in

პანდემიის პირობებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალიზაციის და განათლების ხელშეწყობა – სოციალური საწარმოს „გუმბათი“ პროექტი წალკაში

„წიგნიერი მეყვავილე“, სოციალურ – საგანმანათლებლო პროექტია, რომელმაც წალკის 7 სოფლის 116 მოსწავლე გააერთიანა. ინიციატივის მთავარი მიზანი, პანდემიის პერიოდში, ახალგაზრდებში სოციალიზაციისა და ახალი უნარების განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, 40 მოსწავლეს, რომელსაც აქამდე ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, ამის საშუალება მიეცა, შედეგად, გარდა ამ პროექტისა, ისინი სასკოლო, დისტანციური სწავლების პროცესშიც ჩაერთვნენ, რასაც აქამდე, უინტერნეტობის გამო, ვერ ახერხებდნენ. დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეების ჩართვას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აფერხებს, მათ შორის შესაბამისი ტექნიკის არ ქონა. ასევე, ის ფაქტი, რომ ბევრ მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება საკითხავ ლიტერატურაზე, არ აქვს საკანცელარიო ნივთები და ა.შ.

BOG
BOG

პროექტი „წიგნიერი მეყვავილე“, რომელსაც სოციალური საწარმო „გუმბათი“ ახორციელებს, სწორედ ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ორგანიზაციის შექმნის მიზანი წალკის მუნიციპალიტეტში ქართული ენის პოპულარიზაცია, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდაა.

საწარმომ გრანტი პროგრამის „ეს წალკაა“ საგრანტო კონკურსში მოიპოვა, რომელსაც, CENN ევროკავშირის პროექტის ENPARD ფარგლებში ახორციელებს, წალკის მუნიციპალიტეტში.

პროექტი 2020 წლის აპრილის თვეში დაიწყო. მასში წალკის მუნიციპალიტეტის V-XII კლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებულები. პროექტის ფარგლებში შეიქმნა წიგნიერების, მეყვავილეობის, ხელნაკეთი ნივთებისა და ვიდეორგოლის მომზადების თემატური ჯგუფები. მოსწავლეები, რეგულარულად, ესწრებიან ონლაინ თემატურ შეხვედრებს/ტრენინგებს, პრაქტიკულ თემატურ ვორკშოპებს, ხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო გამოცდილება პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიმართულებით, იღებენ მათგან პრაქტიკულ რჩევებს. ყოველივე ამან ხელი შეუწყო იმას, რომ შერჩეულმა ახალგაზრდებმა შეიძინეს ახალი ცოდნა და გამოცდილება შერჩეული თემების ირგვლივ.

წიგნიერების ჯგუფის წევრები ახალგაზრდა მწერლებს შეხვდნენ, ხელნაკეთი ნივთების ჯგუფში მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთის დამზადება ისწავლეს. მეყვავილეობის ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპები ყვავილებისა და მცენარეების მოვლაზე. ვიდეორგოლის მიმართულებით მომუშავე მოსწავლეებმა ვიდეოების გაკეთება ისწავლეს და ამ სფეროს პროფესიონალებისგან მიიღეს რჩევები: როგორ უნდა დაამუშაონ იდეა, რა უნდა გაითვალისწინონ მუშაობისას და ა.შ.

„პანდემიის გამო, სოფლებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მარტივი არ აღმოჩნდა: იყო პედაგოგების, მოსწავლეების გამოუცდელობის პრობლემა. ასევე, მოსწავლეების უმეტესობას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. სწორედ მათი დახმარება იყო ჩვენი პროექტის მიზანი. განაცხადი შემოიტანა 116-მა მოსწავლემ და ყველა მივიღეთ. ძალიან მრავალფეროვანი ჯგუფები გამოგვივიდა, გვყავს ქართველი, ბერძენი, სომეხი მოსწავლეები. 40 მოსწავლეს ჩავურთეთ ინტერნეტი. მათ, მანამდე ამის საშუალება არ ჰქონდათ. შედეგად, მათ, ჩვენი პროექტის პარალელურად, სასკოლო პროცესში მონაწილეობა, „ონლაინ“ გაკვეთილებზე დასწრებაც მოახერხეს“, – ამბობს „გუმბათის“ წარმომადგენელი ირა ძირკვაძე.

პროექტში „წიგნიერი მეყვავილე“ ავრანლოს, არწივანის, აშკალას, განთიადის, გუმბათის, ოზნის, ხანდოს მოსწავლეები ჩაერთნენ.

„პროექტის დასაწყისშივე შევქმენით 4 განსხვავებული მიმართულებით მომუშავე ჯგუფი. თითო მოსწავლეს, მაქსიმუმ, 2 თემატურ ჯგუფში შეეძლო ყოფნა. შემდეგ, წიგნიერების ჯგუფის წევრებს წიგნები და მკითხველის დღიური, მეყვავილეობის ჯგუფის წევრებს – ყვავილების ნერგები, ხელნაკეთი ნივთების ჯგუფის წევრებს – საკანცელარიო ნივთები და სხვა ინვენტარი გადავეცით. ვიდეორგოლის ჯგუფის წევრებს კი, ძირითადად, ინტერნეტ რესურსით დავეხმარეთ. შემდეგ, ვასწავლეთ „ზუმის“ გამოყენება და დავიწყეთ პროექტის ძირითადი ნაწილი – „ონლაინ“ შეხვედრები დ ტრენინგები. წიგნიერების ჯგუფის წევრები ახალგაზრდა მწერლებს შეხვდნენ, ხელნაკეთი ნივთების ჯგუფს სხვადასხვა ნივთის დამზადება ვასწავლეთ, ვიდეორგოლის მიმართულებით მომუშავე მოსწავლეებმა ვიდეოების გაკეთება ისწავლეს, შემდეგ კი ამ სფეროს პროფესიონალებისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები: როგორ უნდა დაამუშაონ იდეა, რა უნდა გაითვალისწინონ მუშაობისას და ა.შ. მეყვავილეობის ჯგუფში ჩავატარეთ ვორკშოპები ყვავილების მოვლაზე“.

ახლა პროექტი ბოლო, საკონკურსო ეტაპზეა.

„მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკურსი თემატური ჯგუფების მიხედვით ტარდება – წიგნიერების ჯგუფის წევრებმა უნდა გამოგვიგზავნონ თავიანთი შთაბეჭდილებები წაკითხულ წიგნზე პრეზენტაციის ან თავისუფალი ესეს სახით; ხელნაკეთი ნივთების ჯგუფის წევრებმა უნდა გამოაგზავნონ მათივე შექმნილი ნივთის ფოტოები; ვიდეორგოლის ჯგუფის წევრებმა – მათ მიერ გადაღებული, მაქსიმუმ, 2-წუთიანი ვიდეოები; მეყვავილეობის ჯგუფის წევრებმა კი იმის ამსახველი ფოტოები, თუ როგორ უვლიდნენ და გაზარდეს პროექტის დასაწყისში მიღებული მცენარეები“.

 

[R]

ვინ შეაფასებს ACAG-ის პრინტ კონკურსს შინაური ცხოველის სათამაშოსთან გაიგივების პრობლემაზე?

ნაკაწრებს შენ მიხედავ, დიდ ზარალს – „ავტო ოპტიმუმი“