23
Jan
2020

5 ქართული გადამმუშავებელი კომპანია, რომელთაც 2019 წელს გრანტები გადაეცათ

23 Jan 2020

საქართველოში ნარჩენების გადამმუშავებელი სექტორი შედარებით ახალგაზრდაა, ისევე, როგორც ამ სექტორში არსებული გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ნარჩენებს სასარგებლო პროდუქტად აქცევენ. მიუხედავად ამისა,  ნარჩენების გადამმუშავებელი სექტორი უკვე მრავალ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც ისეთი ტიპის ნარჩენების სეპარარებულად შეგროვებასა და გადამუშავებას ახდენენ, როგორიცაა: ქაღალდი, პლასტმასა, მინა, ალუმინი, ხე, საბურავები და სხვა. 

სექტორის შემდგომი განვითარებისთვის, აუცილებელია მისი მხარდაჭერა როგორც გადამუშავებადი მასალების მობილიზებისა და მიწოდების, ისე არსებული ტექნოლოგიების განახლების მხრივ, რათა გაიზარდოს ამ სექტორის წარმადობა და შესაძლებელი იყო მეტი ნარჩენის გადამუშავება. 

სწორედ ამ მიზნით, 2019 წელს, გადამმუშავებელი ქარხნებისთვის 500,000 აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო პაკეტი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც გადამუშვების სექტორში ჩართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ განაახლონ თავიანთი საწარმოო ხაზი და ამ გზით გაზარდონ წარმადობა და /ან გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი. გრანტები, რომლებიც CENN/USAID-ის ნარჩენების მართვის პროგრამამ გასცა, ჯამში 5 კომპანიას გადაეცა. ეს კომპანიებია:

სუფთა სამყარო

სუფთა სამყარო დახარისხებული ნარჩენების შემგროვებელი კომპანიაა. იგი ნარჩენების წარმომქმნელი მსხვილი ობიექტებიდან აგროვებს ნარჩენებს, სადაც დასაპრესი დანადგარები აქვს განთავსებული. ის ასევე ემსახურება თბილისში არსებულ 25 ლოკაციაზე განთავსებულ ნარჩენების დახარისხებულად შეგროვების სტენდებსაც. 

კომპანიას ნარჩენები გამოაქვს სხვადასხვა დაწესებულებიდან: სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, სკოლები, უნივერსიტეტები, სასტუმროები, სახელმწიფო დაწესებულებები და საელჩოები. ამ ობიექტებზე იმყოფებიან სუფთა სამყაროს თანამშრომლები, რომლებიც იქვე ახარისხებენ ნარჩენებს. შემდეგ, დახარისხებული ნარჩენები კომპანიის ბაზაზე ტრანსპორტირდება, სადაც დახარისხების ეტაპი სრულდება. უკვე დახარისხებული ნარჩენები საქართველოში არსებულ გადამამუშავებელ ქარხნებს მიეწოდებათ, ნარჩენების ნაწილი იყო ექსპორტზე გადის.

“გრანტის ფარგლებში ჩვენმა კომპანიამ მუყაოსა და პეტ ბოთლის დიდი დასაპრესი დანადგარები შეიძინა. ახალი დანადგარების მეშვეობით შევძელით ახალი ობიექტების დამატება და მეტი ორგანიზაციიდან ნარჩენის შეგროვება. შესაბამისად, გავზარდეთ მეორადი ნარჩენების მოცულობა. წარმადობა დღეში დაახლოებით 1-1,5 ტონით გაიზარდა. მანამდე არსებული პატარა დანადგარი თუ დღეში 1 ტონა ნარჩენს პრესავდა, ამჟამად, ახალი დანადგარი 2-2,5 ტონას პრესავს. ახალი ობიექტების დამატების შემდეგ გავზარდეთ  თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ადგილზე ახარისხებენ ნარჩენებს. 

მომავლისთვის ჩვენი კომპანია მისაღები ნარჩენების სპექტრის გაზრდას გეგმავს. მივიღებთ ყველა სახის პლასტმასას, ასევე გვსურს, ელექტრონული ნარჩენების შეგროვებაც დავიწყოთ,” – დავით ცქიტიშვილი, სუფთა სამყაროს გენერალური დირექტორი. 

