„ამ ცოდნას პრაქტიკაში როგორ გამოვიყენებ?“ – ალბათ, ეს კითხვა უამრავ ცნობისმოყვარე ადამიანს უჩნდება, რომელსაც სურს, რომ ნასწავლი პრაქტიკულად გამოიყენოს და სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის. ეს ამბავიც ასე დაიწყო. რამდენიმე სტუდენტმა განიზრახა დითეილინგ ავტოსერვისები და ავტომფლობელები ერთმანეთთან დაეკავშირებინა, სპეციალური ციფრული პლატფორმის საშუალებით. CARTUNE-ის იდეა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაჩნდა. მისი ავტორები ის სტუდენტები არიან, რომლებსაც საკუთარი ძალისხმევის ადამიანების საკეთილდღეოდ მიმართვა ამოძრავებთ. CARTUNE-ის გუნდმა სკეპტიკური ინვესტორების დარწმუნებაც შეძლო და პლატფორმის განსავითარებლად 100,000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა.
„ჩემი აზრით, ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმ ფაქტორმა, რომ გუნდის წევრები სტუდენტები ვართ. ინვესტორები ზოგჯერ არასერიოზულად აღგვიქვამდენენ, რადგან პატარები ვიყავით. საზოგადოებისგან კი ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა, რადგან ყველას სჯერა, რომ ჩვენ ვართ თაობა, რომელიც საქართველოს ფეხზე წამოაყენებს, კიდევ უფრო განავითარებს და გააუმჯობესებს. მეც მჯერა, რომ მე და ჩემი თანატოლები, აუცილებლად შევძლებთ ამას,“ – გვიამბო სტარტაპის თანადამფუძნებელმა, თომა ფირცხელანმა.
M: რა პრობლემის გადაჭრა გსურდათ მომხმარებლისთვის ამ სტარტაპით?
ყველამ კარგად ვიცით, საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, როგორი რთულია სანდო ავტოხელოსნის პოვნა, რომელიც შენს ავტომობილს დათქმულ დროში ხარისხიანად შეაკეთებს და არ ეცდება შენს მოტყუებას. წინასწარ შეუძლებელია ობიექტური ფასების და მომსახურების დროის გარკვევა. CARTUNE-ის შექმნის პირველივე დღიდან გივინდა, ეს პრობლემა გადავუჭრათ ავტომობილის მძღოლებს. ალბათ, ხვდებით რამდენად რთული 1.5 წელიწადი გავიარეთ. წარმოიდგინეთ, ხელოსანს, რომელსაც მაზუთიანი ხელები აქვს, მიდიხარ და ეუბნები, რომ აწი ჯავშნები კალენდარში უნდა მონიშნოს და ქეშის ნაცვლად, გადარიცხვებით მიიღოს თანხა. ბაზრის ამ სირთულეების და დაულაგებლობის გამო, მოგვიწია, რომ საწყის ეტაპზე მხოლოდ ავტომობილის მოვლის (დიტეილინგ) სერვისებით დაგვეწყო ოპერირება. მაგრამ ჩვენი ჩანაფიქრი უცვლელი რჩება და საქართველოში, დღეს, ხვალ ან ერთ წელიწადში, აუცილებლად გავმართავთ ავტომობილისთვის საჭირო ყველა სერვისს.
M: როგორ შეაბიჯა თქვენმა გუნდმა სტარტაპ-სამყაროში?
საკუთარი კომპანიის შექმნის ალბათ, სხვადასხვა მოტივაცია არსებობს. ჩვენს შემთხვევაში, მთავარი მოტივაცია ყოველდღიურად განვითარებისა და ადამიანებისთვის რეალური ღირებულების შექმნის სიყვარულია. გუნდის წევრები სტუდენტები ვართ და თეორიული ცოდნა ჩვენთვის ძალიან ხელმისაწვდომია, მაგრამ რეალური ცხოვრების სირთულეებთან შეჯახება საერთოდ სხვაგვარად გასწავლის. შეიძლება, ფურცელზე შექმნა პროდუქტი, გაწერო მარკეტინგული სტრატეგია, ლექტორმა უმაღლესი ქულა დაგიწეროს, რეალურ ცხოვრებაში კი არავინ არ გამოიყენოს ეს პროდუქტი. ინოვაციური და რეალურად ღირებული პროდუქტის შექმნა საკმაოდ გრძელი და ეკლებით სავსე გზაა.
