in

აღმოაჩინე შენი საქართველო – ჩაალაგეთ ბარგი, გაშალეთ რუკა და მოემზადეთ თავგადასავლებისთვის

ტურიზმის ღირებულება ჩვენს ქვეყანაში

მსოფლიოში იშვიათად თუ შეხვდებით საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, რომელსაც ზურგს უმაგრებს კულტურით გაჯერებული მრავალსაუკუნოვანი ისტორია. თანამედროვეობის კვალდაკვალ აქ შეგიძლიათ გააცოცხლოთ წარსული ტრადიციები – ეზიაროთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ადათ-წესების შერწყმის ნაყოფს და გაოცდეთ ჰუმანური და პროგრესული ღირებულებებით, რომელსაც ქვეყანა ატარებს.

ახალმაკორონავირუსმა ტურიზმის სფერო, ფაქტობრივად, შეაჩერა. მრავალი ათასი ადამიანის ფინანსური შემოსავალი დამოკიდებული იყო ტურიზმის ბიზნესსა და მასპინძლობის ინდუსტრიაზე. მათ დაკარგეს შემოსავალი, შეფერხდა მათი პროფესიული განვითარება და ჩართულობა მცირე და საშუალო ბიზნესში.

საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასა და მის სასიკეთო გავლენებზე გვესაუბრა შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი. როგორც იგი გვიყვება, ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი იმ რაოდენობასთან შედარებით, რა რაოდენობის ტურისტიც ჩამოდიოდა საქართველოში. 9 მილიონი ვიზიტორი და თითქმის 4 მილიონი მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. აქ ბალანსი დარღვეულია და 2019 წლის მონაცემებთან, ბუნებრივია, ახლოსაც ვერ მივა. შიდა ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ინვესტიციების კუთხითაც. საქართველოს მოქალაქეების შეძლებული ნაწილი, რომელიც შიდა ტურიზმის პროდუქტს მოიხმარს, ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს წამოაყენებს.

“დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს აგრო-ტურიზმსა და ეკო-ტურიზმს, ასევე კულტურულ და სათავგადასავლო ტურიზმს. საქართველოს პოტენციალი და სამომავლო მიმზიდველობა არის „მწვანე ტურიზმი“: მოვლილი კულტურის ძეგლები; დაცული ტერიტორიების სიმრავლე; ეკოლოგიურად სუფთად მოყვანილი პროდუქტი; ტრადიციული სამზარეულო და ფოლკლორი; ყოველგვარი მიმზიდველობა, რომელიც ქვეყნის თვითმყოფადობას გამოხატავს. მცირე ბიზნესის სიმრავლე რეგიონებში და ეკონომიკური სარგებელის ურთიერთდამოკიდებულება ტურიზმის სასარგებლოდ.“

როცა პანდემიამ გვიბიძგა, შორეული ქვეყნები დაგვევიწყებინა, მოგზაურთათვის პრიორიტეტად შიდა ტურიზმი იქცა. ახლა სწორედ ის დრო დადგა, როცა ბარგი უნდა ჩავალაგოთ, პასპორტი შინ დავტოვოთ და ჩვენი ქვეყნის ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ საინტერესო ადგილები მოვინახულოთ.

ქედა – აჭარის მაღალ მთებში არსებული განძი

თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ზაფხულის ცხელი დღეები მთაში გაატაროს თუ ზღვაზე, გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებით და გეტყვით, რომ ბათუმის ცხელი სანაპიროდან 42 კილომეტრის დაშორებით ქედის მუნიციპალიტეტში შეძლებთ მაღალ მთებში ჩაიკარგოთ, დააგემოვნოთ ენდემური ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო, გადაიაროთ უძველეს თაღოვან ხიდებზე, დატკბეთ მშხეფარე ჩანჩქერების ცქერით და აღმოაჩინოთ თქვენი აჭარული საქართველო, სადაც მასპინძლობას გაგიწევთ ადგილობრივი მეღვინეები, რომლებიც ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონიდანაც კი ახერხებენ მსოფლიო ტურიზმის ტენდენციების აყოლას და ტურისტებს მეგობრულ და კომფორტულ გარემოს სთავაზობენ.

