როგორც ჩანს, მკვლევრებს განახლებადი ენერგიის პრობლემასთან გასამკლავებლად გენიალური იდეა მოუვიდათ. ისინი ცათამბჯენების მასიურ ბატარეებად გარდაქმნის ვერსიაზე საუბრობენ. დიახ, გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIASA) გუნდი მაღალი შენობების ვერტიკალური სიმაღლით სარგებლობას აპირებს. სისტემას კი Lift Energy Storage Technology (LEST)-ს სახელით გვაცნობენ.
„LEST-ის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც მე-14 სართულზე გადავედი საცხოვრებლად და ლიფტში დიდი დროის გატარება მომიწია“, — აცხადებს ჯულიან ჰანთი, მკვლევარი.
იდეა შემდეგია: ავტონომიურმა რობოტებმა მძიმე ტვირთი არსებულ ლიფტებში უნდა ჩატვირთონ, ხოლო როცა ენერგიაზე მოთხოვნა დაბალი იქნება, იგი შენობის ზედა ნაწილში შეინახონ. კონკრეტული მაჩვენებლის პიკთან მიახლოების შემდეგ კი, ეს წონები ლიფტებს დაემატება და გენერატორის მეშვეობით დამატებით ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
მეცნიერთა თქმით, LEST ცალკეულ შენობებს ცენტრალურ ქსელზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. დასახლებულ ადგილებში კი მეტი განახლებადი ენერგიის შენახვის საშუალებას მოგვცემს. მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი დეტალია განსახილველი იმისათვის, რომ ცათამბჯენები ბატარეებად გადავაქციოთ. უპირველესად კი, მათ უნდა დაადგინონ, კონკრეტულად სად შეძლებენ დამატებითი ენერგიის შენახვას, როცა სისტემა სრულად დამუხტული იქნება. შემდეგი კი წონის იმგვარად განაწილებაა, რომ შედეგად ჭერის ჩამოშლა არ მივიღოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად გარკვეული გამოწვევებისა, გუნდი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ეკოლოგიურად სუფთა და მოქნილი შენახვის ტექნოლოგიები, ისეთი, როგორიცაა LEST, მომავალში საზოგადოებისთვის უფრო და უფრო ღირებული გახდება, რადგან ელექტროენერგიის დიდი წილი სწორედ განახლებად რესურსებზე მოდის. ამიტომ, შესაბამისმა ორგანოებმა ცათამბჯენებზე კონკრეტული პროექტის დანერგვა და სხვების წახალისება უნდა დაიწყონ“, — აცხადებს ბეჰნამ ზაკერი, კვლევის თანაავტორი.











