„კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის” – ევროკავშირისა და CENN-ის ეს ინიციატივა და მისი რამდენიმე მონაწილე წინა სტატიაშიც გაგაცანით. CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორებთან ერთად მრავალ გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს და ქმნის შესაძლებლობებს იმ ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ კუთხით საქართველოში.
ანა ბათხაძე და ანანო შენგელია ორი სხვადასხვა რეგიონიდან, გურიიდან და რაჭიდან არიან. მათ შეისწავლეს თავიანთ რეგიონში არსებული პრობლემები და გამოიჩინეს ინიციატივა, აემაღლებინათ ადგილობრივთა ცნობიერება გარემოს დაცვის შესახებ. გარდა ამისა, მათ შეიმუშავეს პროექტი, რომლითაც გაიმარჯვეს და მიღებული დაფინანსება თავიანთი რეგიონის განვითარებას მოახმარეს.
ანა ბათხაძე, სტუდენტური პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივ რესურსთა კომიტეტის თავმჯდომარე, რაჭის,ამბროლაურის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი:
„ბანაკში მონაწილეობის სურვილი პირველ რიგში ახალი ადამიანების გაცნობის მიზნით გამიჩნდა. ასევე, მსურდა, მეტი გამეგო ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ.
პროცესი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. დატვირთული იყო საინტერესო ტრენინგებით. აქ უფრო გავიაზრე, თუ რამდენ უნებლიე შეცდომას ვუშვებთ ყოველდღიურად გარემოსთან მიმართებით. მაგალითად, წყლის არამიზნობრივი გამოყენება და „უაზროდ” ხარჯვა.
ჩემი და ჩემი გუნდელის პროექტი მოიცავდა სკოლებში ცოდნის გაზრდას კლიმატის ცვლილებებისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენების შესახებ, რის გამოც ჩავატარეთ შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. შეხვედრის შემდეგ გადავეცით მათ ეკომეგობრული თერმოსები. ამას გარდა, ბავშვებს მივეცით საშუალება, საკუთარი ხელით დაერგოთ ნერგები. ბოლო აქტივობა კი სკოლის ბიბლიოთეკის შევსება იყო ისეთი ლიტერატურით, რომელშიც გარემოს დაცვაზეა საუბარი.
შედეგით კმაყოფილნი ვართ, რადგან: გავზარდეთ სკოლის მოსწავლეების წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან, მოხდა ეკომეგობრული ნივთებისა და ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია და, ზოგადად, გაიზარდა ინტერესი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე”.
ანანო შენგელია, გურიიდან, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და აქტივისტი გარემოს დაცვის მიმართულებით:
„ამ პროექტში ჩართულობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ გარემოს დაცვით. ბანაკში ჩაგვიტარდა საინტერესო ტრენინგები, გავიცანი ადამიანები, რომლებისგანაც ბევრი რამ შევიტყვე. მათთან მუშაობით მოვახერხე და შევქმენი პროექტი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა და შემაძლებინა ჩემი ინიციატივა განმეხორციელებინა, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში გაკეთდა ჭა, რომელსაც დაუყენდა ფილტრი და ამით მოსწავლეები სუფთა სასმელი წყლით უზრუნველვყავით.
გარდა ამისა, ჩავატარეთ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რომლისთვის გამოვიყენეთ საკმაოდ შემოქმედებითი ფორმატი, კერძოდ, კედლის მხატვრობა. მოვახერხეთ და ჩვენს აქტივობაში ჩავრთეთ ბევრი ადგილობრივი, გავაცანით ის საკითხები, რომლებიც მწვავედ დგას გარემოს დაცვის მიმართულებით და, საერთო ჯამში, პოზიტიური შედეგი მივიღეთ”.
როგორც ვხედავთ, კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკის ფარგლებში, არაერთი სასარგებლო აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ სულ ამ ბანაკმა 4 რეგიონი მოიცვა: გურია, რაჭა, კახეთი და იმერეთი.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
[R]