in

EPAG-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით წალკაში პირველი საგანმანათლებლო შეხვედრა ჩატარდა

ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სოფლის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოსახლეობაა, რომლებმაც უკეთ იციან, რა სჭირდება ადგილობრივ თემს და როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა. ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნის მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა, წალკის მუნიციპალიტეტში სოციალური საღამოები ეწყობა, რომელთა ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ პარასკევს არაფორმალურ გარემოში იღებს მისთვის საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა თემაზე.

ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG-ის ინიციატივით, სექტემბრის თვე საგანმანათლებლო პროგრამებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს დაეთმო. ამ თემატიკის შეხვედრების სერია 5 სექტემბერს სიმბოლურად ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაცია “EPAG-მა” გახსნა.

სექტემბერში პირველი საგანმანათლებლო შეხვედრა აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის Hidden Treasure ფარგლებში გაიმართა EPAG-ის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტთან “ეს წალკაა” თანამშრომლობით.
აღნიშნული თანამშრომლობის მიზანს ორგანიზაციების რესურსების გაერთიანება და ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენდა ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის: FLEX – მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, ადამიანის ციფრული ანაბეჭდი ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში; ემოციური ინტელექტი, ე.წ. EQ, მისი არსი და როლი დასაქმების ადგილზე და ზოგადად, სოციუმთან ურთიერთობისას; არჩევნები, პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა.

ღონისძიებას EPAG-ის ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ, მათ ახალგაზრდებს გაუზიარეს თვიანთი გამოცდილება და არაფორმალურ გარემოში ისაუბრეს სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტსა და შესაძლებლობაზე.

“წალკაში მსგავსი ფორმატის სოციალური საღამოები არასდროს ჩატარებულა. ეს საღამოები აქაური მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხელს უწყობს საზოგადოების ინტეგრაციას, მათ ერთმანეთთან დაახლოებას, გაცნობას, ერთმანეთის შესაძლებლობების გაზიარებას, ახალი ცოდნის მიღებასა და ახალი ინტერესების გაჩენას. სანამ LAG დაიწყებდა ფუნქციონირებას ადგილობრივები სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად განიცდიდნენ. მაგალითად, ინფორმაციის სიმწირის ბრალი მგონია ისიც, რომ წალკიდან FLEX-ში მონაწილეობას ძალიან ცოტა სკოლის მოსწავლე ვიღებდით, ჩატარებული შეხვედრის შედეგად კი, საკმაოდ ბევრმა შეიტყო ამ კონკურსის შესახებ. ასევე ძალიან ბევრი გავიგეთ ემოციურ ინტელექტზეც – რომ თურმე მხოლოდ IQ არ ყოფილა ადამიანის შესაძლებლობების განმსაზღვრელი. ახლა ისე, როგორც არასდროს აქტუალურია არჩევნების თემაც, რომლის შესახებაც საკმაოდ ბევრი რამ მოვისმინეთ შეხვედრაზე. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო სოციალური საღამოებიდან საკმაოდ ბევრი რამ გვრჩება ხოლმე,” – ნინი სურმანიძე, სოციალური საღამოების მონაწილე.

საგანმანათლებლო საღამოების მნიშვნელობის, EPAG-ის გამოცდილებისა და სხვა საკითხების გარშემო აშშ–ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს კურსდამთავრებულთა ასოციაციის (EPAG) თავმჯდომარეს, ლევან ნანობაშვილს გავესაუბრეთ:

რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების იტეგრაციისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისთვის?

ასოციაცია ცდილობს ჩაატაროს საგანმანათლებლო შეხვედრები მთელს საქართველოში და არ გამოტოვოს არც ერთი ქალაქი ან რეგიონი. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამებისა და ასოციაციის საქმიანობის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად ასოციაცია ცდილობს მიაწოდოს ინფორმაცია ყველას, საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად. მართალია, ჩვენ ვცხოვრობთ ინტერნეტის საუკუნეში, მაგრამ შეხვედრები მაინც რჩება კომუნიკაციის ძირითად ფორმად.

EPAG-ისთვის რა მნიშვნელობა მსგავსი შეხვედრების ჩატარებას და რა გამოცდილება აქვს ამ კუთხით მას?

დაფუძნების დღიდან ასოციაცია ატარებს ღონისძიებებს მთელს საქართველოში. ასოციაციის პროექტები, მათ შორის რეგიონული შეხვედრები, დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის სალჩოს მიერ. სხვადასხვა დროს ასოციაციამ ჩაატარა შეხვედრები ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში, ჩოხატაურში, წნორში, გორში, ზუგდიდში, პანკისის ხეობაში და მარნეულში. ორი კვირის წინ ჩავატარეთ შეხვედრა წალკაში. სამწუხაროდ, კოვიდ-19-მა შეგვიშალა ხელი და გადავდეთ რამდენიმე ღონისძიება. თუმცა, ვცდილობთ შეხვედრების ჩატარებას ინტერნეტის გამოყენებითაც.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ საოცრად მრავალფეროვანი. ასოციაციის წევრებისთვის ძალიან საინტერესოა მოგზაურობა, ახალი ადგილების ნახვა, ადამიანების გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება. ასოციაცია ცდილობს, თითოეული შეხვედრის თემატიკა წინასწარ შეუთანხმოს მონაწილეებს. მომხსნებელებს ასევე ვარჩევთ მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. თითოეული შეხვედრა ნიშნავს ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ახალი გამოცდილების გაზიარებას.

როგორ ფიქრობთ, “არჩევნები, პოლიტიკა და სამოქალაქო ჩართულობა”, რატომ არის ეს საკითხი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი?

დემოკრატიის მისაღწევად საქართველომ გადალახა უამრავი დაბრკოლება. ჩვენ საოცრად გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თუმცა, ამას ზოგჯერ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ. ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ დემოკრატია პროცესია და მისი შენება არასდროს დასრულდება. დემოკრატიაზე ხშირად ვესაუბრებით სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ საარჩევნო ხმის უფლებით. თუმცა, სწორედ ახალგაზრდები არიან საქართველოს მომავალი და მათი დახმარებით საქართველო გახდება უფრო ძლიერი და წარმატებული.

ასოციაცია მოუწოდებს ყველას, მიიღონ მონაწილეობა აშშ-ის მთავრობის გაცვლით პროგრამებში, შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოიყენონ იგი საქართველოს განვითარებითვის. ეს ქვეყანა ჩვენია და ასოციაცია ცდილობს შეიტანოს თავისი წვლილი მის განვითარებაში. ასოციაციის აგური დაემატება სხვების აგურებს და ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ განათლებულ, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოში.

წალკის LAG აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარების მიზნით.

წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით ყოველკვირეული სოციალური საღამოები ეწყობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

გაიცანით ახალგაზრდა ქირურგი, რომელიც თოდუას კლინიკაში პლასტიკური ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს

წინანდლის მამულში რიგით მეოთხე Jazz and Wine Kakheti გაიმართება