8
May
2019

რატომ უნდა გადავიხადოთ დასუფთავების მოსაკრებელი და როგორი უნდა იყოს ნარჩენების მართვის ტარიფები საქართველოში

8 May 2019

დაფიქრებულხართ, რა მოსდის ნარჩენებს, რომლებსაც ყრით? ვინაა პასუხისმგებელი მათ მართვაზე და რა რესურსი იხარჯება ამისთვის? უფრო კონკრეტულად კი, ვინ იხდის ნარჩენების მართვის ხარჯს? თუმცა, მანამდე, თუ დაფიქრებულხართ რა გავლენას ახდენს ნარჩენები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე? გარემოს დანაგვიანების შედეგად ბინძურდება: ნიადაგი, ატმოსფერული ჰაერი, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები, რაც ჩვენი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობასთან ერთად, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ნარჩენის ურნაში ჩაგდებას 4 წამი სჭირდება, ზოგიერთი ტიპის, ყოველდღიური თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენის სრულად დაშლისთვის კი კვირებიდან ათასწლეულებამდეა საჭირო:

ნარჩენების მართვის პრაქტიკას რომ დავუბრუნდეთ, მსოფლიოს მასშტაბით, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომა  „დამბინძურებელი იხდის პრინციპს ეფუძნება, ანუ ნარჩენების წარმოქმნაზე და მათი წარმოქმნითა და განთავსებით გამოწვეულ ზიანზე პასუხესმგებლობა ეკისრება ნარჩენების წარმომქმნელს, რომელიც ვალდებულია გაწიოს მის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მართვისთვის საჭირო ხარჯები. ნარჩნების მართვის მოსაკრებელი ისეთივე ყოველთვიური კომუნალური გადასახადია, როგორიც დენის, ან წყლის გადასახადი. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მაჩვენებელი ძალიან დაბალია და ძირითადად, სახელმწიფოს სუბსიდირების ხორციელდება.  ამჟამინდელი მუნიციპალური ნარჩენების ტარიფების დაანგარიშების მეთოდი საკმაოდ მოძველებულია და აფერხებს საქართველოში ნარჩენების დახარისხებისა და მართვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევას, ამ გზით, სახელმწიფო დაფინანსება აკლდება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს როგორებიცაა: განათლება, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სხვა. ამას ემატება ისიც, რომ არსებული პრაქტიკა არ ითვალისწინებს/გამოყოფს თანხას ნარჩენების გადამუშავებისთთვის, შესაბამისად, საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ნარჩენების გადამუშავება ძალზედ მცირე მასშტაბებით ხდება. ეს აჩენს კითხვასროდის იქნება მზად საქართველო ნარჩენების მართვის თანამედროვე და პლანეტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემაზე გადავიდეს?

ამ ეტაპზე, საქართველოში საყოფაცხოვრებო ნარჩენი ქუჩიდან ნაგავსაყრელამდე შემდეგ გზას გადისნარჩენების ჩაგდება ურნაში (მეეზოვის, ან მოქალაქის მიერ), ურნიდან ნაგავმზიდში გადატანა, ნაგავმზიდიდან ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირება, ნაგავსაყრელის მოვლაპატრონობა/შენახვა. ამ უკვე არსებული ციკლის მიღმა, არსებობს საჭიროება, რომელიც ნარჩენების გადამუშავებას უკავშირდება.

ორგანიზაცია CENN წლებია საქართველოში გარემოსდაცვითი, მათ შორის, ნარჩენების მართვის მიმართულებით მოღვაწეობს. ამ ეტაპზე, ორგანიზაცია ახორციელებს USAID-ის მიერ მხარდაჭერილ პროგრამას ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში (USAID WMTR II). CENN-მა, USAID WMTR II პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია (General Methodology for Establishing Tariffs), რომელიც ტარიფების განსაზღვრაში დაგვეხმარება. ეს ქართულ კონტექსტს მორგებული მეთოდოლოგიაა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებსაც ნარჩენების მოსაკრებლის დაწესება ევალებათ, მუნიციპალიტეტის ფარგლებში ტარიფის განსაზღვრას სთავაზობს, ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ქუჩისა და საჯარო სივრცეების დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება, ნაგავსაყრელის კარიბჭის გადასახადი,  ასევე, ნარჩენების გადამუშავების საფასური.

მეთოდოლოგია ეყრდნობა მთლიანი ფასის დათვლის (FCA) გზას, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორცსაუკეთესო და თანამედროვე მეთოდინარჩენების მართვის მიმართულებით. FCA განსაზღვრულია, როგორც საშუალება მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტარიფების სისტემატური იდენტიფიცირებისთვის, შეკრებისა და გადმოცემისთვის. ის ითვლის წარსულის და მომავლის სავარაუდო ხარჯებს (ზედამხედველობის, ოპერირებისა და მომსახურების ჩათვლით). ითვლის ადამიანურ რესურსზე გასაწევ, გადაადგლების, აღჭურვილობის და .. დანახარჯს“, – გვიყვება არჩილ ლეჟავა, USAID/CENN WMTR II ნარჩენების მართვის ტარიფების გუნდის ლიდერი.

როგორც არჩილ ლეჟავა ამბობს, WMTR II-ის ფარგლებში, მეთოდოლოგიის მიხედვით ნარჩენების მოსაკრებლიუკვე სამ რეგიონშიაჭარაში, კახეთსა და შიდა ქართლში დაანგარიშდა. ამ რეგიონებში, 2016 წლის მონაცემებით, ნარჩენების მოსაკრებლის მოსახლეობიდან ამოღების მაჩვენებელი საშუალოდ 19%– არ აღემატებოდა, რაც შემაშფოთებელი შედეგია. მეთოდოლოგიას თან ერთვის დაანგარიშების მექანიზმი, რომლის გამოყენების შედეგად, ადგილობრივმა თანამშრომლებმა აითვისეს, თუ როგორ უნდა დაეთვალათ ხარჯები, ხოლო ყვარელის მუნიციპალიტეტში ზემოთ განხილული ნარჩენების მართვის ტარიფი უკვე დაინერგა. უახლოეს მომავალში კი, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენება.  

ე.წ. დარიცხვის სისტემა (Billing System) უცხოა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. მოსაკრებლის შეგროვება კვლავ მოძველებული მეთოდით ხდება – ხელით შევსებული ქვითრისა და ე.წ. „ინკასატორის“ მეშვეობით. მხოლოდ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია დანერგილი „ბილინგის სისტემა”, სადაც მომხმარებლები აღირიცხებიან ელექტრონულ ბაზაში და გაერთიანებულ ქვითარში სხვა გადასახადებთან ერთად მოსდით დასუფთავების მოსაკრებელი. „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის მიხედვით მუშაობა, საქართველოში ნარჩენების მართვის კუთხით ეკონომიკურობისა და სამართლიანობის მიღწევას შეიძლება ნიშნავდეს, რადგან ამ პრინციპის მიხედვით, არავინ იხდის ზედმეტს, ან ნაკლებს და მას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს.


უნდა აღინიშნოს
, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, საპარლამენტო თემატური მოკვლევის ფორმატში, მარტის თვეში ჩაატარა მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განხილული იყო სექტორში სატარიფო პოლიტიკის კუთხით არსებული სიტუაცია, ასევე, პროგრამის მიერ შემოთავაზებული ახალი მეთოდოლოგია. როგორც ცნობილია, კომიტეტმა მოისმინა ყველა დაინტერესებული მხარის პოზიცია. შედეგად, კომიტეტი მოკლე ვადაში გამოსცემს დასკვნას, რომელშიც ასახული იქნება საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა