კლიმატის ცვლილება დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც ბუნებრივ გარემოს, ისე ქვეყნების ეკონომიკას.
მსოფლიო ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შექმნილი, გლობალური რისკების ანგარიში, ყოველ წელს, კლიმატის ცვლილებას ასახელებს, ტერორიზმის შემდეგ.
2021 წლის იანვრიდან, CENN-მა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობისა და წყლის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით დაიწყო მუშაობა. ინიციატივის მიზანი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებაა. პროექტი ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ითანამშრომლებს 4 რეგიონის (გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (CSO) და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი CSO-ების აქტივობას თანამონაწილეობრივი მმართველობისა და სამართლიანი განვითარების მიმართულებით, მოახდენს ინოვაციური პროექტების სარგებელის დემონსტრირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას და მასთან ადაპტაციას, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ადვოკატირების საქმეში სამოქალაქო ორგანიზაციების როლის აღიარებასა და ცნობიერების ამაღლებას. პროექტი გააძლიერებს 50-მდე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.
კლიმატის ცვლილებებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში საქართველოს ჩართულობასა და CENN-ის ახალი ინიციატივის მნიშვნელობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, მაია ცხვარაძეს ვესაუბრეთ:
„კლიმატის ცვლილების გამოვლინებები იყოფა ნელ პროცესებად და ჩქარ ე.წ. ექსტრემალურ მოვლენებად. პირველს მიეკუთვნება ზღვის (მსოფლიო ოკეანის) დონის აწევა, მყინვარების და თოვლის საფარის, ოკეანეში ყინულის ფენის დნობა, სეზონურობის ცვლილებები (წანაცვლებები), ეკოსისტემების (მიწის, წყლის, ტყის და სხვ.) დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების შემცირება; მეორე ჯგუფში კი შედის ექსტრემალური ამინდის (ბუნებრივი) მოვლენები.
კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები სულ უფრო და უფრო მკვეთრად ვლინდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. მაგალითად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოში მეტეოროგოლიურმა კატასტროფებმა გამოიწვია 2.8 მლრდ ეკონომიკური ზარალი და შეიწირა 152 ადამიანის სიცოცხლე. ბუნებრივი კატასტროფები იწვევს მოსახლეობის იძულებით მიგრაციას და ზრდის ეკო მიგრანტების რიცხვს, ბოლო კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 1,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონაში.
ისტორიულად ცნობილია კლიმატის გლობალური ცვლილების რამდენიმე მოვლენა, მაგრამ ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება განსაკუთრებულია, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, იგი გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობით, განსაკუთრებით, წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარებით (ტრანსპორტი, საწარმოები და ა.შ.), ენერგიის არაეფექტიანი გამოყენებით და სხვა, რის შედეგადაც ატმოსფეროში გაიფრქვევა სათბურის გაზები. სათბურის გაზები, გაფრქვევის შედეგად გროვდება ატმოსფეროში, ის დედამიწაზე ხელს უწყობს მზის სხივების შემოდინებას, თუმცა აფერხებს დედამიწიდან სითბოს გადინებას, რაც იწვევს სათბურის ეფექტს და, შესაბამისად, განაპირობებს დედამიწის გლობალურ დათბობას.
კლიმატის ცვლილებამ მსოფლიო მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დააყენა, გარემოს მიმართულებით აღსანიშნავია: ექსტრემალური მოვლენების გააქტიურება, მტკნარი წყლის რესურსების კარგვა, გვალვების გაძლიერება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ეკონომიკურ რისკებზე, მაგ: ზემოაღნიშნულ პროცესებს მივყავართ სურსათის დეფიციტისკენ. პრობლემები ექმნებათ სხვა სექტორებსაც, მაგ ენერგეტიკის სექტორს – ელექტროენერგიის გენერაციას კლიმატის ცვლილება პრობლემებს უქმნის, ტემპერატურის მატების გამო მასიურად იზრდება მოთხოვნა გაგრილების ტექნოლოგიებზე, რაც დამატებითი დაწოლაა ენერგეტიკის სექტორზე.
ფიზიკურ დონეზე გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება გამოვლინდება უპირველეს ყოვლისა საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდით, რაც იწვევს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა: არქტიკის ყინულის განლევა, მყინვარების დნობა მთებში, მსოფლიო ზღვის დონის აწევა და ა.შ.
კიდევ უფრო საგრძნობია ექსტრემალური ტემპერატურების ცვლილება. ეს ნიშნავს ყოველწლიურად უფრო მეტ ძალიან ცხელ და ძალიან ცივ დღეებს სხვადასხვა რეგიონში, რაც თავისთავად უზარმაზარ პრობლემას ქმნის ადაპტაციის თვალსაზრისით როგორც ცოცხალი ორგანიზმებისათვის, ადამიანის ჩათვლით, ისე გარემოს, ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების მიმართულებით.
საქართველო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყანაა, თუმცა მას, როგორც განვითარებად ქვეყანას, 2015 წლამდე არ ჰქონია ემისიების შემცირების ვალდებულება. ემისიების გაფრქვევა, ძირითადად, განვითარებული ქვეყნების მიერ ხდებოდა შესაბამისად, ვალდებულებებიც უფრო მათზე იყო დაკისრებული, განვითარებადი ქვეყნების ვალდებულებას კონვენციის მიმართ შესაბამისი ანგარიშგების მომზადება წარმოადგენდა.
მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა, როდესაც განვითარებადი ქვეყნების მიერ გაფრქვეული ემისიების წილი გაუთანაბრდა განვითარებულებს, საჭირო გახდა ახალი შეთანხმების მიღება, რომლის მიხედვით განვითარებადი ქვეყნებიც იღებენ ვალდებულებას შეზღუდონ საკუთარ ქვეყნებში სათბურის გაზების ემისია. შედეგად 2015 წელს ხელი მოეწერა „პარიზის შეთანხმებას“, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილების რისკებისა და შედეგების შესამცირებლად. მისი მთავარი მიზანია გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა, წინაინდუსტრულ დონესთან შედარებით
პარიზის შეთანხმების მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი. პარიზის შეთანხმება ხელმომწერ მხარეებს ავალდებულებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შემუშავებას, რომელმაც უნდა მოიცვას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი ქმედებები.
შეთანხმების თანახმად ხელმომწერი მხარეები ვალდებულნი არიან განაახლონ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი ყოველ ხუთ წელში ერთხელ.
საქართველომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის პირველი დოკუმენტი (INDC) კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინა 2015 წელს ვალდებულების შესაბამისად, 2020 წელს საქართველომ შეიმუშავა განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი“.
რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, თითოეული ადამიანის ჩართულობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში?
კლიმატის ცვლილება მოქმედებს ყველა ადამიანზე, ასევე ადამიანებიც მოქმედებენ კლიმატის ცვლილებაზე, მოიხმარენ რა ენერგიას, გამოიყენებენ ტრანსპორტს და ა.შ. საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია საზოგადოების მობილიზებისა და ჩართულობის გარეშე.
აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების როგორც შერბილების, ისე ადაპტაციის მიმართულებით. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ამ კუთხით ინფორმირებულობის ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მოსახლეობას აქვს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ, ის საკმაოდ ზედაპირულია.
მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს პრობლემა და ხელი შეუწყოს მის შერბილებას, თუნდაც ისეთი მცირე ქმედებებით, როგორიცაა მაგალითად, ჩამრთველიდან კვების წყაროს გამორთვა, როდესაც არ მოვიხმართ. ასე იზოგება ნახევარ ტონა CO2 ემისია ყოველ წელს; ხოლო ენერგოეფექტურ განათებაზე გადასვლით გლობალურად შესაძლებელია 500 მლნ ტონა CO2ის გაფრქვევის შემცირება. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, ასევე, არამოტორიზებული ტრანსპორტის გამოყენებას.
როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ გავლენას მოახდენს კლიმატზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა?
ყველასთვის ცხადია, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების და მიზნების მიღწევა წარმოუდგენელი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, ვინაიდან სწორედ დღევანდელი ახალგაზრდები არიან ისინი, ვისაც მოუწევთ მომავალში კლიმატთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება. მეცნიერების დასაბუთებული მოსაზრებაა, რომ თუ პროცესები განვითარდა ისე, როგორც დღეს მიდის (ენერგიის არაეფექტიანი მოხმარება), უახლოეს წლებში ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რომელთან გამკლავებაც ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს სწორედ აქტიური საზოგადოების, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები წამოიწყეს გლობალურად, და მართლაც შეცვალეს ბევრი ქვეყნის ხედვა და პოლიტიკა აღნიშნული მიმართულებით.
როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების ჩართულობაზე მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის, რომ არ არის აუცილებელი ყველა ადამიანი პროფესიულ დონეზე ფლობდეს ინფორმაციას ემისიების გაფრქვევის შესახებ. პრობლემის გადმოცემა და მოგვარება მრავალი ფორმით შეიძლება, მაგ: ჩვენ გვქონდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად აქტივობა, რომელთაც გააკეთეს ნამუშევრები და გამოფენა კლიმატის ცვლილების შესახებ, ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და აბსოლუტურად განსხვავებული თვალით დანახული კლიმატის ცვლილება.
როგორ ხედავთ CENN-ისა და ევროკავშირის პროექტის როლს კლიმატის ცვლილებების სექტორში?
CENN ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციაა და ძალიან დიდ როლს თამაშობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში, ყოველი მისი აქტივობა ყოველთვის განსხვავებული და წარმატებულია, შესაბამისად, მე მჯერა, რომ აღნიშული პროექტიც იქნება გამორჩეულად წარმატებული, შედეგად კი გვეყოლება უფრო მეტი აქტიური ადამიანი, რომელიც დადებით როლს ითამაშებს კლიმატის ცვლილების პრობლემის დაძლევაში.
ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო სექტორი ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითრწმენისა და მედეგობის განვითარებას, ეხმარება რა სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარ მომწოდებელს. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად შეიმუშავა CENN-მა ზემოთ აღნიშნული პროექტი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილი სამოქალაქო საზოგადოების საჭირო ცოდნით, უნარებითა და რესურსებით აღჭურვაა. ორგანიზაციაში სჯერათ, რომ საზოგადოება, რომელსაც აქვს ინფორმაცია კლიმატის პოლიტიკის პროცესების შესახებ, აქვს შესაბამისი კომპეტენცია და უნარები ჩაერთოს შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორცილებაში, აუცილებლად მნიშვნელოვან პოზიტიურ წვლილს შეიტანს პროცესების განვითარებაში.
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი
[პარტნიორის კონტენტი]