in

ინოვაციების მოყვარული ძმების გამოგონებები, რამაც Casio-ს მსოფლიო ბაზარზე დაუმკვიდრა სახელი

Casio – სახელი, რომელსაც დღეს არამხოლოდ საათების მოყვარულები იცნობენ, არამედ მთელი მსოფლიო, იაპონიიდან იღებს სათავეს. მისი პროდუქტები პოპულარულია ახალგაზრდებში, თუმცა იცოდით, რომ კომპანიას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს? მოიმარაგეთ დილის გემრიელი ყავა, ჩვენ კი Casio-ს შექმნის შესახებ მოგიყვებით.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტადაო კაშიო, 1917 წელს დაიბადა იაპონიაში, კოჩის პრეფექტურაში. კანტოს დიდი მიწისძვრის შემდეგ, მთელი ოჯახი ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტადაოს ბიძა ცხოვრობდა. სკოლის დასრულების შემდეგ, ტადაომ შეგირდად დაიწყო მუშაობა ქარხნის ოპერატორთან. ქარხნის მფლობელმა ტადაოს ნიჭი შენიშნა და საშუალება მისცა უნივერსიტეტში დაეწყო სწავლა, მუშაობის პარალელურად. ტადაომ უამრავი რამ ისწავლა, ამზადებდა ქოთნებს, ტაფებს, ველოსიპედის ნათურებს. მოკლე დროში, სახელი გაითქვა და გახდა ქვეკონტრაქტორი, ნაწილების დამუშავებისთვის.

საკუთარი ბიზნესი ტადაომ 1946 წელს წამოიწყო, სახელად Kashio Seisakujo უწოდა. თავდაპირველად, კომპანია ამზადებდა მიკროსკოპის ნაწილებსა და მექანიზმებს. საქმეს ტადაო სამ უმცროს ძმასთან, ტოშიოს, კაზუოსა და იუკიოსთან ერთად აკეთებდა. ტოშიოს გამომგონებლური ნიჭის დამსახურებით, კომპანიამ ახალი, უჩვეულო პროდუქტი შექმნა. ომი ახალი დასრულებული იყო და გაჭირვების გამო, ადამიანები სიგარეტს ბოლომდე ეწეოდნენ. ტოშიომ გამოიგონა ბეჭედი, სიგარეტის დამჭერით, რომლითაც მოწევა იყო შესაძლებელი. პროდუქტი მალევე მოექცა მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში. გამოგონებამ კომპანიას იმხელა შემოსავალი მოუტანა, რომ ძმებმა რესურსები ახალი ტიპის კალკულატორის შექმნაში ჩადეს.

1949 წელს, ძმები ახალი პროდუქტის იდეებზე ფიქრობდნენ, როდესაც ტოკიოს ბიზნესგამოფენაზე უცხოური წარმოების ელექტროკალკულატორები ნახეს. დაფიქრდნენ, როგორ შეიძლებოდა დაეხვეწათ ეს პროდუქტი და მისი უკეთესი ვერსია შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის. ტოშიომ დაიწყო უმექანიზმო ელექტროკალკულატორის მოდელზე მუშაობა. არაერთი ცდისა და მარცხის შედეგად, საბოლოოდ, 1954 წელს, პროტოტიპი შექმნა და წარუდგინა იმპორტიორ სავაჭრო კომპანიას, თუმცა უპასუხეს, რომ ამ კალკულატორს არ შეეძლო რთული ოპერაციების შესრულება (მაგალითად, გამრავლება). ძმებმა პროდუქტის გაუმჯობესება განაგრძეს. საბოლოოდ, შექმნეა 14-A – მსოფლიოს პირველი კომპაქტური სრულად ელექტრო კალკულატორი.

ინოვაციური კალკულატორის პარალელურად, კომპანია განაგრძობდა განვითარებას. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ახალი საწარმო ააშენა, თუმცა პროდუქტების გამოგონებაზეც აქტიურად მუშაობდა. 1961 წელს, კომპანიამ მსოფლიოში პირველი შედეგის ავტომატურად გამომტანი TUC Compuwriter დააანონსა. 1965 წელს, შეიქმნა პირველი კალკულატორი, რომელსაც ელექტრონული ეკრანი ჰქონდა და კალკულაციების დამახსოვრება შეეძლო. სულ რაღაც, ერთ წელიწადში, პროდუქტი პირველად გავიდა ექსპორტზე ავსტრალიაში. ეტაპობრივად, ბრენდმა ევროპისკენაც გადმოინაცვლა და ორ წელიწადში, ციურიხში გახსნა წარმომადგენლობა. შემდეგ, აშშ-სა და კანადის ბაზრებზეც შევიდა.

დღესდღეობით, ბრენდი მხოლოდ კალკულატორების წარმოებით არ შემოიფარგლება. მის ტექნოლოგიებს შორისაა საათები, მობილური ტელეფონები, ფოტოკამერები, ელექტროკლავიატურები და სხვა.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

მშვიდად რომ იყო – „ტელნეტის” პასუხი აიტი გაუგებრობით გაღიზიანებულ თანამშრომლებს

Emergency Pizza — როცა საჭმელი დაგეწვა და გამოუვალ მდგომარეობაში ხარ