შატო ივერი, ქედა

რას გიმზადებთ ქედა

გარდა მეღვინეობისა, ქედა საინტერესოა კემპინგის მოყვარულებისათვის, აქ შეგიძლიათ გამოცადოთ გლამურული ქემფინგი -სადაც გარდა იმისა, რომ სტუმარს დახვდებათ ძალიან კომფორტული და გემოვნებით მოწყობილი სასტუმრო ნომრები პანორამული ხედებით, ასევე, ისარგებლებენ შემდეგი სერვისებით: სახლის კინოთეატრით და მცირე ბიბლიოთეკით, მოსასვენებელი სივრცეებით, სპა აუზით/ჯაკუზითა და საუნით. ქედა საინტერესოა ექსტრემალური ტურიზმის მიმდევრებისთვის, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, სოფელ მახუნცეთის კლდეებზე მოწყობილი საცოცი კლდე, „ბეწვის ხიდი“ გადალახონ. რაც მთავარია, გურმანებს არ დაგავიწყდეთ აჭარული სამზარეულოს დიდებულება – აქ ძალიან საინტერესო და განსხვავებულ კერძებს შეხვდებით, რომლებიც, ძირითადად, რძის ნაწარმით მზადდება: ბორანო, კაიმაღი, სინორი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მაღალმთიან აჭარაში დააგემოვნებთ.

გლამურული კემპინგი Hill Inn, ქედა


ქედაში მოგზაურობისას აუცილებლად დარწმუნდებით, რომ იგი ქართული ტურიზმის ერთ-ერთი მარგალიტია. ადგილი, სადაც მოსახლეობამ იცის, რა სურს ტურისტს, სადაც ადგილობრივები სწავლობენ უცხო ენებს, ვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით და მზად არიან, სტუმარს ისე შეეგებონ, რომ თან გააყოლონ მაღალმთიანი აჭარის ემოცია და მუხტი, ის, რაც არასდროს შეიძლება დაგავიწყდეს, ის რაც გაფიქრებინებს, რომ საქართველო შენშია და შენია.

საოჯახო სასტუმრო ‘მოყვარე’, მერისი, ქედა


წალკა – ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება

ქედის მუნიციპალიტეტიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით კი, აღმოაჩენთ სრულიად სხვაგვარ სამშობლოს, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებით, ღირსშესანიშნაობებითა თუ ისტორიით ყველა ადამიანის გაოცებას იწვევს – შუა საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი, ახლა კი წალკის მუნიციპალიტეტი, დახუნძლული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებითა თუ უძველესი შენობა-ნაგებობებით თქვენს გონებაში წარუშლელ კვალს დატოვებს.

და მაინც, ვისთვისაა წალკა საინტერესო? პასუხი მარტივი, თუმცა მრავლისმომცველია – ყველა ტიპის ტურისტისთვის, დაწყებული ბუნების მოყვარულებით, არქეოლოგიით გატაცებულებით თუ პილიგრიმებით.

წალკის რაიონში არსებული კანიონები, წყაროები, ვულკანური წარმოშობის მთები, ტბები და წყალსაცავი ხშირად გამხდარა არაერთი ფოტოგრაფის ინსპირაცია. ხოლო მეგალითური ნაგებობები, მეზოლითური და ბრინჯაო-რკინის ხანამდე გამოქვაბულებში შექმნილი ნახატები, ყორღანული სამარხები და მენჰირები(ვერტიკალურად ჩასობილი ლოდები/წყლის ღვთაებები) უამრავ ისტორიაზე შეყვარებულ ადამიანს ხიბლავს.

წალკაში მყოფმა, შეუძლებელია, ყურადღება არ გაამახვილოთ ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, რომლებიც არ გამოირჩევიან მასშტაბურობით, თუმცა თვალშისაცემია არქიტექტურული კუთხით. აქ ნახავთ დარბაზული ნაგებობის, უგუმბათო, სხვადასხვა ფერის ქვით ნაგებ ტაძრებს. წარმოუდგენელია, დაივიწყოთ მდინარე ქციაზე გადებული ოთხმალიანი ხიდი და ლანდშაფტი, რომელიც კლდეკარის ცნობილი ციხის წვერიდან იშლება.

