დღეს კიდევ ორი ახალგაზრდა უნდა გაგაცნოთ, რომლებმაც გარემოსდაცვითი პროექტები განახორციელეს თავიანთ რეგიონებში, იმერეთსა და კახეთში. შეგახსენებთ, რომ ამ სერიაში უკვე არაერთი სტატია მოვამზადეთ და ბევრი საინტერესო ინიციატივაც გაგაცანით, რომლებიც CENN-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის, კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკის ფარგლებში მომზადდა. ბანაკმა სულ ოთხი რეგიონი მოიცვა: რაჭა, კახეთი, იმერეთი და გურია.
გვანცა გაფრინდაშვილი ახლა სტუდენტია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ის ჭიათურაში დაიბადა და ბავშვობიდან მონაწილეობდა ისეთ მოხალისეობრივ პროექტებში, რომლებიც გარემოს დაცვას ეძღვნებოდა. სწორედ ამ ინტერესმა მიიყვანა ის ბანაკამდე და მისი პროექტი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
„ამ პროექტის ფარგლებში გავერთიანდით ჭიათურის, ტყიბულისა და ზესტაფონის ახალგაზრდები. ჩვენი იდეა იყო, სამიზნე მუნიციპალიტეტებში, იმ ქალაქებში, სადაც ყველაზე მწვავედ დგას გარემოს დაცვის პრობლემა, დაგვემონტაჟებინა მზის პანელები და, ამასთან ერთად, აგვემაღლებინა მოსახლეობის ცნობიერება იმის შესახებ, რომ მზის ენერგია უსაფრთხო ენერგიაა და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. კლიმატის ცვლილება ის გამოწვევაა, რომელიც ჩვენ შეიძლება ვერ შევაჩეროთ, თუმცა ადამიანებს აუცილებლად უნდა მივცეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა.
მსგავსი ინიციატივა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, დავამყაროთ კონტაქტები, გამოვავლინოთ ჩვენი უნარები, შესაძლებლობები და ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკიდანვე მონაწილეობა მივიღოთ ისეთ საქმიანობაში, რითაც საკუთარ ქალაქებს გამოვადგებით”.
გიორგი მოკვერაშვილი 23 წლის არის. მისი გამარჯვებული პროექტი გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მოიცავდა ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ. აგრეთვე, ქაღალდის ნარჩენების სეპარაციის დანერგვას გურჯაანისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების 4 სამიზნე სკოლაში.
„ჩემი ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ცხოვრების გაცნობასთან და აქტივიზმის გაძლიერებასთან, შესაბამისად, СENN-ის ბანაკში მონაწილეობაც ამ მიზნით მივიღე.
ჩვენი პროექტი მოიცავდა ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს, რომლის ბოლოსაც მოსწავლეებს ჩავუტარეთ ქვიზი. ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იზრუნონ გარემოზე და, თუნდაც, ქაღალდის სწორი მოხმარებით როგორ არის შესაძლებელი ეს ყველაფერი.
საბოლოო ჯამში, პროექტი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რადგან აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები და თანამოაზრეები. საინტერესო იყო ისიც, რომ ადამიანებს, რომლებიც საერთო პრობლემაზე ვფიქრობდით, გვქონდა ამ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა ხედვა და ეს ხედვა გავაერთიანეთ. გარდა იმისა, რომ მსგავს პროექტებზე მუშაობა ახალგაზრდებს ცნობიერებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას უმაღლებს, ასევე ზრდის ქსელური მუშაობის პერსპექტივასა და მოტივაციას, რომ აკეთო შენი საქმე უფრო ეფექტურად”.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
[R]