თებერვალში CENN-მა მწვანე სტიპენდიის შესახებ დააანონსა, რომელიც აქტიური გარემოსდამცველი ახალგაზრდებისთვის დაწესდა. სტიპენდიის მიზანია, ყველა მომავალ ლიდერს გაუჩინოს სტიმული, უფრო აქტიურად გააგრძელოს საკუთარ თემში ადვოკატირება და გარემოს უკეთესობისკენ ცვლილება.
ცოტა ხნის წინ CENN-ის მწვანე სტიპენდიატები გამოვლინდნენ. თითოეულ მათგანს 1000 ლარი გადაეცა. ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პერიოდულად ცდილობენ, წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში, ჩაერთონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებაში და სხვა ადამიანებისთვისაც გახდნენ ერთგვარი ინსპირაცია. რადგანაც ყველა სტიპენდიატი განსაკუთრებული გარემოსდაცვითი აქტივობებით გამოირჩევა, გადავწყვიტეთ, ოთხ ნომინაციაში გამოვლენილი ახალგაზრდა გარემოსდამცველები ახლოდან გაგაცნოთ.
ნომინაცია – კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ადგილობრივ დონეზე გარემოს ზიანის შემცირებაში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებული
ნათია ლაგურაშვილი
ნათია ლაგურაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. პარალელურად, ის, CENN-ისა და BfdW-ის თანამშრომლობის ფარგლებში, სამხრეთ – ჩრდილოეთის მოხალისეთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეა და ერთი წელია, ბერლინში მოხალისედ მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით.
ნათია სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში მიიღო მონაწილეობა და კრწანისის ტყეპარკის გადარჩენის მიზნით, მნიშნელოვანი საქმიანობები განახორციელა. ის თანამოაზრეებთან ერთად, კრწანისის ტყეპარკის მნიშვნელობის შესახებ, სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებისა და სოციალური მედიის საშუალებით, ადამიანებში ცნობიერებას ამაღლებდა. ნათიას ინიციატივით, ორჯერ ჩატარდა მწვანე ფესტივალი, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ ტყე-პარკი მართვისა და აღდგენისთვის გადაეცა ველური ბუნების სააგენტოს, რაშიც ნათიას ძალისხმევამ და აქტივიზმმა დიდი როლი ითამაშა.
კრწანისის ტყეპარკი/Krtsanisi Park თბილისი-რუსთავის გაზაზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონაა თბილისისა და რუსთავის მოსახლეობისთვის, ისევე როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიმატის მდგრადობისთვის.
„ვფიქრობ, გარემოში პოზიტიური ცვლილების შეტანა ადგილობრივ დონეზე ყველა ადამიანს შეუძლია, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გააზრებული რა დრამატული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტისთვის. ძალიან მარტივია – თუ ვერ ხედავ პრობლემას, შეუძლებელია იფიქრო მისი გადაჭრის გზებზე. ამიტომაც, პირველი ნაბიჯი, რომელიც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად შეიძლება გადადგა, ჩემი აზრით, შენ გარშემო არსებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. მჯერა, რომ ცვლილება იწყება ჩვენით და ინდივიდუალური, თუნდაც მინიმალური ძალისხმევით შესაძლებელია გარემოს მდგრადობის მიღწევა,“- ამბობს ნათია.
ნომინაცია – ტყის მდგრადი მართვის, ეკოტურიზმის პოპულარიზაციასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებულები
განსაკუთრებულად დიდი კონკურენციის გამო, ამ ნომინაციას, სხვებისგან განსხვავებით, ორი გამარჯვებული ჰყავს:
ლუკა ტყემალაძე და გიორგი კავთელაძე
ლუკა:
სიცოცხლეზე დაკვირვება და მისი შესწავლა ყოველთვის იყო ლუკას ინტერესის სფერო. ცხოველების ხატვა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო და ბოლოს მის საყვარელ საქმიანობად ჩამოყალიბდა. ბუნებისადმი ლუკას ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ხატვას აღარ დასჯერდა და 12 წლიდან ზოოპარკში მოხალისედ დაიწყო მუშაობა.
ამჟამად ლუკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია ბიოლოგიის მიმართულებით და წარმატებით არის ჩართული უნივერსიტეტის კვლევებსა და ექსპედიციებში. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ლუკა აქტიურად მონაწილეობდა CENN-ADC-ს პროექტში – ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“. სკოლის ასაკში ლუკა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიისა და მწვანე ბანაკების აქტიური, წარმატებული მონაწილე იყო, სწავლის დასრულების შემდეგ კი თავად გახდა მოწვეული ტრენერი ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.
