29
Jul
2019

CENN-ის მხარდაჭერით ნარჩენების თემაზე შემუშავებული პოსტერების გამოფენა მოეწყო

29 Jul 2019

26 ივლისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კანის ლომები 2019-ის ახალგაზრდული კონკურსის ფარგლებში, USAID WMTR II პროგრამასთან თანამშრომლობით, ნარჩენების თემაზე შემუშავებული პოსტერების გამოფენა გაიხსნა. გამოფენასთან ერთად, ამავე საღამოს გაიმართა ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსში გამარჯვებული სკოლების დაჯილდოების ღონისძიებაც.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე – მიხეილ წერეთელი, კანის ლომების ახალგაზრდული კონკურსის წარმომადგენლები საქართველოში – აკო ახალაია / ლევან ლეფსვერიძე და CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად საჭიროა, პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ვიმოქმედოთ და რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტმასა გამოიყენება, აქედან 50% ერთჯერადად და შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდება.

აღნიშნულ პრობლემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, Cannes Lions საქართველოს ფესტივალის პრინტ კატეგორიის პარტნიორი იყო პროგრამა “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში”, რომელსაც USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს CENN. აღნიშნულ კატეგორიაში 48 მონაწილემ წარმოადგინა თავისი ხედვა გარემოს პლასტმასის ნარჩენებით დანაგვიანებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი პლასტმასას გამოყენების შემცირებაზე და შექმნა შესაბამისი კონცეპტუალური ნამუშევრები.

გამოფენა ეროვნულის მუზეუმის ფოიეში მომდევნო ორი დღის განმვალობაში (27 და 28 ივლისი) გაგრძელდა.

რაც შეეხება ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსს: USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში 2019 წლის მაისი-ივნისის თვეებში, სამიზნე რეგიონების (შიდა ქართლი, თბილისი, კახეთი და აჭარა) სკოლებში ქაღალდის ნარჩენების შეგროვების კონკურსი ჩატარდა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა სკოლებში ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პრაქტიკის პოპულარიზაცია და ამავდროულად ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი კერძო კომპანიების მხარდაჭერა.
კონკურსის ფარგლებში 89 სკოლამ 41,127,8 კგ ქაღალდის ნარჩენი შეაგროვა, რომელიც WMTR II პროგრამის პარტნიორ კომპანიებს გადაეცათ გადასამუშავებლად.

შეგროვებული ქაღალდის ნარჩენების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდა შემდეგი 7 გამარჯვებული სკოლა: ხიდისთავის საჯარო სკოლა, ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია, ქარელის #2 საჯარო სკოლა, სკოლა იუჯი, ჩაქვის #1 საჯარო სკოლა, ველისციხის საჯარო სკოლა, თბილისის #175 საჯარო სკოლა.

განხილვა