in

“ერთი დიდი სუპერმარკეტერი” კინოთეატრ Cavea-ს მარკეტინგის სათავეში

კინოთეატრ “კავეას” მარკეტინგის სამსახურს ორი ახალგაზრდა მარკეტერი, გვანცა გარმელია და სალომე კუპრაშვილი უხელმძღვანელებენ. Cavea-ს გადაწყვეტილება, მარკეტინგის დეპარტამენტი ერთდროულად ორი თანამშრომლისთვის ჩაებარებინა, შეიძლება ითქვას, სარისკო იყო, თუმცა, მარკეტერები საქმეს ოპტიმისტურად უყურებენ და გაერთიანებული ძალებით შეუდგნენ მუშაობას. როლები მკაცრად განსაზღვრული არ აქვთ, სურთ მაქსიმალურად სინერგიულად აკეთონ საქმე:

“მთავარია, ვიზიარებთ ხედვასა და მიდგომას, როგორი უნდა იყოს მარკეტინგის სტრატეგია. ასევე, ორივეს გვაქვს რაღაც უნარები, რითაც ერთმანეთს ვავსებთ და საბოლოოდ, გამოდის ერთი დიდი სუპერმარკეტერი.”

“კავეას” მარკეტინგში გვანცა გარმელია ფინტექ სტარტაპიდან მოხვდა. როგორც თავად ამბობს, სამსახურის შეცვლას არ ფიქრობდა, თუმცა, “კავეას” კინოთეატრში მუშაობით, სფეროს სპეციფიკის გამო, მაინც დაინტერესდა. გვანცა, 2017 წელს, კანის ლომების შიდაშესარჩევ კონკურსზე მონაწილეობდა, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში და პირველ ათეულშიც მოხვდა. სალომე კუპრაშვილი, კინოთეატრამდე, ჯერ სააგენტო Betterfly-ში, შემდეგ კი, Tegeta Motors-ში, Shell Lubricants-ში, NGT Group-ში, adjara.com-სა და TBC-ში მუშაობდა.

გვანცა გარმელია: “აქ Insource-ით მოვხვდი – დამირეკეს, რომ “კავეაში” მარკეტინგის ხელმძღვანელს ეძებდნენ. მაშინ სამსახურის შეცვლაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ რადგან საქმე “კავეას” ეხებოდა, ინტერესმა მძლია. კინოში მუშაობა რომანტიკულად და სახალისოდ ჟღერდა. თუმცა, უკვე გასაუბრებაზე როცა მოვედი, უფრო იმან მომხიბლა, რომ ჩემი ხედვები ზოგადად მარკეტინგზე და “კავეას” ბრენდის განვითარებაზე, დაემთხვა.

ყველაზე საინტერესო ამოცანა ჩემთვის, როგორც მარკეტინგის თანახელმძღვანელისთვის, არის პროდუქტის და customer experience-ის (მომხმარებლის გამოცდილება) განვითარება. 2019 წელს, ბრენდის იმიჯი დიდ, ხმაურიანი სარეკლამო კამპანიებზე მეტად, მომხმარებლის experience-ის განვითარებაზეა დამოკიდებული. ჩემი და სალომეს მთავარი ამოცანაც ეს არის, მონაცემთა ანალიზის შედეგად, დავიჭიროთ საინტერესო ინსაითები, რომლებსაც არა მარტო კომუნიკაციის დაგეგმვაში გამოვიყენეთ, არამედ, პროდუქტში და კინოში სიარულის გამოცდილების გაუმჯობესებაში.

სალომე კუპრაშვილი: “ყველანაირ გამოცდილებას ძალიან ვაფასებ. თითოეული სამსახური საინტერესო და სარგებლიანი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი საქმიანობის კინოსთან თანაკვეთა უფრო მახალისებს. როცა დამირეკავენ და მკითხავენ, სად ვარ, სამუშაო საათებშიც რომ ვუპასუხებ კინოში-მეთქი, მარტო ეგ რად ღირს.

adjara.com-ში adjaranet.com-ის, cinemania.ge-სა და კიმონოს მარკეტინგულ კომუნიკაციებს ვმართვადი. შესაბამისად, ვიცნობ კინომოყვარულების ციფრულ ქცევასა და ინტერესებს. ეს გარკვეული უპირატესობაა. თუმცა მეორე მხრივ, კინოში კინოს ნახვა ძალიან განსხვავდება ციფრულად იმავეს კეთებისგან და პროცესიც სრულიად სხვა გამოცდილებასა და სიამოვნებას ანიჭებს კინომოყვარულს. Cavea-ში „ერთი ქცევის“ სხვადასხვა განზომილებაში შესწავლის იშვიათი შანსი მომეცა და შედეგები თვითონაც ძალიან მაინტერესებს.  ჩვენი ფუნქციები არ იზღუდება მხოლოდ კომუნიკაციის მართვით და მოიცავს პროდუქტების განვითარებასაც. ცხადია, ეს მეტ მესაძლებლობას მოგვცემს Cavea-ს მარკეტინგი მაქსიმალურად მომხმარებელზე ცენტრირებული გავხადოთ.

M: ორი ადამიანი ითავსებთ ერთ პოზიციას. როგორ ახერხებთ ერთად მუშაობას, მით უფრო, რომ აქამდე საერთო საქმე არ გიკეთებიათ?

ჯერ მხოლოდ მეორე კვირაა, რაც აქ ვართ. საქმე ბევრია და გვინდა, “კავეას” მარკეტინგი მაღალ სტანდარტზე ავიყვანოთ. ეს კი, მხოლოდ ბრენდის კომუნიკაციითა და პრომო კამპანიებით არ შემოიფარგლება. ამასთან, ვხვდებით, რომ ერთმანეთში განხილვის შედეგად ყველა იდეა რაც ინდივიდუალურად მოგვდის, უკეთესი ხდება. ვფიქრობთ, მენეჯმენტის გადაწყვეტილება, ორი დირექტორი ჰყოლოდა მარკეტინგის გუნდს, როგორც იდეა, რისკიანი იყო, თუმცა გვჯერა, ეს რისკი რეალობაში გაამართლებს და საბოლოოდ, მაღალ ამონაგებს მიიღებს მარკეტინგის გუნდი. ბევრ რამეს ერთნაირად ვხედავთ და ერთად მუშაობაც არ გვიჭირს. ეს გასაუბრებებზეც დაინახა მენეჯმენტმა და ამიტომაც შემოგვთავაზეს ერთად მუშაობა.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Facebook-ზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პოსტებს ალგორითმი გააკონტროლებს

სანიტარი რობოტი ბაქტერიების წინააღმდეგ – CleanseBot