CEO-ს პროფესიული პროფილი მხოლოდ კარიერული ბიოგრაფია არ არის. ის აძლიერებს ხელმძღვანელის სანდოობას, აჩვენებს მის პიროვნებასა და ღირებულებებს, ეხმარება კომპანიას ნიჭიერი კადრებისა და კლიენტების მოზიდვაში და თავად CEO-ს პერსონალურ ბრენდსაც გამოკვეთს.
ციფრული გავლენის ეპოქაში CEO-ს პროფილი ერთდროულად შეიძლება იყოს მიზნისა და ხედვის გამოხატულება, პერსონალური ბრენდინგის ინსტრუმენტი, რეკრუტინგის საშუალება და კომპანიის წარმომადგენლობა.
პროფილის მომზადება საფუძვლიანი კვლევით უნდა დაიწყოს. ტექსტი უნდა იყოს მკაფიო, კონკრეტული და მოკლე, დაწერილი მესამე პირში და მორგებული იმ პლატფორმებზე, სადაც ის გამოქვეყნდება, მაგალითად, LinkedIn-ზე, კომპანიის ვებსაიტსა თუ მედიამასალებში.
რას უნდა შეიცავდეს CEO-ს პროფილი
- ძირითადი ინფორმაცია
პროფილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული CEO-ს ამჟამინდელი პოზიცია, პროფესიული გამოცდილება და მთავარი მიღწევები.
- უნიკალური ღირებულება
მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს, რა განასხვავებს კონკრეტულ ხელმძღვანელს: მისი უნარები, ძირითადი ღირებულებები, შედეგები, ჯილდოები და მიღწევები. ასევე შეიძლება აღინიშნოს მისი სტატიები, მედიაში გამოჩენა ან სხვა პროფესიული აქტივობა.
- საჯარო გამოსვლები
TED-ის მოხსენებები, პოდკასტებში მონაწილეობა, კონფერენციებზე ან სხვა საჯარო ღონისძიებებზე გამოსვლები CEO-ს პროფესიული პროფილის მნიშვნელოვანი ნაწილია.
- ის, რაც პროფესიული გამოცდილების მიღმაა
კარგ პროფილს დამატებით სიღრმეს აძლევს განათლება, მოხალისეობრივი საქმიანობა, პირადი პროექტები და ჰობი. ასეთი დეტალები CEO-ს მხოლოდ თანამდებობის მქონე ადამიანად კი არა, უფრო სრულფასოვან პიროვნებად წარმოაჩენს.
- პროფესიული ფოტო
ეფექტური CEO-ს პროფილისთვის ფოტოს სწორად შერჩევაც მნიშვნელოვანია. რეკომენდებულია პროფესიონალ ფოტოგრაფთან მუშაობა, რომელიც პორტრეტულ ფოტოებზეა სპეციალიზებული.
LinkedIn-ის რეკომენდაციით, ფოტო უნდა იყოს ნათელი და სუფთა, რბილი განათებითა და სადა ფონით. ტანსაცმელი კი CEO-ს ინდუსტრიას შეესაბამებოდეს.
რა სარგებელი აქვს CEO-ს ძლიერ პროფილს
CEO-ს პიროვნების, გამოცდილებისა და ღირებულებების წარმოჩენა აუდიტორიას ეხმარება, უკეთ გაიცნოს ადამიანი, რომელიც კომპანიის უკან დგას. ამასთან, გამოცდილების, კონკრეტული შედეგებისა და მიღწევების ჩვენება CEO-ს, როგორც ლიდერის, ხედვასა და პროფესიულ ავტორიტეტს აძლიერებს.
თავის მხრივ, CEO-ს გამოცდილებამ და პიროვნულმა იმიჯმა შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, რამდენად მიმზიდველად აღიქვამენ პოტენციური თანამშრომლები და კლიენტები თავად კომპანიას.
სად გამოიყენება CEO-ს პროფილი
დღეს, როცა CEO-ს პროფესიულ პროფილზე საუბრობენ, პირველ რიგში, LinkedIn გვახსენდება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.
პროფილი, როგორც წესი, კომპანიის ვებსაიტზეც ქვეყნდება და მისი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრესრელიზებში, კომპანიის სიახლეებსა და სხვა მედიამასალებში.
ამიტომ ოფიციალური CEO-ს პროფილი ერთგვარი პირველი რესურსია ჟურნალისტებისთვის, ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებსაც კომპანიის ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაციის მიღება სურთ.
საბოლოოდ, CEO-ს პროფილის მიზანი მხოლოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფიის შექმნა არ არის. ტექსტმა უნდა უპასუხოს მარტივ კითხვას: ვინ არის ეს ადამიანი, რას მიაღწია, რისი სჯერა და რატომ არის მისი გამოცდილება მნიშვნელოვანი დღეს?
სწორედ კონკრეტული გამოცდილების, გაზომვადი შედეგებისა და პიროვნული დეტალების კომბინაცია აქცევს CEO-ს პროფილს პერსონალური ბრენდის ძლიერ ინსტრუმენტად.











