გასული წელი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა ხელმძღვანელებისთვის. Challenger, Gray & Christmas-ის სტატისტიკაც ამას მოწმობს — ხელმძღვანელ პოზიციებზე მყოფმა 1914-მა ადამიანმა გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა… მიზეზი გამოფიტვაა. სწორედ ამიტომ, ახლა ვისაუბრებთ, როგორ შეუძლიათ ხელმძღვანელებს საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა, პირადი თუ პროფესიული ცხოვრების დაბალანსება:
გახდით უკეთესი „კორპორატიული ათლეტი“
ნიკილ დიოგენი, რომელიც თავად არის ამ საკითხში მრჩეველი და, ამავდროულად, Americas for Brunswick Group-ის ხელმძღვანელიცაა, გვეუბნება, რომ დისციპლინა გამოფიტვის თავიდან არიდების მთავარი გასაღებია. ერთ რჩევასაც გვიზიარებს, რომელიც თავად მიიღო გამოცდილი CEO-სგან: ეს საქმე კარგად რომ შეასრულო, თავად უნდა იყო უკეთესი კორპორატიული ათლეტიო. „უნდა გქონდეთ დისციპლინა და უნდა გააცნობიეროთ, რას აკეთებთ ან ვის ხვდებით…“.
ბევრი წარმატებული ხელმძღვანელი გარკვეულ რუტინებს აყალიბებს ან ჩვევებს იმუშავებს, რომლებიც მათ სამსახურისგან განცალკევების საშუალებას აძლევს. მაგალითისთვის Starbucks-ის CEO ლაქსმან ნარასიმჰანი ავიღოთ, რომელიც ყოველი დილის 20 წუთს და საღამოს 10 წუთს მედიტაციას უთმობს. Beautycounter-ის დამფუძნებელი გრეგ რენფრუ კი ოჯახს ანიჭებს პრიორიტეტს — „ყოველთვის ვპასუხობ ტელეფონს, როცა ჩემი შვილები მირეკავენ, რათა იცოდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. განმარტოების საშუალება კი ყოველ საღამოს, თუნდაც შხაპის მიღებისას მაქვს. ეს ის მომენტია, როცა შემიძლია, ვიფიქრო, ამოვისუნთქო და განვიტვირთო“.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
ზუსტად იმის გამო, რომ ბოლო დროს ჩვენი საქმეები მეტად კომპლექსური გახდა, უფრო საჭიროა პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსება. სტრესში მყოფ ხელმძღვანელს გაუჭირდება სამუშაო ძალის მართვა, რომელიც კვლავ განიცდის პანდემიის შედეგებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც გართულდება მოწყვლად ეკონომიკაში, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ და პოლიტიკურ გამოწვევებზე… ამიტომ, დროა, პრიორიტეტი საკუთარ თავს მიანიჭოთ.
თქვით „არა“
გარე წყაროებიდან დაფასების მიღების სურვილები თუ ამბიციები მრავალ ხელმძღვანელს აქვს, თუმცა სწორედ ამან შეიძლება მიიყვანოს ისინი არაჯანსაღ ქცევებამდე და გამოფიტვამდე. ექსპერტები კი მათ „რადიკალური თვითგამოკვლევის“ პროცესში ჩართვას ურჩევენ, რათა გაიგონ, რა უშლით ხელს, უარი თქვან გარე შეხვედრებსა თუ შეთავაზებებზე. ავტორი და CEO ქოუჩი ჯერი კოლონა კი თავის პრაქტიკას გვიზიარებს:
„რაც უფრო შევდივარ ასაკში, ვნაცრისფერდები და ცოდნაც მემატება, მით უფრო ვიაზრებ, ჩემს ცხოვრებასა და კეთილდღეობას პრიორიტეტს რომ არ ვანიჭებ. სწორედ ეს მიშლის ხელს ბალანსის დაცვაში. ასე არასწორად აღიქმება სამყარო და მაფიქრებინებს, რომ სიყვარულს მხოლოდ მაშინ დავიმსახურებ, თუ ბოლომდე დავიხარჯები… არადა, გამოსავალი მარტივია, თუმცა ამასთან რთულიც — უბრალოდ თქვით არა. უთხარით არა საკუთარი თავის ყველაზე საშიშ ნაწილებსაც კი, რადგან წარმატებისთვის გამოფიტვა სულაც არ არის საჭირო“.