31
Jul
2018

„მიგვყავს, ვაკეთებთ, გიბრუნებთ“ – Caru.ge – ავტომობილის მოვლის სერვისი

31 Jul 2018

Startauperi
Startauperi


„გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ თქვენს ავტომობილს პრობლემები ჰქონია და არ გცოდნიათ სად უნდა წაგეყვანათ. შემოგივლიათ ელიავას ბაზრობა და ქუთაისის ქუჩის მაღაზიები, ქაღალდით ხელში, რომელზე ჩამოწერილი 4 ნაწილიდან 3 არც კი იცოდით, რა იყო. მიგიყვანიათ ავტომობილი ხელოსანთან და იმდენი გადაგიხდიათ, რომ თავი მოტყუებულად გიგრძვნიათ? ან თუნდაც, დროის არ ქონის გამო, გასაკეთებელი და გასარეცხი ავტომობილით გივლიათ? – სწორედ ასეთი პრობლემების თავიდან ასარიდებლად ვარსებობთ ჩვენ“, – ვკითხულობთ ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩენილი ავტომობილის მოვლის სერვისის საიტზე – Caru.ge.

სერვისის შემქმნელ – ნიკა აბაშიძესთან საუბრისას ვარკვევთ, რომ Caru არის კომპანია, რომელიც მძღოლებისთვის ავტომობილის მოვლის გამოცდილების გამარტივებას ისახავს მიზნად და ამცირებს გამოუცდელი მძღოლის ავტომომსახურების ხარჯს 25-დან 50%-მდე.

იძახებ Caru-ს სერვის მენეჯერს, მას მიყავს ავტომობილი შესაფერის ავტოსერვისში, ყიდულობს საჭირო ავტონაწილებს, აკეთებს ავტომობილს და გიბრუნებს სამუშაო დღის დასრულებამდე. საუკეთესო ფასს ვეძებთ ბაზარზე ამიტომ ყოველთვის უფრო იაფები ვართ და უფრო სწრაფები, რადგან ვიცით რომელი ნაწილი სად უნდა ვიყიდოთ“, – გვიყვება ნიკა აბაშიძე.

M: რა გამოცდილება გქონდათ ავტოსერვისის მიმართულებით და როგორ შექმენით Caru.ge?
დაახლოებით, სამნახევარწლიანი გამოცდილება მაქვს ავტოსერვისის სფეროში. თავიდან ვიყავი მხოლოდ მე, შემდეგ დავიმატე გუნდის წევრები, სერვის მენეჯერები. ჩამოვაყალიბე კომპანია, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. არის ასეთი რამ, მანქანა შეიძლება გააკეთო 100 ლარად და შეიძლება გააკეთო 50 ლარადაც და ეს 50 ლარად გაკეთებული აუცილებლად აჯობებს 100 ლარად გაკეთებულს, უბრალოდ, ამას უნდა ცოდნა. სპეციფიკური ცოდნა მანქანის მოვლას, დაახლოებით, 50%-ით აიაფებს ხოლმე. მძღოლებმა ასეთი დეტალები არ იციან, ამის ცოდნა არც არის მათი საჭიროება, ამისათვის ვართ ჩვენ, ვინც ვიცით, როგორ გავუიაფოთ მომხმარებელს ავტომობილის შენახვა.

ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა, უკვე ვთანამშრომლობთ ავტონაწილების 250-ზე მეტ მომწოდებელთან, რაც საშუალებას გვაძლევს რამდენიმე წუთში ვიშოვოთ ავტომობილისთვის საჭირო ნაწილი. გვყავს 120-ზე მეტი პარტნიორი ხელოსანი, თუ კომპანია და ვიცით, მათგან რომელი სჭირდება თქვენს ავტომობილს“.

M: როგორ, რა ეტაპების გავლით იღებს მომხმარებელი თქვენს მომსახურებას?
ჩვენი გამოძახება შესაძლებელია ტელეფონის, ან საიტის მეშვეობით, რის შემდეგაც, შესაბამის დროს, ჩვენი აგენტი მიდის მომხმარებელთან, მიჰყავს ავტომობილი, უტარებს დიაგნოსტიკას და აგზავნის ხარჯთაღრიცხვას. საჭირო ნაწილების შეძენასა და ავტომობილის შეკეთებას ვიწყებთ დასტურის შემდეგ. იმავე დღეს ვასრულებთ სამუშაოს და ავტომობილს ვუბრუნებთ მფლობელს.

M: რა სირთულეები გადალახეთ სანამ ბაზარზე Caru.ge-ს სახელით გამოჩნდებოდით?
სირთულეები იყო კომპანიებთან მოლაპარაკების ნაწილში, რომელიც მაღაზიებთან შეთანხმების მიღწევასა და პარტნიორების მოძიებას ეხებოდა. ცოტა არეული სიტუაციაა ბაზარზე, მანქანის შეკეთება თუ მოუნდება მომხმარებელს, მოუწევს გამოვიდეს და ფეხით იაროს ქუთაისის ქუჩასა და ელიავაზე დაშლილებში. სხვანაირად ვერ იპოვნი, არ არსებობს საშუალება, რომ მოძებნო სწრაფად კონკრეტული ნაწილი. სისტემატიზებული არ არის პროცესი და ჩვენც ამ უსისტემობის პირობებში, დრო დაგვეკარგა. ამჟამად, გვაქვს კომუნიკაცია მაღაზიებთან, ვიცით, ვის რა ნაწილი აქვს, ხშირად იცვლიან ხოლმე პროფილს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სწრაფად შეგვიძლია ნაწილების მოძიება.

M: როგორია Caru.ge-ს განვითარების ხედვა? 
განვითარებას ვგეგმავთ იმ მხრივ, რომ გვინდა საცალო მომხმარებელს მოვემსახუროთ, კომპანიები არ არის ჩვენი სეგმენტი, ჯერჯერობით. ამ მიმართულებით გვინდა სერვისის დახვეწა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ყველაფერი, გამოცდილება გავუმარტივოთ მომხმარებელს და გავუიაფოთ მანქანის შენახვა. ახლა, თუ შეგვიძლია გავაიაფოთ ავტომობილის მოვლა 25-დან 50%-მდე, მომავალში, გვინდა ეს ციფრი უფრო შთამბეჭდავი იყოს.

განხილვა