25
Apr
2019

რა ბედი ელის ნარჩენებს? ნარჩენების დახარისხების სტენდები ბათუმში

25 Apr 2019

სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ დანაგვიანება გლობალური პრობლემაა, რასაც მსოფლიო ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიჰყავს. ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად შეხვდებით საინფორმაციო და სოციალურ კამპანიებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული. მასშტაბური დანაგვიანების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ალტერნატივაა ნარჩენების სწორი მართვა. ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპია ნარჩენების დახარისხება, რაც ნედლეულის ხელახალი გამოყენების (რეციკლირების) საშუალებას იძლევა. შედეგად, ვიღებთ გადამუშავებული ნარჩენებით დამზადებულ ახალ პროდუქტებს ან ენერგიას.

როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის, WMTR (USAID-ის ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო თევზაძე ამბობს: “რეციკლირება მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ხდება პირველადი ბუნებრივი რესურსების დაზოგვა წარმოების პროცესში. ნაკლები ნარჩენი მიდის ნაგავსაყრელებზე, შესაბამისად, ასე ხანგრძლივდება ნაგავსაყრელის სიცოცხლის უნარიანობა და ნაკლები მიწის რესურსის გამოყენებაა საჭირო ნაგავსაყრელების მოსაწყობად. აღსანიშნავია, რეციკლირების ეკონომიკური ეფექტი – ხდება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც დახარისხების, ასევე, უშუალოდ რეციკლირების პროცესის დროს”.

USAID-ის პროექტის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (WMTR)” ფარგლებში, CENN მუშაობს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიის დანერგვაზე რეგიონებში. პროექტი ხორციელდება კახეთში, შიდა ქართლში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისში.  გარდა საზოგადოების ჩართულობის ზრდისა, პროგრამა ითვალისწინებს ნარჩენების დახარისხების ობიექტების განთავსებასაც. თბილისში უკვე განთავსებულია 25 ასეთი სტენდი. ცოტა ხნის წინ კი, სტენდები განთავსდა ბათუმშიც. დეტალებზე ნინო თევზაძეს ვესაუბრეთ.

“ბათუმში, პირველ ეტაპზე, გაიხსნა 5 სტენდი, რომელთა მომსახურებას უზურვნელყოფს შპს “სანდასუფთავება”. შესაბამისად, სტენდების განთავსების ადგილების შერჩევა ხდებოდა კომპანიასთან აქტიური კონსულტაციების გზით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით და საბოლოოდ, სტენდები განთავსდა შემდეგ ადგილებზე: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ბათუმის #1 საჯარო სკოლაში, საბაგირო არგოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დელფინარიუმთან, ბულვარის ტერიტორიაზე აკვა პარკის მიმდებარედ.”

M: რა ტიპის ნარჩენების დახარისხებაა შესაძლებელი?

აღნიშნულ სტენდებში შესაძლებელია პლასტმასას, ქაღალდის, ალუმინისა და შუშის ნარჩენების დახარისხება, მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით.

M: თქვენი პროექტის ფარგლებში, დახარისხებულ ნარჩენებს ვის მიაწვდით და რა სახის ახალი პროდუქტი შეიქმნება მისგან?

პროგრამის ფარგლებში, თბილისში გახსნილ სტენდებს ემსახურება შპს “სუფთა სამყარო”, რომელსაც ნარჩენები თავის საწარმოო ტერიტორიაზე გადააქვს, ამუშავებს და შემდეგ, ნედლეულს აწვდის სხვადასხვა კომპანიებს როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის გარეთ. სასიხარულოა, რომ საქართველოში არის ქაღალდის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც ქაღალდის გადამუშავების შემდეგ, საბოლოო პროდუქტს აწარმოებენ, ასევე ქვეყანაში არის ალუმინისა და შუშის გადამამუშავებელი კომპანიები. რაც შეეხება პლასტმასას ნარჩენებს, ეს ნაკადი, ძირითადად, ქვეყნის გარეთ გადის, გადამუშავების მიზნით.

M: როგორ გეგმავთ პროექტის პოპულარიზაციას და ადამიანების მოტივირებას, აქტიურად ჩაერთონ ნარჩენების დახარისხებაში?

პროექტის ფარგლებში, მასშტაბური კამპანიები გვაქვს დაგეგმილი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის მათთვის ნარჩენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ამ პროცესში აქტიური ჩართულობის კუთხით. მაგალითად, ახალგაზრების წახალისებისა და მათი ცნობიერების ამაღლებისთვის, ვმუშაობთ უნივერსიტეტებთან და სკოლებთან, ვატარებთ ტრენინგებს, კონკურსებსა და სხვადასხვა აქტივობას. აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, ჩვენი ბანაკების კურსდამთავრებული სტუდენები უკვე თავად ატარებენ სკოლებში ნარჩენების თემატიკაზე ტრენინგებს. სკოლები ძალიან მოტივირებულები არიან, აქტიურად ჩაერთონ ნარჩენების მართვის საკითხებში.

ხშირად ვაწყობთ ფილმების ჩვენებას, საჯარო ლექციებსა და ონლაინ კამპანიებს. ასევე, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მედია საშუალებასთან ამ საკითხების პოპულარიზაციის მიზნით. მაგალითად, ამ ეტაპზე აქტიურად ვთანამშრომლობთ National Geographic-თან, Your Shot-ის ფარგლებში, სადაც კონკურსის თემაა “პლანეტა თუ პლასტმასა”. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ფოტოები გარემოს პლასტმასათი დაბინძურების თემატიკზე.

გვაქვს საინტერესო კამპანია „გარემოს გულისთვის” ( Keep Georgia Beautiful), რომელიც მოუწოდებს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პარტნიორებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე ჩვევების დანერგვას. ამ ეტაპზე, აღნიშნულ კამპანიაში უკვე 20-ზე მეტი კომპანიაა ჩართული.

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

განხილვა