in

ქეჟბერია – ქართული ტრადიციული სამოსით შთაგონებული ტანსაცმლის ბრენდი

„ჩვენს ბრენდს განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. შესაძლოა, სტარტაპი დიდ ბიზნესად გადაიქცეს“

Startauperi
Startauperi

ჩოხა-ახალუხს სხვადასხვა საცეკვაო, ვოკალურ თუ თეატრალურ წარმოდგენაში, ქორწილებში ან ტელე-ეკრანებზე თუ შეხვდებით. რთულად სავარაუდოა, სამსახურში ვინმე ტრადიციული ქართული სამოსით დადიოდეს ან პაემანზე თავს სადღესასწაულო ჩოხა-ახალუხით იწონებდეს. გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ის ყოველდღიურ სამოსად აღარ გამოიყენება. ქეჟბერია, სწორედ ამ მოცემულობითაა შთაგონებული. ქართული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მხოლოდ მამაკაცის სამოსს ქმნის, ცდილობს ტრადიციული ელემენტები თანამედროვე, ყოველდღიური სტილის ჩაცმულობაში ასახოს. ქეჟბერია შეიქმნა მათთვის, ვისაც ისტორიული სამოსის ფორმები, დიზაინი, სხვადასხვა დეტალი მოსწონს, თუმცა არა იმდენად, რომ ქუჩაში ჩოხა-ახალუხით იაროს.

იდეა 2020 წელს გაჩნდა და ფრთები 2021-ში შეისხა. ტრადიციული ელემენტებით გაჯერებული სტილის გარდა, ისტორიული ქართული იდენტობა გამოვლენილია ლოგოშიც. ასომთავრულში (ძველ-ქართული დამწერლობა) ასო-ბგერა „ქ“ იწერება, როგორც –  Ⴕ. ლოგოზე სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული და ბრენდის სახელწოდებაზე უსვამს ხაზს. თუ ტანსაცმელზე Ⴕ-ს წააწყდებით ეს ნიშნავს, რომ ის ქეჟბერიას შექმნილია. 

მამაკაცის ქართული ბრენდის შესახებ უფრო დაწვრილებით სალომე თანდაშვილი გვიყვება.

M: გაგვეცანით, ვინ ქმნის ქეჟბერიას?

გამარჯობა, მე ვარ სალომე თანდაშვილი, პროფესიით მოდის დიზაინერი. ქეჟბერიას ვქმნი ჩემს მეგობარ გიგა ახვერდაშვილთან ერთად, რომელიც პროფესიით არის ელექტრო ინჟინერი,მუსიკალური DJ და პროდიუსერი.

M: რამდენად მჭიდრო შეხება გქონდათ სფეროსთან – რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე

„აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში“, მოდის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე, სადაც მივიღე საბაზისო ცოდნა ამ სფეროში. ასევე, გავიარე პრაქტიკები ქართველი დიზაინერის სახელოსნოში. ამ პერიოდის განმავლობაში, დავაგროვე ამ საქმიანობის დასაწყებად საკმარისი გამოცდილება.

M: რატომ გადაწყვიტეთ მხოლოდ მამაკაცის სამოსის შექმნა?

სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე არ მოიძებნებოდა მამაკაცის ადგილობრივი წარმოების სამოსისა და აქსესუარების ბრენდი. ძირითადად, გვხვდება მხოლოდ ქალის ან უნივერსალური სქესის ბრენდები. მხოლოდ მამაკაცის სამოსზე ორიენტირებული კი, თითზე ჩამოსათვლელია. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

M: კონკრეტულად, რას ქმნის ქეჟბერია?

ქეჟბერია ქმნის თანამედროვე, ქართულ სიმბოლიკებზე, ისტორიასა და კულტურაზე დაფუძნებულ დიზაინს.

M: თქვენი შეფასებით, რა აკლია მომხმარებელს, რასაც ქეჟბერიას სახით „შეივსებს“?

ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიური სტილის სამოსს. აღნიშნული მიმდინარეობა ჩვენთან კარგად არ არის დამკვიდრებული. გადავწყვიტეთ, ეს სტილი თანამედროვე ქართულ სამოსში გადმოგვეტანა, ეროვნული სამოსის ელემენტებისა და საქართველოს ისტორიის გაცოცხლებით. ჩვენი მიზანია, ამ მივიწყებული ძველის გაცოცხლება და თანამედროვე ყოველდღიურობაში შეთავსება და დამკვიდრება, ისე,  რომ მხოლოდ სადღესასწაულო ფორმატში არ გამოიყენებოდეს. შესაბამისად, მომხმარებელი ძველი ქართული სამოსის დანაკლისს ბრენდის თანამედროვე ფართო ასორტიმენტით „შეივსებს“.

M: როგორია ქეჟბერიას კონცეფცია?

გარკვეული პერიოდის მანძილზე, ქართველი ხალხის ყოველდღიურ („ქეჟუალ“) სამოსს ჩოხა-ახალუხი წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და ეროვნული სამოსი ყოველდღიური მოხმარებიდან გაქრა. დღეს, ჩოხა-ახალუხი ძირითადად კულტურულ და ეთნოგრაფიულ ღონისძიებებში გვხვდება. ბრენდის კონცეფციაა ქართული კულტურა და ისტორია თანამედროვე სამოსში გააცოცხლოს.

M: რა სეგმენტისთვის იქმნება ქეჟბერიას სამოსი?

ქეჟბერია იქმნება 18-40 წლამდე მამაკაცებისთვის, რომლებიც არიან სტუდენტები, ბიზნესმენები  თუ ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები. თუმცა, მომხმარებლების ასაკი ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს სეგმენტს, ანუ უფრო ფართო აუდიტორიაზე გადის.

M: რას გულისხმობს სახელი ქეჟბერია? 

ბრენდის სახელი „casual იბერიიდან“ მომდინარეობს. „ქეჟუალი“, როგორც სტილი და „იბერია“, როგორც ძველი საქართველო.

M: თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ბრენდს?

ჩვენი აზრით, განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. შესაძლოა, ჩვენი სტარტაპი დიდ ბიზნესად გადაიქცეს, რადგან ქეჟბერია ფართო აუდიტორიას მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. საბედნიეროდ, საქართველოს ისტორია მრავლისმომცველია, რაც იდეებისა და კონცეფციების განვითარებაში გვეხმარება.

M: როგორაა შესაძლებელი ქეჟბერიას სამოსის შეძენა?

ბრენდი მუშაობს ონლაინ, ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდების საშუალებით. მალე, შესაძლებელი იქნება, ონლაინ შოპინგი ჩვენს ვებგვერდზე. ასევე, გავდივართ ისეთ უცხოურ პლატფორმებზე, როგორიცაა Ebay და Amazon. გვქონდა მოლაპარაკებები მაღაზიებთან, თუმცა სამწუხაროდ, თანამშრომლობა ვერ შედგა. იმედი გვაქვს, მალე საკუთარი მაღაზია გვექნება.

M: როგორ გეგმავთ ბრენდის განვითარებას?

ვაპირებთ ფინანსების მოძიებას, ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობით. ასევე, ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას.


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

პრეისტორიული დრამი, რომელსაც ბრიტანეთში საუკუნის აღმოჩენა უწოდეს

რას ვაკეთებთ, როდესაც არაფერი გამოდის? — ინტერვიუ ელენე სიხარულიძესთან