in

Cellfie – როგორ შეიქმნა ახალი, 100%-ით ქართული სატელეკომუნიკაციო ბრენდი

ქართულ ბაზარზე ახალი მობილური ოპერატორი Cellfie გამოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში, კომპანიას აბონენტები „ბილაინის“ სახელწოდებით იცნობდნენ, თუმცა ახლა, ძირეული ტრანსფორმაციის შედეგად, ის სრულიად ახლებური სახით წარდგა მომხმარებლების წინაშე. ბრენდმა სახელის, სლოგანის, ვიზუალური ბრენდინგისა და კონცეფციის საფუძვლიანი ცვლილება განვლო. დღეს, Cellfie 100%-ით ქართული ბრენდია. თავისი კონცეფციით, ის თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს გამოხატავს. Cellfie-ის ბრენდინგზე უკრაინულმა სააგენტო Serviceplan-მა იმუშავა. ახალი ბრენდის ჩამოყალიბებაზე Cellfie-ის ბრენდისა და მედიის ხელმძღვანელი მეგი აბაშიძე, ასევე, Serviceplan-ის მმართველი დირექტორი ელენა იაკოვლევა და Serviceplan-ის კრეატივ დირექტორი იგორ კლიმენკო გვესაუბრნენ.

M: რა საჭიროება დაინახეთ ასეთი ძირეული რებრენდინგისთვის?

მეგი აბაშიძე: რებრენდინგის გაკეთების აუცილებლობა ორმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი გახლდათ ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დავიწყეთ ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა, რომლებიც მომხმარებლის ახალი ციფრული ცხოვრების სტილს ზუსტად ესადაგებოდა. მეორე ფაქტორი კომპანიის ახალი მფლობელობაა. როგორც იცით, „ვიონი საქართველო“ ქართულმა უმსხვილესმა ჰოლდინგმა „სიბიეს ჯგუფმა” შეიძინა. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბრენდის ციფრულ ტრანფორმაციასთან ადაპტაციის აუცილებლობა დავინახეთ, გვინდოდა ხაზი გაგვესვა, რომ 100%-ით ქართულ კომპანიასა და ბრენდს წარმოვადგენთ.

M: მიმოვიხილოთ, რა შეიცვალა ვიზუალური და სტრატეგიული რებრენდინგის ფარგლებში?

მეგი აბაშიძე: სრულად განახლდა ბრენდის ვიზუალური მხარე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ლოგოს ცვლილება, რომელიც თანამედროვე და ციფრული ტრენდების გათვალისწინებით განხორციელდა. გეომეტრიულად, ლოგოში ერთმანეთს სამი კვადრატი კვეთს. გადაკვეთის წერტილში ყველასთვის ცნობილ Play ღილაკს ქმნის, რაც ციფრულ ტრანსფორმაციაზე მიგვანიშნებს.

ძირეულად შეცვლილია ციფრული არხების დიზაინი და მათი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც უკეთესად პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს: ციფრული სერვისი იყოს მოქნილი, მარტივი, სწრაფი და მათ სურვილებზე მორგებული.

M: როგორი იყო სააგენტოს დავალება დამკვეთისგან?

ელენა იაკოვლევა: ეს გახლდათ კომპლექსური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სურდათ შეგვექმნა უნიკალური და თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ბრენდი. ამისათვის ყველაფერი მოგვცეს – საჭირო მონაცემები, ნდობა და შემოქმედებითი თავისუფლება, რაც უმნიშვნელოვანესია ასეთ პროცესში.

პროექტი ბრენდინგის ყველა ასპექტს აერთიანებს:

– საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება

– სახელდება და კორპორატიული იდენტურობა

– სრული რებრენდინგი ნულიდან

ყველა ეტაპი ქართულ სამიზნე აუდიტორიაზე გაიტესტა და შესაბამისობაში მოვიდა. შევიმუშავეთ შემოქმედებითი პლატფორმა, კომპანიის სლოგანი და ტონი. დამკვეთთან ერთად, ერთ გუნდთან ვმუშაობდით და მრავალრიცხოვანი ცოცხალი თუ ონლაინ შეხვედრების შემდეგ, ეს შედეგი მივიღეთ. ამ დროისათვის, Cellfie-ს აქვს ყველაფერი, რაც ახალ ბრენდს ესაჭიროება წარმატებული განვითარებისთვის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვართ.

M: როგორ ჩამოაყალიბეთ Cellfie-ის ბრენდინგი?

იგორ კლიმენკო: პირველ რიგში, სახელდებით დავიწყეთ. ისეთი ვარიანტის მოძებნა გვჭირდებოდა, რომელიც გარკვეული გზავნილის მატარებელი იქნებოდა ბრენდის შესახებ და ადვილად აღძრავდა პირველ შთაბეჭდილებას მომხმარებელში. უკრაინული და ქართული ენების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო. ბრენდის გუნდთან ერთად, აქტიურად განვიხილეთ სახელდების ვარიანტები და თითოეული მათგანისთვის გრაფიკული ვიზუალიზაციის მონახაზები შევქმენით. შემდეგ, თითოეული მათგანი გამოვცადეთ ქართულ სამიზნე აუდიტორიასთან. საბოლოოდ, ჩვენი რეკომენდაციით, მენეჯმენტმა არჩევანი Cellfie-ზე შეაჩერა.

მეგი აბაშიძე: ჩვენი მიზანია, აბონენტებს მივცეთ შესაძლებლობა და მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, ეს პროცესი კი მათთვის სასიამოვნო და დროის დამზოგველი იყოს. სწორედ ამის გათვალისწინებით შემუშავდა ცვლილებები ციფრულ არხებსა და ჩვენს პროდუქტებში.