კონსერვაციის მიმართულებით ლუკას საქმიანობების ჩამონათვალი საკამოდ დიდია: სეზონურად იღებს მონაწილეობას ქურციკების რეინტროდუქციის პროგრამაში, თბილისის ზოოლოგიური პარკისა და WWF-ის ერთობლივ საველე მონიტორინგში, 2019 წელს მუშობდა თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო დეპარტამენტში, ასევე, რამდენიმე თვეა მუშაობს კავკასიის წითელი ნუსხის სახეობათა კონსერვაციის პროექტში, რომელსაც თბილისის ზოოპარკი ახორციელებს, არის ბრენდი ,,ქათამურას” წევრი, სადაც ქმნის ხელნაკეთ ქანდაკებებს საქართველოს ველური ფაუნიდან, მომზადებული აქვს ილუსტრაციები National Geographic Georgia- ს ნომრისთვის, ჯავახეთის გადამფრენ ფრინველებზე. 2020 წელს კი, მეგობრებთან ერთად, დააარსა საკუთარი ორგანიზაციაც, რომლის ძირითადი მიზანია ბუნების კონსერვაცია და არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციაა.
„ცხოველებთან მოხალისეობრივად მუშაობის დიდხნიანმა გამოცდილებამ და მრავალი პროფესიონალი და საინტერესო ადამიანის წრეში არსებობამ შანსი მომცა ბევრი შთამბეჭდავი ექსპედიციისა და კვლევის მონაწილე გავმხდარიყავი. უფრო ფართოდ დამენახა და გამეაზრებინა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა.”
გიორგი:
გიორგი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ აქტიური მონაწილეა. მისი გარემოსდაცვითი საქმიანობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც სკოლის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად ეკოკლუბი ჩამოაყალიბა და კონკურსის წარმატებული მონაწილე გახდა.
ახალგაზრდული, გარემოსდაცვითი კონკურსი უკვე 5 წელია CENN-ის მიერ, ,,ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ / “Austrian Development Cooperation“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტის – ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ფარგლებში და ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით 500-მდე სკოლას აერთიანებს.
- გიორგიმ ეკოკლუბელებთან ერთად, დამოუკიდებელი მონიტორიგის შედეგად, რეკრეაციულ ზონებში განთავსებული 11 არალეგალური ნაგავსაყრელის დახურვა და შედეგად, 2 ტონამდე ნარჩენის დასუფთავება შეძლო.
- იგი არის Friday For future-ს ქართული მხარის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროგრამების კოორდინატორი.
- გიორგიმ არასამთავრობო ორგანიზაციისაგან – „იარე ფეხით“ მიღებული გრანტით გახსნა სკვერი თბილისის 176-ე საჯარო სკოლის ეზოში, რის შემდეგადაც გახდა მოხალისეობრივი საინიციატივო გუნდის Green Tbilisi-ის კოორდინატორი. პროექტის ფარგლებში, გიორგიმ კიდევ ერთი სკვერის გახსნა შეძლო დადიანის ქუჩაზე.
- თავისი თანატოლებისათვის და უფროსებისთვის 30-ზე მეტი ტრენინგ-სემინარი აქვს ჩატარებული და/ან ორგანიზებული ისეთ მნიშვნელოვან გარემოსდავით საკითხებზე, რგორებიცაა – ტყის მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარების მიზნები, ნარჩენების მართვა.
“გარემოს დაცვის მნიშვნელობას დღეს ყველა აღიარებს, მიუხედავად ამისა, ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გარემოს გასაუმჯობესებლად და დასაცავად უანგაროდ მუშაობენ. ვფიქრობ, მოხალისეობრივი საქმიანობა განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც მთელ ძალისხმევას უანგაროდ დებ გარემოს დაცვაში, როდესაც თითოეული მცენარის არსებობის საკითხი მნიშვნელოვანია შენთვის და ამისთვის არაფერს არ მოელი. ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა,” – ამბობს გიორგი.
ნომინაცია – მწვანე მეწარმეობაში და ბიზნესში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისათვის გამარჯვებული
მარიამ ნარსავიძე
მარიამ ნარსავიძე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. მან წლების განმავლობაში არაერთი აქტივობა განახორციელა საკუთარ თემში გარემოს დაცვის მიმართულებით და ამჟამად უკვე სკოლის ეკოკლუბის Green Space-ის ლიდერია.
