Nissan-ის ფუმფულა რობოტების კონცეფცია რომ გაგაცანით, გახსოვთ? ბავშვებისთვის მგზავრობის გასამარტივებლად რომ შეიქმნა… ახლა Casio გვთავაზობს რაღაც ასეთს, ოღონდ უკვე ჩვენი მენტალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იმ რობოტი ძაღლებისა თუ კატებისგან განსხვავებით, რომლებიც რეალური შინაური ცხოველების მიბაძვას ცდილობს, Moflin უბრალო ბინადარია, რომელიც ბედნიერებისა და კომფორტის ზონას უზრუნველყოფს. საყვარელი და ფუმფულაა, რომელიც ამ დიზაინით თქვენს სიყვარულსა და მზრუნველობაზე პასუხის გაცემას ახერხებს.
ჩათვალეთ რომ სათამაშოა, ოღონდ ცოტათი უფრო დინამიკური. ხელოვნური ინტელექტიც აქვს ჩაშენებული, რათა თითოეულს საკუთარი მახასიათებლები ჩამოუყალიბდეს თქვენთან ყოველდღიური ინტერაქციებით. ემოციებითაც შეუძლიათ მოგბაძონ, რომელთაც მოძრაობით ან ხმებით გამოხატავთ, იქნება ეს კანკალი სტრესის დროს თუ სტვენა, როცა ბედნიერი ხართ… რობოტის ემოციების წაკითხვას კი მხოლოდ სმარტფონის აპლიკაციაში შეძლებთ.
უფრო მეტად რომ მიემსგავსოს ჩვენი სახლის ბინადარს, ჩვეულებრივი დამტენის ნაცვლად, საწოლის მსგავსი მოწყობილობა აქვს, რომელიც მის დამუხტვაზეა პასუხისმგებელი.
ამ ეტაპისთვის Casio ფუმფულა რობოტს მხოლოდ იაპონიაში ყიდის, ფასი 400$-ია, თუმცა როდის ჩაეშვება იგი გლობალურად გაყიდვაში, ამის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ…