მსოფლიო წელს 41-დ აღნიშნავს მსოფლიოში ყველაზე დიდ გარემოსდაცვით ღონისძიებას, დედამიწის დღეს.
ღონისძიებას 1970 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას მერე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. დედამიწის დღის დაარსებას წინ უძღვოდა სანტა ბარბარას საბადოდან ოკეანეში ნავთობის ჩაღვრა, რამაც შემდგომ დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა.
აღნიშნულმა ფაქტმა ამერიკელებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. დღეს, დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში უდიდესი საერო დაცვის დღე, რომელსაც ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, როგორც ადამიანის ქცევის შეცვლისა და გლობალური, ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებების განხორციელების ყოველწლიურ ქმედებას. წლევანდელი დედამიწის დღის თემა არის – კლიმატის ცვლილება.
დედამიწის დღეს, ანუ “მშობელი დედამიწის საერთაშორისო დღეს” (როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ გაეროში), დღეს მსოფლიოს 192 ქვეყანა სხვადასხვაგვარად აღნიშნავს.
საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღეს აქტიურად უერთდება ორგანიზაცია CENN, რომლის მისიაც სამხრეთ კავკასიაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოს დაცვაა. ის აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, რესურსების მდგრადი მართვის, ჯანსაღი, წარმატებული და კლიმატის მიმართ სტაბილური თემების ფორმირებისა და განვითარების, გარემოსდაცვით საკითხებში ქალთა და ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი როლის ზრდის მიმართულებებით.
წელს CENN დედამიწის დღის აღნიშვნას მრავალი აქტივობით შეუერთდა. 2021 წლის თემაა დედამიწის აღდგენა, აპრილის თვის კამპანია კი, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სოფლის განვითარების, მწვანე მეწარმეობის, ნარჩენების მართვის და სხვა მნიშვნელოვან თემებსაც მოიცავდა.
აღნიშნული აქტივობები მოიცავდა:
სოციალური საღამოების სერიას
სოციალური საღამოები CENN-ისთვის უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა. პროექტების “ეს წალკაა” და “საქართველოს კლიმატის პროგრამის“ ფარგლებში, 13-20 აპრილს მან კვლავაც უმასპინძლა ონლაინ სოციალური საღამოების სერიას, რომლებმაც გარემოსთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა დაფარა, ესენია: ბუნებრივი რესურსების მართვა, მწვანე მეწარმეობა, მწვანე ტექნოლოგიები და ინოვაციურ მიდგომები. სოციალური საღამოების სერია ემსახურებოდა კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის, ნარჩენებისა და საკვების ნარჩენების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების, მდგრადი განვითარების (2030) მიზნებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პოპულარიზაციას.
WaSH ტრენინგს
წყლის რესურსების მდგრადი მართვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ჩვენი პლანეტისთვის. სწორედ ამ თემაზე 22 აპრილს CENN-მა New World Program, Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს წყლის რესურსები, მეურნეობის განვითარება და წყლის რესურსების გამოწვევები, წყლის რესურსების მართვის მდგრადი და სისტემური მიდგომები და სააუზო მართვის თავისებურებანი.
დასუფთავების აქციებს
22 აპრილს მრავალი ქვეყანა დასუფთავების და გამწვანების აქციებით აღნიშნავს ხოლმე. ამ პრაქტიკას მიმართა CENN-მაც ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და წალკის მუნიციპალიტეტის 4 სკოლასთან ერთად და წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავებისა და გამწვანების აქციები მოეწყო. შედეგად, სკოლების მიმდებარე ტერიტორიას 50 ნერგი შეემატა. ჯამში კი, ღონისძიებაში მონაწილეობა 120-მა ადამიანმა მიიღო. ღონისძიებას ქვემო ქართლის დეპუტატი, გოგი მეშველიანიც შეუერთდა, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული ბიზნეს პროექტები და წალკის მუნიციპალიტეტის სკოლები მოინახულა.
სკოლების გამწვანებას
თუმცა, გამწვანების აქციები მხოლოდ წალკას არ შეხებია. დედამიწის დღის აღსანიშნავად, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკო-კლუბებმა თავიანთი სკოლის ეზოებში ასევე დარგეს სხვადასხვა სახეობის ხე.
საბოლოო ჯამში კი, სკოლების გამწვანების იდეამ შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიისა და თბილისის რეგიონებიდან 6 სკოლა გააერთიანა.
თბილისის 176-ე სკოლას ესტუმრნენ ავსტრიის ელჩი, ბატონი ტომას მიულმანი და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ბატონო ალექსანდერ კარნერი. დედამიწის დღის აღნიშვნის ღონისძიების ორგანიზატორმა სკოლამ ბზის ნერგების, ნეკერჩხლისა და სხვა დეკორატიული მცენარეების დარგვასთან ერთად, სხვადასხვა ეკოკლუბების „ეკო ექსპო“ მოაწყო. დარგვის აქციას გაუძღვა სანერგე „ხეთური“. მისი დამფუძნებელი, სანდრო ნარსია, ნიკო კეცხოველის აქტიური მონაწილე იყო, რის შემდეგაც მან წარმატებით დააფუძნა სანერგე და ამჟამად, ხელს უწყობს საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ბზის გადარჩენის საქმეს.
საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) დაწყებას
CENN დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით არ შემოიფარგლა და 22 აპრილს “საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP)” გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. ეს პროგრამა კი 2021 წლის იანვრიდან CENN-მა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
ღონისძიებამ დაფარა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: საქართველოში კლიმატთან დაკავშირებული პროცესების გაცნობა, დაინტერესებულ მხარეებს შორის კლიმატის ცვლილების სექტორში კავშირებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების გამოკვეთა და მომავალი საქმიანობების შეთანხმება.
ინოვაციური ცოდნის ჰაბის გახსნას
და ბოლოს, CENN-ის მრავალფეროვანმა აქტივობებმა გორში ინოვაციური ცოდნის ჰაბის გახსნაც მოიცვა. ჰაბი CENN-მა საზოგადოება “ბილიკთან” თანამშრომლობით, პროექტის “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება” ფარგლებში გახსნა.
სამომავლოდ ჰაბი ხელს შეუწყობს: ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი სოციალური და მწვანე მეწარმეობის მიმართულებით განვითარებას.
რაც მთავარია, ინოვაციური ცოდნის ჰაბი არის ახალგაზრდული სამუშაო სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება გორისა და შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.
სამომავლოდ, ჰაბში პერიოდულად გაიმართება გარემოსდაცვითი და ახალგაზრდული კამპანიები, ასევე, ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და გამართონ საჯარო დისკუსიები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.
ინოვაციურმა ჰაბმა 22 აპრილს უკვე უმასპინძლა აპრილის თვეში, ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ ნინოწმინდაში გადაღებულ ფილმს, რომელიც კლიმატის ცვლილებისადმი იყო მიძღვნილი. ჩვენების შემდეგ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ კლიმატის ცვლილებისა და მისი გავლენის შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
CENN მოგვიწოდებს, რომ ერთად ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და ვიზრუნოთ ბუნებრივი გარემოს აღდგენაზე