მარიამი 2017 წლიდან სოციალურ საწარმო “მზეკოში” სწავლობდა ხელსაქმეს, სწავლის დასრულების შემდეგ კი საწარმოშივე დასაქმდა. მოგვიანებით, პროფესიული განათლების კურსი, თექისა და გობელინის მიმართულებით გაიარა და ეს ხელსაქმეც შეისწავლა. თავისი ცოდნის გასაზიარებლად, მარიამი, გასულ წელს, მოხალისე მასწავლებელი გახდა და უმცროსკლასელებისთვის ხელსაქმის წრე ჩამოაყალიბა, სადაც პატარებს ასწავლის კერვას, ქარგვას და სხვადასხვა აქსესუარების დამზადებას. პარალელურად, სკოლის სოციალურ საწარმოში, რომელიც ლადო აფხაზავას შემოწირული თანხით შეიქმნა, ეკოკლუბელებთან ერთად დაიწყო ნაჭრის ჩანთების წარმოება და მათი მოხატვა. ამასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს უტარებს ნაჭერზე ხატვის და ჩანთის კერვის გაკვეთილებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და მრავალჯერადი გამოყენებისაა. მარიამი თავის საწარმოში დამზადებული ეკოჩანთებით არაერთ გამოფენა-გაყიდვაში იღებს მონაწილეობას, შემოსული თანხით კი ახალ ჩანთებს ამზადებს და სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტოვობებს ახორციელბს.
„მწვანე სტიპენდია ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა სამომავლო გეგმების განსახორციელებლად, რადგან, მომეცა შესაძლებლობა, მოვაწყო ფესტივალი „ვიზრუნოთ გარემოზე სოციალური მეწარმეობის ფარგლებში“ და საკუთარი წვლილი შევიტანო ჩემი თემის განვითარებაში,“ – ამბობს მარიამი.
ნომინაცია – ნარჩენების მდგრადი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და მოსახლეობის მომხმარებლური ქცევის ცვლილებაში შეტანილი წვლილისთვის გამარჯვებული
თორნიკე შავიშვილი
17 წლის თორნიკე შავიშვილი ქობულეთის №6 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსაწავლეა. 3 წელია, რაც დაინტერესებულია გარემოსდაცვითი საკითხებით და აქტიურად არის ჩართული, საკუთარ თემში, გარემოს ადვოკატირებისა და უკეთესობისაკენ ცვლილებებში.
CENN-თან თანამშრომლობა თორნიკემ 2018 წელს დაიწყო და გარდა იმისა, რომ ბანაკებისა და სხვადასხვა კონკურსების მონაწილეა, მან, USAID-ის WMTR II პროგრამის ფარგლებში, მოიპოვა გრანტი მუნიციპალური ნარჩენების მდგრადი მართვის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის. აღნიშნული პროექტით, მუნიციპალიტეტში შეძლო ზღვის სანაპირო ზოლის (დახლოებით 2500 კვადრატული მეტრის) ეტაპობრივად დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების შემდგომი დახარისხება და გადასამუშავებლად კომპანიებისთვის მიწოდება. თორნიკეს აქტივობები ასევე მოიცავს მოსახლეობაში ტრენინგების ჩატარებას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლის დატრენინგებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლაში კომპოსტირების ყუთის განთავსებას.
„ვფიქრობ, ინვივიდუალურ დონეზე ადამიანების ჩართულობა ყველაზე მნიშნელოვანია დედამიწის გადასარჩენად. აღნიშნულმა საკითხმა დამაფიქრა, ჩავრთულიყავი გარემოსდაცვით პროექტებში, ვყოფილიყავი აქტიური გარემოს დამცველი და ჩემი წვლილი შემეტანა მდგრადი და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. მიხარია, რომ ჩემ მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა საგრძნობლად აამაღლა გარემოსდაცვითი ცნობიერება ჩემს მუნიციპალიტეტში და სკოლაში, რაშიც დიდი წვლილი CENN-ს და USAID-ის მიუძღვის. სწორედ CENN-მა მომცა შესაძლებლობა, უამრავი გარემოსდაცვითი აქტივობა განმეხორციელებინა,“ – ამბობს თორნიკე.
[R]