CARTUNE-ის დაფუძნების იდეა Tegeta-ს სტარტაპ აქსელერატორ Startup Drive-თან ერთად ჩამოყალიბდა. ჩატარდა კონკურსი Startup Drive, რომელიც სავტომობილო მიმართულებით, მასშტაბირებადი ბიზნესიდეების აღმოჩენას ისახავდა მიზნად. აპლიკაციების მიღების დასრულებამდე 3 დღე იყო დარჩენილი, როდესაც კონკურსის შესახებ გავიგე. მაშინ 19 წლის ვიყავი. წინასწარ არანაირი იდეა არ მქონია, მაგრამ ძალიან მინდოდა რეალური ღირებულება შემექმნა ადამიანებისთვის. ამიტომ ჩემს ორ მეგობარს შევთავაზე, ერთად გვეცადა მონაწილეობა და ასე დაიბადა CARTUNE.
სულ 150 საკონკურსო იდეა იყო. CARTUNE საუკეთესო 20-ში მოხვდა. პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ კი, საუკეთესო 10-ში და 5000 ლარი მივიღეთ პირველი პროტოტიპის გასამართად. აქსელერაციის ბოლოს, გამარჯვება და 100,000 ლარის ინვესტიცია მოვიპოვეთ Tegeta Holding-ისგან.
M: რა სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი თქვენს პლატფორმაზე?
CARTUNE არის სპეციალიზებული პლატფორმა ავტოსერვისების მიმწოდებლებისა და მათი მომხმარებლებისთვის. დითეილინიგ ცენტრებს ვთავზობთ სრულყოფილ და დახვეწილ პროგრამულ სისტემას მარკეტინგის, ჯავშნების და ფინანსების ეფექტურად სამართავად. ხოლო ავტომობილის მძღოლებს – მარკეთფლეისს სადაც გამჭირვალედ, მოხერხებულად და სწრაფად შეუძლიათ, მოძებნონ მათთვის სასურველი სერვისი, სახელოსნოები შეადარონ რეიტინგით, ფასითა და მომსახურების დროით, შემდეგ კი მარტივად დაჯავშნონ ვიზიტი და შეაფასონ მომსახურება.
დითეილინგ სერვისები მოიცავს: ქიმწმენდა, დეტალური რეცხვა, პოლირება, კერამიკული საფარი, ფირის მონტაჟი, სალონის რესტავრაცია, ხმის იზოლაცია, ანტი წვიმა, აუდიო სისტემის მონტაჟი და სხვა.
M: როგორ შეუძლიათ ვენდორებს თქვენთან თანამშრომლობა?
დღეს ჩვენს პლატფორმაზე უკვე რეგისტრირებულია ავტომობილის მოვლის (დიტეილინგის) სეგმენტის წამყვანი 10 სტუდია და ყოველდკვირეულად ვამატებთ ახალ სერვისცენტრებს. როგორც აღვნიშნე, სერვისცენტრებს ვთავაზობთ, ჯავშნების, ფინანსური და მარკეტინგული მენეჯმენტის სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას. იმის გარდა რომ, ჩვენითაც ვცდილობთ ყველა სანდო სახელოსნო დავამატოთ CARTUNE-ზე, ნებისმიერ სახელოსნოს შეუძლია მოგვწეროს ჩვენს Facebook-ზე ან [email protected]ზე და უმალვე დავუბრუნებთ პასუხს.