რაც შეეხება კომპანიის ღირებულებებს გამოვყოფდი მთავარ მიმართულებებს: ციფრული ტრანსფორმაცია და მომხმარებელზე მუდმივი ორიენტირება. ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ, ვსწავლობთ და ვიზრდებით აბონენტებთან ერთად. ვართ მოქნილები, რომ ახალი შესაძლებლობები გადავაქციოთ ახალ, წარმატებულ რეალობად, სიახლეების დაუღალავი ძიებით ვაუმჯობესებთ მომხმარებლის გამოცდილებას, ვმუშაობთ გუნდურად და რაც მთავარია, მტკიცედ ვიცავთ ბიზნეს ეთიკის უმაღლეს სტანდარტს.

M: უფრო ვრცლად, რას გამოხატავს Cellfie-ის ლოგო და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერთა პალიტრას?

იგორ კლიმენკო: Cellfie-ის ლოგო შემუშავდა სამი მრგვალკუთხა კვადრატის კომბინაციით, რომლებიც სმარტფონის ეკრანებს გამოხატავს, რაც ბრენდის მთავარი ორიენტირია. მათი თანაკვეთა Play ღილაკს ქმნის, რაც მედიაკონტენტს, მუსიკას, ვიდეოსა და სხვა ტიპის კონტენტს ასახავს. ამ ობიექტების ერთობლიობა კი კამერის ჩამკეტის დახურვას ჰგავს, რაც ბრენდის სახელწოდებას უსვამს ხაზს.

რაც შეეხება ბრენდის ფერთა გამას, ის რამდენიმე ეტაპად ჩამოყალიბდა. თითოეულ ეტაპზე, ანალიზდებოდა გლობალური დიზაინის მიმდინარე ტენდენციები და მუშავდებოდა ფოკუს ჯგუფებთან ერთად. ფერთა გამა ავირჩიეთ იმ პრინციპით, რომ ლოგო თანაბრად ნათელი და ცნობადი ყოფილიყო სხვადასხვა მედიაში. ჩვენდა გასახარად, ფერთა გამიდან ერთ-ერთის ტონალობა PANTONE-მა წლის ფრად დაასახელა, რამაც გადაწყვეტილების სიზუსტეში დაგვარწმუნა.

M: როგორია Cellfie-ს კონცეფცია და პოზიციონირება?

მეგი აბაშიძე: Cellfie – ეს ნიშნავს გამოხატო საკუთარი თავი და იყო ნამდვილი. ეს იქნება ტელეკომუნიკაციების ახალი თაობა, რომელიც შემოგვთავაზებს განუსაზღვრელ შესაძლებლობებს თვითგანვითარების ყოველ ეტაპზე. 

სახელი Cellfie მიუთითებს, რომ ბრენდის სამყაროში ყველაფერი აბონენტის კმაყოფილებისთვის იქმნება, სწორედ მის კომფორტზეა მორგებული ჩვენი ყველა პროდუქტი. ბრენდი  გახდება ხიდი ციფრულ სამყაროსთან და ამასთანავე იქნება მომხმარებლის გზამკვლევი ციფრულ გარემოში. ბრენდის ფილოსოფია არის შთაგონება, იყო აქტიური, თავად მართავდე მოვლენებს და მუდამ გქონდეს წინსვლის სურვილი მიზნების მისაღწევად. აუცილებელია დამატებით გამოვყო Cellfie-ის ძირეული ღირებულებები:

  • თავდაჯერებულობა – რაც გვეხმარება მიზნების მიღწევაში 
  • ოპტიმიზმი – რწმენა, რომ შევქმნით ჩვენთვის საუკეთესო მომავალს
  • პიროვნული ზრდა – ბიძგი, შეუჩერებლად ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე

იგორ კლიმენკო: სახელწოდება Cellfie არის ბრენდის კრეატიული კომბინაცია – ერთი მხრივ, გადმოსცემს მის არსს, როგორც მობილური ოპერატორის, მეორე მხრივ, ასახავს პოზიციონირებას – თვითრეალიზებისთვის განკუთვნილ ციფრულ გადაწყვეტილებებს. ახლა, როდესაც ბრენდი გაეშვა, ვაცნობიერებთ, რა გზა გავიარეთ იდეიდან შედეგამდე და გვჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივედით.

M: როგორია თქვენი მოლოდინი, როგორ მიიღებს მომხმარებელი განახლებულ ბრენდს?

მეგი აბაშიძე: გვჯერა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები, რომლებსაც მომხმარებელს შევთავაზებთ, პოზიტიურ ცვლილებებს დააჩქარებენ და წარმოქმნიან შეუზღუდავ შესაძლებლობებს ციფრულ სამყაროში. ბრენდი იქნება ჩვენი აბონენტების ერთგავარი მეგზური თვითგამოხატვის გზაზე. Cellfie-სთან ერთად ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, რომლებიც მუდამ მზად არიან ცვლილებებისთვის,  ციფრული ტექნოლოგიების სწრაფად ადაპტირებისთვის. Cellfie იქნება ბრენდი, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას გამოხატოს საკუთარი თავი და განავითაროს შესაძლებლობები. 

“მძღოლსაც გააჩნია” – სოკარის ახალი კამპანია, რომელიც გვახსენებს, რომ ყველაფერს საგზაო მოძრაობის წესები ვერ დაარეგულირებს

ვაზის დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით და 70%-იანი სუბსიდიით