კრიალა

კრიალა ჰიგიენური ქაღალდის (ხელსახოცი, ჰიგიენური ქაღალდი და სხვა) მწარმოებელი კომპანიაა. იგი აღნიშნულ პროდუქციას მის მიერვე გადამუშავებული ქაღალდისგან ამზადებს. “კრიალა” თვეში დაახლოებით 300 ტონამდე ქაღალდს ამუშავებს და აპირებს, რომ ეს რიცხვი გააორმაგოს. 

კომპანიის პროდუქტი იყიდება ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორიცაა ასფურცელა, ეკო ფეიფერი, კრიალა და სხვა. კომპანიის პროდუქცია შეგხვდებათ როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე – საბითუმო ბაზრობებსა და პატარა მაღაზიებში. კომპანიის ამჟამინდელ მიზანს წარმოადგენს: შეამციროს იმპორტი ამ კონკრეტული მიმართულებით და შეძლოს, საქართველოში წარმოებული ჰიგიენური ქაღალდი ექსპორტზე გაიტანოს. 

“გრანტის ფარგლებში მოხდა დანადგარების სისტემატიზაცია და გაუმჯობესება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ გაორმაგებული რაოდენობა – 500-600 ტონა ქაღალდი და ასევე, შევამციროთ პროდუქციის თვითღირებულება. შედეგად, დასაქმდა უფრო მეტი ადამიანი, ნედლეულის გაორმაგებულ რაოდენობას ვამუშავებთ, ამ ყველაფერს კი მეტი თანამშრომელი სჭირდება. გაორმაგებული მზა პროდუქციის რეალიზაციასაც უფრო მეტი ადამიანური რესურსი დასჭირდა, ამიტომაც ამ კუთხითაც დავასაქმეთ ხალხი,” – მიხეილ ხუციშვილი, კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი. 

ეკოჯეოპეტი

კომპანია  „ეკო ჯეო პეტი“ არის მეორადი პლასტმასის ბოთლების გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც ახორციელებს თანამედროვე გადამუშავების პროცესს. ეს გულისხმობს ბოთლის დაქუცმაცებას, ეტიკეტისა და თავსახურისგან სეპარაციას, რამოდენიმე ტიპის რეცხვასა და გაშრობას. ბოთლების გადამუშავებით მიიღება ნახევარფაბრიკატი PET ფანტელები, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება.

“გრანტის ფარგლებში შევიძინეთ შესაფუთი ლენტის მწარმოებელი ხაზი, რომელიც იქნება ამ ეტაპზე არსებული გადამუშავების ხაზის გაგრძელება. რაც გულისხმობს, PET ფანტელებიდან საბოლოო პროდუქციის, შესაფუთი ლენტის წარმოებას, რომელიც იქნება სიახლე ქართულ ბაზარზე და ჩაანაცვლებს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებილ საქონელს.  პროდუქციის წარმოებისთვის აქცენტი გამახვილებული იქნება მუქი ფერის ბოთლზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა, თუმცა არ არის მოთხოვნადი, არ გადამუშავდება, პირდაპირი გზით ხვდება ნაგავსაყრელებზე და იწვევს სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემებს,” – მაკა ქევხიშვილი, ეკოჯეოპეტის თანადამფუძნებელი.

კომპანიის წარმომადგენლები ლენტის წარმოებით წარმადობის გაზრდას პირველ წელს თვეში 15-დან 20 ტონამდე ვარაუდობენ, რაც, რასაკვირველია, კომპანიის შემოსავლის ზრდაზე აისახება. ისინი ასევე ვარაუდობენ, რომ წარმოების  დასაწყისში დამატებით 5 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. “ეკოჯეოპეტის” სამომავლო გეგმა სრული დატვირთვით მუშაობას უკავშირდება, რაც თვიურად 300 დან 350 ტონით ნაკლებ მეორად ბოთლს ნიშნავს გარემოში.

“TRC” 

საბურავების გადამამუშავებელი კომპანია “TRC” 3 წლის წინ დაარსდა და დღეს საბურავის ნარჩენს აქტიურად გადაამუშავებს. ერთი მხრივ, კომპანია გარემოზე ზრუნავს, მეორე მხრივ კი, ახერხებს, მიღებული პროდუქციით  სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. გააჯანსაღოს.

კომპანიაში საბურავები მექანიკურად მუშავდება – საბურავის ნარჩენისგან გამოცალკევდება ტექსტილისა და ფოლადის ბოჭკო და კაუჩუკის გრანულები. კაუჩუკის გრანულები გამოიყენება სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის, ასევე, მოდერნიზებული ასფალტის წარმოებასა და რეზინის აღდგენაში. ფოლადის ბოჭკო გამოიყენება მაღალი ხარისხის ბეტონის კონგლომერატის მისაღებად, რასაც შემდეგ ხიდების აგებისა და ჰესების მშენებლობის დროს იყენებენ. ტექსტილის ბოჭკო კი თბოიზოლაციისთვის გამოიყენება. სამი წლის განმავლობაში კომპანიამ 2,000 ტონამდე საბურავის ნარჩენის გადამუშავება შეძლო. 

“გრანტის ფარგლებში ვგეგმავთ პირველი და მეორე ეტაპის შრედერის შეძენას – ამ დანადგარში პირდაპირ ვარდება საბურავი და ქუცმაცდება. თუ აქამდე საბურავი სამდონიან ჭრას გადიოდა, ახლა პირდაპირ შეგვეძლება, საბურავი გადავამუშაოთ. ამ დანადგარების გამოყენება იქნება მეტად ენერგოეფექტიანი. თუკი აქამდე 1 ტონა საბურავის გადამუშავებას 8 საათი სჭირდებოდა, წარმოება 8-ჯერ გაიზრდება და თითო საათში თითო ტონის გადამუშავება შეგვეძლება. რაც შეეხება დასაქმებას, ვაპირებთ რომ დასაქმებულთა რიცხვი ორჯერ გავზარდოთ, რადგან ახლა უკვე ამის საშუალება გვექნება,” – ზურა ბაზღაძე, TRC – ის დირექტორი. 

“შპს კერე”

“შპს კერე” ქვეყანაში არსებული მინის ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას ახორციელებს. შემდეგ დამუშავებული ნედლეულის სახით პროდუქციას შუშის მწარმოებელ კომპანიას აწვდის, სადაც მიწოდებული ნედლეულისგან – დამუშავებული შუშის ნარჩენისგან ახალი პროდუქტი იწარმოება. როგორც ზემოხსენებულ 4 კომპანიას, 2019 წელს “შპს კერესაც” გადაეცა გრანტი, რომლითაც მან ახალი დანადგარები შეიძინა. აღნიშნული დანადგარები დაეხმარება კომპანიას გააუმჯობესოს კომპანიის ოპერირება, გაზარდოს წარმადობა და წარმოებული პროდუქციის ხარისხი.

“გრანტის ფარგლებში შეძენილი დანადგარები კომპანიას საშუალებას მისცემს, 8,000 ტონამდე ნარჩენი დაამუშავოს ყოველწლიურად, რაც დაახლოებით 8-ჯერ მეტია, ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი. ამასთანავე, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხიც, რადგან, ახალი დანადგარების საშუალებით, შუშის ნარჩენებისგან  უფრო ეფექტიანად გამოცალკევდება არასასურველი ნივთიერებები,” – რონი კვაჭაძე, USAID WMTR II კერძო სექტორის განვითარების სპეციალისტი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. საწარმო იქნება ეს თუ კომპანია, თუ მას დიდი რაოდენობით უგროვდება ნარჩენი, შეუძლია, დაუკავშირდეს  საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას, რომელიც დაინტერესებულ მხარეს, უშუალოდ გადამმუშავებელ კომპანიასთან დააკავშირებს. მოსახლეობას კი, უკვე შესაძლებლობა აქვს, კომპანიები ქაღალდით, პლასტმასათი, შუშით და ალუმინით საქართველოში 45 ადგილიდან მოამარაგოს. კერძოდ თბილისში, უკვე 25 სეპარაციის სტენდი არსებობს, სადაც შეგიძლიათ დახარისხებული ნარჩენი მიიტანოთ. 

[R]

განხილვა