M: რამდენად მოგებიანია, როგორც ბიზნესი?
რაც არ უნდა კეთილი ჩანაფიქრი ჰქონდეს ბიზნესს, მას თუ შემოსავალი არ აქვს, აუცილებლად მოვა დღე, როდესაც ამ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს. ამიტომ ჩვენც ვაანალიზებთ, რომ ფინანსურად მყარი კომპანიის შექმნა აუცილებელი პრიობაა, ჩვენი მიზნების მისაღწევად.
CARTUNE ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ბაზარზე გაეშვა, შესაბამისად, ძალიან ადრეა რეალურ ფინანსურ მოგებაზე საუბარი. თუმცა, ჩვენ ძალიან ღრმად შევისწავლეთ ჩვენი მსგავსი გლობალური კომპანიბის ბიზნეს მოდელი და ფინანსური საქმიანობა, შესაბამისად გვაქვს, ძალიან კარგი წარმოდგენა, თუ რა სახის მოგებას უნდა ველოდეთ CARTUNE-სგან.
M: ბაზარზე რა გამოგარჩევთ კონკურენტებს შორის?
დღესდღეობით, მეგობრის გარდა, ცოტა თუ გირჩევს, სად წაიყვანო შენი ავტომობილი ქიმწმენდისთვის ან პოლირებისთვის. ვიზიტის დაჯავშნასა და ფასების წინასწარ გარკვევაზე ხომ საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება გლობალურ ჭრილში – ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ავტომობილის მოვლის სექოტრში სპეციალიზაციაა. ჩვენი გლობალური კონკურენტები არიან Yelp.com და Groupon.com, რომლებიც ჯავშნებისა და შეფასებების ზოგადი პლატფორმები არიან და მოიცავენ 100-ზე მეტ ინდუსტრიას, მათ შორის: სარესტორნო, თეატრალური და სხვა. შესაბამისად, მათთან შედარებით, ჩვენ სერვისცენტრებისა და მომხმარებლების წარმოუდგენლად უფრო ღრმა პრობლემებს შეგვიძლია გავცეთ პასუხი.
სტარტაპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რაღა თქმა უნდა, მასტაბირებადობის შესაძლებლობაა. ერთია პროდუქტს შეეძლოს მასშტაბირებადობა და მეორე ბაზარი გაძლევდეს ამის საშუალებას. CARTUNE-ის შემთხვევაში პროდუქტი (Marketplace) თავისივე ხასიათით მასშტაბირებადია. ჩვენთვის არ არის ზღვარი, რამდენი სახელოსნო ან მომხმარებელი შეიძლება დაემატოს პლატფორმას. არც ის, რომელ ქვეყანაში განვაგრძობთ ოპერირებას. რაც შეეხება ბაზარს, ბოლო 5 წელიწადში ავტო დიტეილინგის ინტერესი გასამმაგდა ხოლო, ამ სერვისების ჯავშნის ინტერესი გაექვსმაგდა. ეს სეგმენტი ძალიან სწრაფად მზარდი და ჯერ-ჯერობით საკმაოდ აუთვისებელია. ამიტომ გვჯერა, რომ CARTUNE-ს მასშტაბირების ძალიან დიდი პოტენციალი გაქვს. განსაკუთრებით ვაკვირდებით ამერიკას და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს.
M: როგორ გეგმავთ სტარტაპის მასშტაბირებას?
ჩვენი გეგმაა, საქართველოში გავტესტოთ, გავმართოთ და ავამუშავოთ CARTUNE. მაქსიმალურად შევისწავლოთ სერვისცენტრებისა და მომხმარებელების საჭიროებები და შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომლითაც საქართველოდანვე, დისტანციურად შევძლებთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში სახელოსნოების დამატებას და ბიზნესის განვითარებას. ვიცი, ამბიციური გეგმაა, მაგრამ ამბიციების გარეშე, არცერთი უზარმაზარი კომპანია არ შექმნილა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი