in

Caucasus Mandili – მსოფლიოში პირველი სამთო კურორტი Rotana-ს ბრენდის ქვეშ, გუდაურში აშენდება

საქართველოს საკურორტო ზონები სულ უფრო მეტად იპყრობს საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორებისა და დეველოპერების ყურადღებას. ბოლო წლებში ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა არა მხოლოდ საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე, არამედ ოთხსეზონიან, მაღალი სტანდარტის ტურისტულ პროდუქტებზე, რომლებიც ერთდროულად აერთიანებს არქიტექტურას, სერვისს, ბრენდსა და ადგილობრივ იდენტობას. სწორედ ამ ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახდა 22 მაისს, სასტუმრო Stamba-ში გამართული დახურული პრეზენტაცია, სადაც ოფიციალურად დაანონსდა ახალი საერთაშორისო პროექტი – Caucasus Mandili. პროექტი გუდაურში ხორციელდება და ის წარმოდგენილია, როგორც მსოფლიოში პირველი სამთო კურორტი Rotana-ს ბრენდის ქვეშ. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო ქართული დეველოპერული კომპანია Pontus-ის, არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორი Rotana-სა და იტალიური არქიტექტურული ბიუროს NOA-ს (Network of Architecture) მიერ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბიზნესის, ტურიზმისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, არქიტექტორები, პარტნიორები და მედია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ირაკლი ვარშალომიძე, Pontus-ის დამფუძნებელი და Makram El Zyr, Rotana-ს კორპორაციული განვითარების ვიცეპრეზიდენტი.

ვინაიდან არქიტექტურული კონცეფცია NOA-ს ეკუთვნის, მასზე ისაუბრა NOA-ს თანადამფუძნებელმა, ლუკას რუნგგერმა, რომელიც პროექტის ავტორი და იდეოლოგია. რუნგგერი ცნობილია სასტუმრო არქიტექტურის მიმართულებით და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიურ, პროფესიულ და საკონკურსო პლატფორმებში, მათ შორის Archiproducts Design Awards-ის, Archello-სა და Identity Awards-ში. მისი თქმით, იდეის საფუძველში დევს ქართული მთის კულტურის თანამედროვე გააზრება.

მანდილი, როგორც პროექტის სიმბოლო

კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა მანდილი – ქართული ტრადიციული თავსაბურავი, რომლის ფორმამაც შთააგონა სახურავის რბილი და დინამიკური ხაზები. შენობის ვიზუალი ისეა შექმნილი, თითქოს კომპლექსს მთებში გადაფენილი ქსოვილი ფარავს.

თავის მხრივ, NOA-ს გამოცდილება მაღალმთიან არქიტექტურაში, განსხვავებული ხედვა იქნება გუდაურისთვის, რადგან შეიქმნება ახალი ვიზუალური იდენტობა, სადაც ქართული სიმბოლოები, თანამედროვე ევროპული არქიტექტურა და Rotana-სთვის დამახასიათებელი აღმოსავლური ელემენტები ერთიანდება.

სამი ძლიერი მოთამაშის სინერგია

პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მასში გაერთიანებულია სამი განსხვავებული, მაგრამ ძლიერი გუნდის სინერგია: Pontus – ადგილობრივი ბაზრის გამოცდილება, Rotana – საერთაშორისო სასტუმრო ოპერირება და NOA – მაღალმთიან არქიტექტურაში სპეციალიზებული ექსპერტები. სამივე პარტნიორი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში დაგროვილ გამოცდილებას აერთიანებს – დეველოპმენტის, არქიტექტურისა და სასტუმროების ოპერირების მიმართულებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Pontus დღესდღეობით Rotana-სთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს Pontus Rotana Resort & Spa Gonio-ს, Rotana-ს პირველ სასტუმროს საქართველოში, რომელიც შავი ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობს.

Rotana-ს პირველი სამთო კურორტი მსოფლიოში

პროექტი გუდაურში ხუთვარსკვლავიანი, მრავალფუნქციური კურორტის შექმნას გულისხმობს. ინფრასტრუქტურა მოიცავს: SPA და wellness ცენტრს, საცურაო აუზს, რესტორნებსა და ბარებს, ლაუნჯზონებს, სათხილამურო სერვისებსა და მთის ინფრასტრუქტურას. ეს იქნება პირველი პროექტი გუდაურში, რომელიც სრულფასოვნად არის გათვლილი როგორც ზამთრის სეზონზე, ისე წლის დანარჩენ პერიოდზე და მსურველს, გარდა დასვენებისა, შეეძლება ინდივიდუალურად შეიძინოს სასტუმროს ნომერი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მისთვის საკმაოდ მომგებიან ინვესტიციად იქცევა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს მართვას Rotana პირდაპირი მენეჯმენტის ფორმატით განახორციელებს. ეს ნიშნავს საერთაშორისო საოპერაციო სტანდარტებს, მომსახურების ერთიან ხარისხს და იმ ტიპის სტუმართმასპინძლობას, რომელიც დღეს გუდაურში იშვიათად გვხვდება.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი გუდაურისთვის

Caucasus Mandili მხოლოდ ერთი რიგითი სასტუმრო არ არის. პროექტი ქმნის ახალ სტანდარტს მთის კურორტისთვის და რამდენიმე მიმართულებით აქვს გრძელვადიანი მნიშვნელობა: გუდაურის მომსახურების დონის ამაღლება, საერთაშორისო ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მიმდებარე ინფრასტრუქტურის განვითარება, კურორტის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა.

გარდა ამისა, პროექტი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ზონაში მდებარეობს, ახლოს მთავარ ინფრასტრუქტურასთან, პანორამულ ხედებსა და სათხილამურო ზონებთან კომფორტული წვდომით.

Caucasus Mandili კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მაღალმთიანი ტურიზმი უკვე იმ ეტაპზეა, როდესაც საერთაშორისო ბრენდები, დეველოპერები და არქიტექტურული სტუდიები ქვეყანაში არა მხოლოდ ინდივიდუალურ სასტუმროებს, არამედ ახალი ტიპის საკურორტო ეკოსისტემებს გეგმავენ. პროექტს კურორტისთვის როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული მნიშვნელობა აქვს, გრძელვადიანი სარგებლის შექმნას შეუწყობს ხელს და რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს, გაზრდის გუდაურისადმი საერთაშორისო ინტერესს და იმოქმედებს კურორტის მომსახურების დონის ამაღლებაზე.

[R]

KFC მენიუს, ბრენდინგისა და რესტორნების მასშტაბურ განახლებას იწყებს

რა მოხდება სარეკლამო რგოლში თუ კამერას არ გათიშავ – კაიაკის გულწრფელი კამპანია