ისტორიული ქარვასლა, რომელიც აგებულია დაუმუშავებელი ქვებით

მრავალეთნიკური გარემო

ისიც უნდა ითქვას, რომ წალკის მიწა-წყალზე ქართული კულტურის გვერდით XIX საუკუნეში ფეხი მოიკიდა გერმანულმა კულტურამ. აქ დღემდე ნახავთ გერმანელთა მიერ აგებულ სახლებსა და ლუთერანულ ტაძარს. გერმანელების მსგავსად, საკუთარი ტრადიციები და ადათები წალკის მკვიდრთ აჭარისა და სვანეთის მოსახლეობამაც გაუზიარა. წალკაში არსებული მრავალეთნიკური მოსახლეობა თავისი ტრადიციული სამზარეულოთი, ფოლკლორითა და ტრადიციებით იმ არამატერიალურ კულტურას ჰქმნის, რომლის გაზიარებაც თითოეული ტურისტისთვის დიდ ემოციასთან ასოცირდება. აქ შეგიძლიათ, გაეცნოთ ფეტვიანი ხაჭაპურის, კუბდრისა და სვანური მარილის დამზადების ტრადიციულ მეთოდს, ისწავლოთ ცეკვა ფერხული და ხეზე კვეთის ტრადიცია. ასევე აჭარისგან შორს, თუმცა აჭარელი მოსახლეობისგან მიიღოთ ცოდნა ტრადიციული ხელსაქმის შესახებ, გაეცნოთ სიმღერებსა და ცეკვებს და დააგემოვნოთ აჭარული ტრადიციული ყოფითა და მაღალმთიანი ცხოვრების წესით შთაგონებული კერძები.

ჭიქიანის მთა ჩამქრალი ვულკანი

ნუ გაიკვირვებთ, თუკი გეტყვით, რომ წალკაში, შესაძლოა, შეხვდეთ სომეხ, აზერბაიჯანელ და ბერძენ ადამიანებს, ისინი წალკის მუნიციპალიტეტის ეთნიკურ უმცირესობაში არიან, თუმცა შეიძლება თამამად ითქვას, რომ მათი როლი დიდია რეგიონის კულტურისა და ყოველდღიურობის შექმნაში.

თქმულებებით სავსე რეგიონი

კიდევ ბევრი შეიძლება დაიწეროს წალკის, როგორც ტურისტებისთვის ეგზოტიკური მხარის, ღირებულებებზე, თუმცა დასასრულ გავიხსენებ მითებს წალკის წყალსაცავში ჩაძირული სოფლის შესახებ, არწივთა სამყოფელსა და ქვაკაცა ვეშაპების თქმულებებს, რომელთაც თუკი ერთხელ მაინც წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ რეგიონს, რომელმაც შვა ეს ისტორიები და შექმნა მრავალეთნიკური და უნიკალური კულტურა, ტურისტი გვერდს ვერ აუვლის.

თრიალეთის პეტროგლიფები

და მაინც, რატომ ქედა და წალკა?

ქედა და წალკა ის ორი მუნიციპალიტეტია, რომელიც აქტიურად ვითარდება ტურიზმის კუთხით. მაგალითისთვის, ქედაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის მარნები, როგორებიცაა შერვაშიძეების სოფელ პირველ მაისში, შავიშვილების სოფელ ვაიოში, სირაბიძეების სოფელ გეგელიძეებში და სხვა მრავალი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტების „ქედა ლიდერის“ და „ეს წალკაა“  ხელშეწყობით განვითარდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა, გარდა ზემოთხსენებული მცირე ბიზნესებისა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამით ისარგებლა განსხვავებულ სფეროში მოღვაწე ადამიანებმაც – ქედის პროექტს უამრავი ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ ბიზნესებს და წარმატებასაც აღწევენ. რაც შეეხება წალკას, პროექტის მიზნები აქაც იგივეა – ხელი შეუწყოს და განავითაროს ქართული ტურიზმი და მოსახლეობას შეუქმნას ეკონომიკური შესაძლებლობები, ქედისგან განსხვავებით, წალკის პროექტი შედარებით ახალია, თუმცა ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები აქვთ – ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და საინტერესო ინიციატივებს, რომლებიც თავისთავად განავითარებენ ადგილობრივ ტურიზმს და ადამიანებს იმ დაკარგული ან მიმალული საოცრებების აღმოჩენაში დაეხმარება, რომლებიც ძალიან ახლოს შეუმჩნევლად გვაქვს.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია, ჩავალაგოთ ბარგი და აღმოვაჩინოთ ჩვენი საქართველო!

სტატია მომზადდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებთან „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ თანამშრომლობით, რომლებსაც ახორციელებს  CENN. პროექტის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ მუნიციპალიტეტებში მცირე ბიზნესის განვითარებისა და გაზრდის კუთხით, ეხმარებიან ქედასა და წალკას ეკონომიკურ დივერსიფიკაციაში.

[პარტნიორის კონტენტი]

ავტორი: ანა ბიბილეიშვილი

Young Lions Live Award – შანსი 2021 წლის კანის კრეატიული ფესტივალის საგზურის მოსაგებად!

სილამაზის დღეები „ავერსში“