CENN-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ინიციირებული კლიმატის ცვლილების თემატური ბანაკის შესახებ უკვე სტატიების ერთგვარი სერია მოვამზადეთ და არაერთი საინტერესო ახალგაზრდა გაგაცანით, თუმცა მოსაყოლი ისტორიები კიდევ დაგვრჩა. ამჯერად კიდევ ორ ადამიანს გაგაცნობთ, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან არიან, თუმცა ამ ბანაკში გარემოს დაცვის მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად მიიღეს მონაწილეობა და მიღებული ცოდნა თავიანთ რეგიონს მოახმარეს. ესენი არიან გიორგი ნიორაძე იმერეთიდან და ბარბარე იაგანაშვილი კახეთიდან.
გიორგი ნიორაძე 18 წლის არის. ის ჭიათურაში ცხოვრობს და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. CENN-ის პროექტში მონაწილეობა ჯერ კიდევ მოსწავლეობისას მიიღო, რადგან ამ პერიოდში მრავალ მოხალისეობრივ აქტივობაში იყო ჩართული, ხოლო გარემოს დაცვა ის მიმართულებაა, რომელიც არა მხოლოდ ინტერესის, არამედ საჭიროების გამო აირჩია.
„მე ვცხოვრობ ჭიათურაში, ქალაქში, სადაც უამრავი ეკოლოგიური პრობლემაა. გაწევრიანებული ვიყავი ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოში და ვფიქრობ, აქ კიდევ უკეთ დავინახე, რომ ამ პრობლემების მხოლოდ ცოდნა სარგებელს ვერ მოუტანდა ქალაქს, საჭირო იყო, რომ გვემოქმედა.
CENN-ის ბანაკი საკმაოდ კარგ შანსს გვაძლევდა ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტად აგვემაღლებინა ცნობიერება კლიმატის ცვლილებაზე და გვესწავლა პროექტების შემუშავება, რომლებითაც შევძლებდით, მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა არსებული სიტუაცია. ჩვენი პროექტის სახელწოდებაა ,,მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დანერგვა“. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი დაუმუშავებელი ნიადაგია, რაც გამოწვეულია ფერმერების დაბალი ცნობიერებით. ჩვენი პროექტით დავამტკიცეთ, რომ ეკომეგობრულად და ბიუჯეტურად შეგვიძლია, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და ხელი შევუწყოთ როგორც კლიმატის ცვლილებას, ისე სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებას. ამ პროექტის ფარგლებში, ქალაქ ჭიათურის, ქალაქ ზესტაფონისა და ქალაქ ტყიბულის საჯარო სკოლებში გაშენდა ხეხილი, რომელთა მორწყვაც შესაძლებელი იქნება არსებული ავზიდან (რომელიც, ასევე, ამ პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა) წვეთოვანი სისტემით. შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მუდმივი თესლბრუნვა. მიღებულ ნაყოფს კი სკოლებში და ქველმოქმედებისთვის იყენებენ, ხოლო პროექტი ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია, რომ ნახოს და აიმაღლოს ცნობიერება. გვახარებს ის ფაქტი, რომ უამრავი ადამიანი ინტერესდება და ნახულობს ამ პროექტს, რა თქმა უნდა, სკოლებთან შეთანხმებით”.
ბარბარე იაგანაშვილიც 18 წლის არის. CENN-ის პროექტში მონაწილეობისას ის 16 წლის იყო და, როგორც თავად იხსენებს, ამ ნაბიჯით დაიწყო მისი აქტიური ურთიერთობა გარემოს დაცვის საკითხებთან. მიღებულ გამოცდილებას ისიც დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროექტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანამ მას რეალური ცვლილებების განხორციელების საშუალება მისცა.
„ეკოლოგიური საქმიანობა ჩემს ცხოვრებაში 16 წლის ასაკში, CENN-ის ბანაკში მონაწილეობით დაიწყო. იმ დროს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვიყავი და ბუნების დაცვის იდეა ჩემთვის ახლად გაჩენილი ინტერესი იყო. ბანაკში მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან მაინტერესებდა ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები და მინდოდა, უფრო მეტი გამეგო მდგრადი განვითარების შესახებ. ამასთან, ვგრძნობდი, რომ შემეძლო, ჩემი წვლილი შემეტანა ჩემი და ზოგადი, მათ შორის, ბუნების უკეთესი მომავლის შექმნაში.
ჩვენი პროექტი ფოკუსირებული იყო ორ მიმართულებაზე: გარემოს გამწვანება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. გრანტის საშუალებით, კახეთის რეგიონში დავრგეთ ნერგები სოფელ არაშენდას საბავშვო ბაღისა და პატარძეულის საჯარო სკოლის ეზოებში. ამასთანავე, ჩავატარეთ ტრენინგშეხვედრები, სადაც ვესაუბრეთ მოსწავლეებს მდგრადი განვითარების პრინციპებზე, ნარჩენების მართვასა და ეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობაზე. ტრენინგის ბოლოს თითოეული მონაწილე ჩაერთო ქვიზში, რომელშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ გადაეცათ პრიზები.
პროექტის შედეგები მრავალმხრივი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პირველ რიგში, გამწვანდა ორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცე, რაც უკვე დადებითად აისახა ეკოსისტემაზე. გარდა ამისა, ტრენინგების შედეგად, 150-ამდე მოსწავლემ შეიძინა ცოდნა ეკოლოგიური დაბინძურების, ნარჩენების მართვისა და მდგრადი განვითარების შესახებ. პროექტის წარმატების მთავარი მაჩვენებელი ის არის, რომ ბავშვებმა არ დაკარგეს ინტერესი და დღესაც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ეკოლოგიურ ინიციატივაში. ჩვენმა ქმედებამ ადგილობრივ თემში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება მოახერხა და მისცა მაგალითი სხვებს, როგორ უნდა იზრუნონ გარემოზე.
ასეთი გამოცდილება აძლიერებს ახალგაზრდების რწმენას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და შთააგონებს მათ, რომ მცირე მოქმედებებსაც კი შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე”.
სტატია შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია 4 სამიზნე რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობის უფლებებზე აქცენტით.
[R]