კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა, რომელიც გავლენას მთელ პლანეტაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ახდენს. ხშირად მცდარი წარმოდგენა აქვთ იმაზე, რომ ეს მხოლოდ გარემოსდაცვითი პრობლემაა. სინამდვილეში, ეკოსისტემური ცვლილებები სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს, ამიტომ აუცილებელია, თითოეულმა ორგანიზაციამ თუ მოქალაქემ ნებისმიერ ქვეყანაში ყურადღება მიაქციოს გარემოს დაცვას.
ამ კუთხით საკმაოდ აქტიურია არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, რომელიც თავის პარტნიორებთან ერთად უამრავ ინიციატივას ახორციელებს და ამ ინიციატივებს marketer.ge-ს მკითხველი პერიოდულად ეცნობა. CENN-ის ერთ-ერთი წარმატებული საქმიანობა სწორედ კლიმატის ცვლილებას ეხება – „კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის”, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. მის ფარგლებში, მონაწილეებმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომლებსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.
მარი დავლაძე, 20 წლის, კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი გურიიდან:
„გარემოსდაცვითი საკითხებით 2020 წლიდან აქტიურად დავინტერესდი და სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამაში ვიყავი ჩართული, რომლებიც მოიცავდა გარემოსდაცვითი კამპანიების შემუშავებას და საკითხის პოპულარიზაციას. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები გურიის რეგიონში ბოლო დროს განსაკუთრებით მკვეთრად შეინიშნება, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ჩემი და ჩემი თანატოლების დაინტერესება საკითხით. აქტიურად ვესწრებოდი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ თემატურ შეხვედრებს, რათა გამეღრმავებინა ცოდნა და შემდეგ გამეზიარებინა სხვებისთვისაც.
ასე მოვხვდი CENN-ის პროგრამაში, სადაც 4 რეგიონის ახალგაზრდებთან ერთად ვმუშაობდი საინტერესო ინიციატივებზე, პრევენციის გზების ძიებასა და გამოწვევებზე. მოვამზადეთ პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში. ის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკულ ქმედებებს გულისხმობდა. ჩავატარეთ თემატური ტრენინგები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში, სადაც განვიხილეთ კლიმატის ცვლილების მიზეზები, შედეგები, ენერგოეფექტიანობა და ნარჩენების მართვა. ორგანიზებული იყო პლასტმასის ნარჩენების შეგროვების კონკურსი „არა პლასტმასს – გარემოსთვის“, რომლის მიზანი იყო გარემოს დაბინძურების შემცირება და ახალგაზრდების პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვა. გამოცხადდა პოსტერების კონკურსი „ერთად გარემოსთვის“, რომელშიც მოსწავლეები საკუთარი ხედვების ვიზუალურად წარმოჩენას შეეცადნენ. გამარჯვებული პოსტერის ავტორს გადაეცა გრაფიკული დიზაინის ორთვიანი კურსი.
კონკურსმა უკეთ დამანახა, როგორ შეიძლება მცირე აქტივობებმა დიდი გავლენა იქონიოს გარემოზე და შეცვალოს ადამიანების ქცევა, თუნდაც, მცირედით”.
ანა ასათიანი, 21 წლის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტი რაჭიდან:
„ბავშვობის ასაკიდან დაინტერესებული ვიყავი გარემოს დაცვით და კლიმატის ცვლილების თემატიკით. როდესაც CENN-ის განაცხადი ვიპოვე ბანაკზე, გადავწყვიტე, აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა და ჩემი წვლილი შემეტანა ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.. როდესაც CENN-ის განაცხადი ვიპოვე, გადავწყვიტე, აუცილებლად მიმეღო მონაწილეობა და ჩემი წვლილი შემეტანა ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.
პროექტში ჩართულობისას უამრავი ახალი რამ გავიგე და გამოცდილება მივიღე. ჩემი გამარჯვებული პროექტი მოიცავდა ქალაქ ამბროლაურში განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას განახლებადი ენერგიის შესახებ და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამოყენების პოპულარიზაციას.
აქტივობებს რაც შეეხება, ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრები ამბროლაურის მოსახლეობასთან, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო მათთვის. უამრავი ახალი რამ გაიგეს. პროექტის შედეგად კი, ამბროლაურის სკვერში დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეები, რომლითაც ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, დაემუხტათ მობილური ტელეფონები.
მსგავსი ბანაკები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, რადგან ახალგაზრდები იმაღლებენ ცნობიერებას მსგავს საკითხებში. პირადად ჩემთვის აღნიშნულ ბანაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე პროექტზე მუშაობის დროს”.
CENN-ის ბანაკმა ჯამში 4 რეგიონის ახალგაზრდა გააერთიანა: გურია, რაჭა, კახეთი და იმერეთი. ინიციატივამ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია მოიცვა და პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე შედარებით უფროსი თაობის, 35 წლამდე ახალგაზრდებსა და ქალებს. როგორც თავად მონაწილეებისგან შევიტყვეთ, მათთვის ეს საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა, რომელმაც რეგიონს სასარგებლო ცვლილებები მოუტანა.
[R]