in

CENN-ის ორგანიზებით, თბილისში, სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა ტარდება

19 ივნისს, 11 საათიდან, „ექსპოჯორჯიაში“, სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). ექსპო, ევროკავშირის, USAID-ისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოებაში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ახლადშექმნილი და გამოცდილი საწარმოების გარემოსდაცვითი მიზნების პრაქტიკაში ჩვენების გზით. როგორც CENN-ის კომუნიკაციების სპეციალისტი ანა პეტრიაშვილი ამბობს, გამოფენაზე წარმოდგენილი საწარმოები ჩართულები არიან მწვანე ეკონომიკის ღირებულებათა ჯაჭვში და ხელს უწყობენ როგორც სოციალური, ისე – გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ რეგიონში.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ, საქართველოს მასშტაბით, მოქმედი ისეთი საწარმოები, რომელთა ბიზნესმოდელი ითვალისწინებს სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას. გამოფენაში მონაწილე საწარმოები, ასევე, განსაკუთრებულ ღირებულებას ქმნიან ახალგაზრდების, მდგრადი ტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების მიმართულებით.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაიცნოს 61 სხვადასხვა საწარმო, დააგემოვნოს და შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების განსხვავებული პროდუქცია. ღონისძიების სტუმრებისათვის ჩატარდება მასტერკლასები ნარჩენების ხელმეორედ გამოყენებაში, ხატვაში, იოგაში და სხვ.

გამოფენა 11:00-18:00-მდე, მე-3 პავილიონის მიმდებარედ გაიმართება. მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და მონაწილე საწარმოების გასაცნობად ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.

„აღნიშნული ღონისძიება, თავისი მასშტაბებით, საქართველოში პირველია, რომელიც დამთვალიერებლებს როგორც სოციალური, ისე მწვანე მიზნების ბიზნესებს გააცნობს. მასზე დასასწრებად, მოწვეულია 300-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი, მაღალი რანგის სტუმარი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე გაესაუბრონ საწარმოებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი პროდუქტი. ამასთან ერთად, ღონისძიება ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, რაც უფრო უწყობს ხელს მონაწილე საწარმოების პოპულარიზაციას და მათი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებასა თუ გაყიდვების ზრდას“, – ამბობს ანა პეტრიაშვილი.

სოციალური და მწვანე საწარმოების გამოფენა არის რეგიონული კონფერენციის მწვანე ეკონომიკა და ინკლუზიური ზრდა სამხრეთ კავკასიაში ნაწილი. კონფერენცია და თანმდევი გამოფენა იმართება CENN-ის მიმდინარე პროექტების: (1) „EU4Youth – სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის“ საქართველოსა და სომხეთში, (2) USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მხარდაჭერილი ინიციატივა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში „ციფრული კავკასია“ და (3) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ დაფინანსებული პროექტი „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში.

 

[R]

როგორ იქმნება ქართული მოზაიკა „კამარას“ სახელოსნოში

MINI-ის ფრთიანი MINI-მალიზმი