in

ბუნების სტუმარი – ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა კრწანისის ტყეპარკში

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, კრწანისის ტყეპარკში, ავსტრიის საელჩომ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ, ველური ბუნების ეროვნული სააგენტომ და CENN-მა, ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამოფენა გახსნეს.

გამოგენა თბილისთან ახლოს, ღია ცის ქვეშ, ველურ ბუნებაში გაიხსნა და აღნიშნავს ავსტრიისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას. გამოფენის კურატორია მარიამ შერგელაშვილი, დამოუკიდებელი და აბრეშუმის მუზეუმის კურატორი და საინიციატივო ჯგუფის ALGORITHM F5 თანადამფუძნებელი.

გამოფენა ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

კრწანისის ტყეპარკში გამოფენის მასპინძლობა შემთხვევითი არ არის. თბილისთან ახლოს მდებარე 200 ჰექტარზე გაშლილი მწვანე სივრცის შენარჩუნებას ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ შეუწყო ხელი. დღეს, კრწანისის ტყეპარკი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მფარველობაშია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოადგენს. ამჟამად, მიმდინარეობს კრწანისის ტყეპარკის აღდგენა და რეკრეაციულ სივრცის მოწყობა, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებლებს მეტად საჭირო, უნიკალურ მწვანე სივრცეს შესთავაზებს.

ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი (ფრიდრიხ შტოვასერი) (1928 – 2000)

მხატვარი, არქიტექტორი, გარემოს დამცველი აქტივისტი, რომელმაც თავი ბუნების კანონებთან ჰარმონიულ ცხოვრებას მიუძღვნა. ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერმა, თავისი არქიტექტურული შემოქმედებისა და გარემოს წინაშე აღებული ვალდებულებებისათვის, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1950-იანი წლების დასაწყისიდან, ის ხელს უწყობდა ადამიანის მიერ შექმნილი არქიტექტურის ბუნებასთან ჰარმონიაში თანაარსებობას. საკუთარ მანიფესტებში, ესეებსა და დემონსტრაციებში ის უარყოფდა რაციონალიზმს არქიტექტურაში, გეომეტრიულ სწორ ხაზს, სისტემურ ქსელსა და ე.წ. ფუნქციონალიზმს.

ჰუნდერტვასერი მოწინავე იყო გარემოს დაცვის სფეროში. მან ინტუიტურად, სეისმოგრაფივით დააფიქსირა ის საფრთხეები რაც, შესაძლოა მოჰყვეს არამდგრად განვითარებას, ტექნოლოგიების დაუგეგმავ განვითარებას, ბუნებაზე ძალადობასა და მომხმარებელთა მფლანგველურ ჩვევებს.

ჰუნდერტვასერმა მუშაობა ბუნებრივი გარემოს დაცვაზე დაიწყო და ბუნებისთვის ტერიტორიების აღდგენის იდეაზე კონცენტრირდა. ის ავითარებდა სხვადასხვა მიმართულებას – ქალაქებში გამწვანებითი აქტივობების (სახურავებზე ტყეების გაშენება, მდგმური ხეები), ბუნებრივი ციკლების აღდგენის (შავი მიწის ტუალეტი), წყლის დაცვისა და ნარჩენებისგან თავისუფალი საზოგადოებისთვის ბრძოლის მეშვეობით. უფერულობის, ესთეტური სიცარიელისა და ქარხნებში უსულო საქონლის წარმოების ეპოქაში, ჰუნდერტვასერის ძალისხმევა მიემართებოდა ბუნებასთან ჰარმონიულად ყოფნისკენ, მრავალფეროვნებისა და სილამაზისადმი ადამიანების ფარული ლტოლვის გაცხადებისკენ. მან შექმნა საფოსტო მარკები, დროშები, მონეტები, წიგნები და ყოველდღიური მოხმარების საგნები, რომლებშიც გადმოსცა მისწრაფება სილამაზისა და მრავალფეროვნებისაკენ ცხოვრების ყველა სფეროში. მისი შეხედულების თანახმად „სილამაზე პანაცეაა“.

ჰუნდერტვასერმა თავისი იდეები ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრების შესახებ განახორციელა მის მოკრძალებულ ნავსაყუდელში – ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიასა და საკუთარ მიწაზე ახალ ზელანდიაში,  სადაც 100,000-ზე მეტი ხე დარგო. 2000 წელს, ჰუნდერტვასერი გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი თხოვნის თანახმად, ის დაკრძალეს ბუნებასთან ჰარმონიაში, ახალ ზელანდიაში, საკუთარ მიწაზე, „ბედნიერ გარდაცვლილთა ბაღში“, ლირიოდენდრონის ხის ქვეშ.

გამოფენის შესახებ

გამოფენა სტუმრებს სთავაზობს, ეზიარონ ავსტრიელი ხელოვანის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის სამყაროს. გაეცნონ მის გამოცდილებასა და ეკოლოგიურ ხედვას. გამოფენა წარმოგიდგენთ ხელოვანის სპირალური უწყვეტობის იდეას, რომელსაც ჰუნდერტვასერის არასწორხაზოვან, ტალღოვან და წრიულ ფორმებში აღმოაჩენთ.

პარკში სეირნობისას სტუმრები გაეცნობიან აქტივობებს, რომლებმაც საქართველოში ხელოვანის ხედვა რეალობად აქციეს. გამოფენა არამხოლოდ წარმოგიდგენთ ჰუნდერტვასერის შემოქმედებას, არამედ გაგაცნობთ ავსტრიისა და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივ პროექტებს.

კრწანისის ტყეპარკი ჰუნდერტვასერის ფილოსოფიის ბრწყინვალე სინთეზი და ხელოვანის ნამუშევრების საკვანძო თემის სიმბოლოა, რომელიც ბუნებასთან ახლო კავშირს გვახსენებს. ტყეპარკის ფლორასა და ფაუნაში თავს ბუნების ნამდვილ სტუმრად იგრძნობთ, გაეცნობით კრწანისის ბიომრავალფეროვნებას და უკეთ გაიაზრებთ, რომ გარემოს სილამაზეს დაცვა სჭირდება.

 

კრწანისის ტყეპარკის შესახებ

კრწანისის ტყეპარკი უნიკალური შესაძლებლობაა, თავი დააღწიოთ ქალაქის ხმაურსა და აურზაურს. ულამაზესი ხეივნებით გაფორმებული ბილიკები იდეალურია ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის, პიკნიკების, საგანმანათლებლო ტურებისა და ფრინველებზე დაკვირვებისთვის. ამჟამად, მიმდინარეობს ტყეპარკის აღდგენა, საქართველოს ველური ბუნების სააგენტოს მიერ.

კრწანისის ტყეპარკი მოიცავს ჭალის ტყის ელემენტებს, რასაც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუკი, პარკის ფაუნას ჩიტის თვალის პერსპექტივიდან დავაკვირდებით, 212 სახეობას აღმოვაჩენთ. კრწანისის ფლორა 54 ენდემურ სახეობას მოიცავს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

თანამშრომლები ახლა უფრო მარტოსულები არიან, ვიდრე ოდესმე – რა უნდა გააკეთონ დამსაქმებლებმა?

“მუხლუხოვანი სოკო” მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პარაზიტია – მისი ფასი 140 000 დოლარამდე აღწევს!