუდმივი კლიენტი, თუმცა ბრენდის ისტორიაში რამდენიმე სახელი გამორჩეულად ფიგურირებს.
ერთ დღეს შოურუმს ნიუვერკერკის გრაფინია ეწვია, რომელმაც რამდენიმე კამეო შეიძინა. ამის შემდეგ, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ის ხშირად სტუმრობდა მაღაზიას, სადაც 50-ზე მეტი სამკაული იყიდა. ეს გრაფინია ხშირად ესწრებოდა მნიშვნელოვან საღამოებს, რომლებზეც კარტიეს სამკაულებით ჩნდებოდა და, ნებით თუ უნებლიეთ, რეკლამას უკეთებდა ბრენდის აქსესუარებს.
სწორედ ასე მოხვდა კარტიეს შოურუმში ნაპოლეონის დისშვილი, მატილდა ბონაპარტი. პრინცესა მატილდა პარიზის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო. როგორც ჩანაწერები ამტკიცებს, პირადად მატილდამ კარტიესგან 200-ზე მეტი სამკაული შეიძინა ჯამში, თუმცა ცნობილია, რომ ცალკე მისი მეუღლეც ხშირად უკეთებდა საჩუქრებს კარტიეს შოურუმიდან.

სამეფო ჯილდო
გრაფინია და სამეფო ოჯახი კარტიესთვის შემოსავლის დიდი წყარო იყო, მაგრამ მისი ბიზნესისთვის კიდევ უფრო დიდი აქტივი გახდა პირველი ბრივეტი, რომლითაც ბრენდი პრინცესამ დააჯილდოვა.
ბრივეტი, ეს არის სამეფო ორდენი, რომელიც იმ დროს ყველაზე მაღალ წოდებად მიიჩნეოდა, რაც კი იუველირს შეიძლება ჰქონდეს.

ბიზნესის დაწყებიდან პირველ წლებში კარტიეს ოჯახი ისევე შრომობდა და მიჰყვებოდა თავის გეგმას, როგორც ყველა სხვა მშრომელი ადამიანი, თუმცა მათი უპირატესობა სწორ გათვლებსა და თავდაუზოგაობაში გამოიხატა. როდესაც საკმარისად დიდხანს აგრძელებთ ბიზნეს თამაშს, თქვენ ქმნით სივრცეს, რომელიც მომგებიან შესაძლებლობებს გთავაზობთ. კარტიეს წარმატების ისტორია გვასწავლის, რომ ერთ დღეს შესაძლოა თქვენც გესტუმროთ თქვენი ინდუსტრიის გრაფინია, რომელიც დაგეხმარებათ ადგილის დამკვიდრებაში.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













