„ყოველთვის შეგიძლია, ოპტიმიზმითა და ენერგიით დატვირთო წამი, უფრთხილდებოდე და გიყვარდეს სიცოცხლე…ცხოვრების კულტურად ქცეული სკრინინგით.
სიცოცხლისა და სიმშვიდის ფერი – გახსოვდეს ვარდისფერი“.
კავკასიის მედიცინის ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან კოლაბორაციით, ძუძუს კიბოს ცნობიერების ასამაღლებელ ვარდისფერი ოქტომბრის თვეს, „ვარდისფერი გზავნილის“ კამპანიით შეუერთდა.
პირველად 1985 წელს ინიციირებული ვარდისფერი ოქტომბრის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოდ, სიმშვიდესა და ზრუნვასთან ასოცირებული ვარდისფერი ლენტი იქცა. კამპანიას მრავალი ქვეყანა უერთდება ყოველწლიურად. მის მიზანს ძუძუს კიბოს დროული გამოვლინება, პრევენცია და ამ თემაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თუმცა ამ დაავადებასთან ბრძოლა კვლავაც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად.
„ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლება აქტუალური და სენსიტიური საკითხია. სამწუხაროდ, ქალებს ხშირად არ ჰყოფნით გამბედაობა, დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სკრინინგი სისტემატურად ჩაიტარონ. საქართველოში ძუძუს კიბოს პირველ ან მეორე სტადიაზე დიაგნოსტირების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. სწორედ ამიტომ ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტს ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს სხვადასხვა ფორმით, ამ შემთხვევაში კი ხელოვნებით“, – სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან კოლაბორაციით შექმნილი კამპანია მიზნად სწორედ კიბოს დროული სკრინინგის მნიშვნელობის გაზრდას, შიშის ბარიერის დაძლევასა და იმ ქალების მორალურ მხარდაჭერას ისახავს, ვინც ძუძუს კიბოს ებრძვის.
„ვარდისფერი გზავნილის კამპანიის იდეა ხელოვნების შთაგონებით გაჩნდა. ყოველთვის მჯეროდა მისი განსაკუთრებული ძალის. ვიდეო დადებით კონტექსტში, ამ შემთხვევაში კი, ცეკვით ახმოვანებს ჩვენს ოპტიმისტურ გზავნილს და ძუძუს კიბოს ცნობიერების სიმბოლოთი, ვარდისფერი ლენტის ფორმით სრულდება. დიდი მადლობა საქართველოს სახელმწიფო ბალეტს და პირადად, ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, რომელიც მაღალი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ჩაერთო კამპანიაში“, – სალომე სიხარულიძე, მარკეტინგის სამსახურის უფროსი.
ასეთი ფორმით გამოუცხადეს ქალებს სოლიდარობა ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი დარგის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასიდან და ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ მოუწოდეს.
კავკასიის მედიცინის ცენტრი მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე, მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალია, ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებისგან შემდგარი მძლავრი სამედიცინო გუნდით, უახლესი ინფრასტრუქტურითა და სერვისების მრავალფეროვნებით.
ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული სერვისების სრული სპექტრი.
2024 წლის ივლისში კავკასიის მედიცინის ცენტრს, ჯანდაცვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ნიშნად, JCI (Joint Commission International)-ის მიერ ხარისხის ოქროს ბეჭედი მიენიჭა (Gold Seal of Approval).
[R]